QronikaPlus
ალყიდან ქართველი მეომრები უკრაინელმა ტრაქტორით გამოაპარა

ალყიდან ქართველი მეომრები უკრაინელმა ტრაქტორით გამოაპარა

2023-01-07 17:30:47

მიხეილ ხაჩიძე

გიორგი გელაშვილი უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე პატარა ქართველია. მას 20 წელი ფრონტის ხაზზე შეუსრულდა. წარმოშობით მამის მხრიდან იმერეთიდან, დედის მხრიდან კი ახალგორიდანაა. ქართველი მებრძოლი ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილშია. დაძაბული ვითარების მიუხედავად, „ქრონიკა+“-მა მასთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. ახალგაზრდა მეომარი მაქსიმალურად მოტივირებულია და მთელი შემართებით იბრძვის. ქართული ვაჟკაცური სული და პატრიოტიზმი მასთან საუბრისას კარგად ჩანს.

გიორგი გელაშვილი უკრაინაში რუსი აგრესორების წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძვის. იქ წასვლამდე კი პოლონეთში ერთ-ერთ კომპანიაში ინგლისურის თარჯიმნად მუშაობდა. პუტინის აგრესიული და სასტიკი ომის დაწყების შემდეგ მიატოვა ევროპული მშვიდი ცხოვრება, მყუდროება და უკრაინისკენ გაემართა. ამბობს, რომ უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანმა ომმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაახსენა. მაშინ პატარა იყო და საომრად ვერ წავიდოდა, ახლა კი ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
„უკრაინაში წავედი 25 თებერვალს, 26 თებერვალს საზღვარზე გადავედი პოლონეთიდან. ომი რომ დაიწყო, ინტერნეტით შევიტყვე. ვნახე ვიდეოები, როგორ იბომბებოდა ქალაქები, როგორ გამოჰყავდათ ნანგრევებიდან ბავშვების, ქალების ცხედრები და გამიცოცხლა ის ტკივილი, რაც 2008 წელს ვიგრძენი. მაშინ, სულ რაღაც, 6 წლის ვიყავი, ვუყურებდი ჩემს სოფელ ახალგორში რუსის ტანკებსა და ჯარისკაცებს და ზიზღი მიჩნდებოდა მათ მიმართ, მაგრამ მაშინ ვერაფრის გაკეთება შემეძლო, ახლა კი შემიძლია, ამიტომ წამოვედი აქ“, _ გვიყვება ქართველი მეომარი.
ახალგაზრდა მებრძოლს ომში წასვლამდე სამხედრო გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნდა. საქართველოს თავდაცვაში ცოტა ხნით კონტრაქტით მსახურობდა, თუმცა ეს ომისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ „ყველაფერი მოტივაციაზეა დამოკიდებული“.
„ცოტა გამოცდილება მქონდა, საქართველოს თავდაცვაში ვმსახურობდი, ერთი წელი ვიყავი კონტრაქტზე, ძალიან მცირე გამოცდილება იყო ეს ომისთვის, მაგრამ რასაც ჯარში სწავლობ, ომში იმის მხოლოდ 30 პროცენტი გადგება მაქსიმუმ, დანარჩენი შენს მოტივაციაზეა დამოკიდებული. ბევრი ჩამოსულა გულანთებული ვაჟკაცი დიდი სამხედრო გამოცდილებით, მაგრამ მალევე წასულა უკან, რადგან ყველა ვერ იომებს. კონტრაქტის დარღვევით ვარ წამოსული, რადგან დედა გარდამეცვალა და ქვეყნიდან წასვლა მომიწია“, _ გვიყვება ქართველი მებრძოლი.
გიორგის მიმართულება ფრონტის ხაზზე პერმანენტულად იცვლება, არის როგორც საფრენი აპარატების „დრონის“ ოპერატორი, ასევე სნაიპერი, მაგრამ ძირითადად პარტიზანულ ჯგუფში იყო გადანაწილებული. ახლა კი დაზვერვით ჯგუფშია. ქართველ მეომარს ასევე ევალება დივერსიული აქტები, ჩასაფრებები, მტრის განადგურება, და ა. შ. ამბობს, რომ ხალხი დიდ მოტივაციას აძლევს.
„საბრძოლო განწყობა უმაღლესია, არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ამ ომში. მოტივაციას გვაძლევს ხალხი საქართველოდან და უკრაინიდან, ვისაც სჯერა ჩვენი გამარჯვების და ლოცულობს ჩვენზე“, _ გვეუბნება მეომარი.
გელაშვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა მებრძოლს, უამრავი სისასტიკის ნახვა უწევს. მეომრების ყოველდღიურობა სიკვდილთან თამაშივითაა. ამბობს, რომ სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში.
„საკმაოდ ბევრი სიტუაცია გამოვიარე. იყო მომენტები, როცა ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში. დაბომბვები, ჩასაფრებები, შიმშილი, წყურვილი და ბევრი კიდევ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიარე იმ ვაჟკაცი ბიჭების ყურებით, რომლებიც ჩემ გვერდით იბრძოდნენ და იბრძვიან. შეუძლებელია, მათ უყურო და მათ თვალებში ვერ დაინახო გულანთებული პატრიოტების სული, მათით გამოვიარე ეს ყველაფერი და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვდგავარ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“, _ აცხადებს ყველაზე პატარა ქართველი მეომარი.
20 წლის მებრძოლს ხერსონის განთავისუფლების დროს რუსების ალყაში ყოფნა მოუწია. სასტიკი დღეები გამოიარეს მეომრებმა. რამდენიმედღიანი მალვის შემდეგ ქართველები ალყიდან უკრაინელმა მამაკაცმა ტრაქტორით გამოაპარა. ისტორია ამაღელვებელი და, ამავე დროს, უმძიმესია, თუმცა ბედნიერი ფინალით დასრულდა. ამ ამბავს ახლა ღიმილით იხსენებს, თუმცა იმ პერიოდში სიკვდილს მიუახლოვდა.
„ხერსონის განთავისუფლების დროს მიმდინარე ბრძოლებში ერთ-ერთ სოფელში ალყაში მოვხვდით. შევედით სოფელში, სადაც მტერმა აღმოგვაჩინა და დაიწყო დაბომბვა, ასევე გვესროდა ტანკი, რომელმაც ასევე დაგვაფიქსირა და გაშლილ მინდორზე ჩვენ წინააღმდეგ ინტენსიურად ხსნიდა ცეცხლს. არ გვქონდა არანაირი საფარი, რადგან მინდორი მთლიანად იყო გადამწვარი, მაგრამ ღვთის წყალობით ყველამ უვნებლად მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე, დავიკავეთ პოზიცია „სახლი“, მაგრამ რადგან აღმოგვაჩინეს, დაიწყო სოფლის ინტენსიური დაბომბვა. ვიყავით კავკასიური ლეგიონის მებრძოლები 10 კაცი და მეთაური ლადო გამსახურდია, რუსები იდგნენ სამი მხრიდან, დაახლოებით, 180 კაცი, ხოლო ერთადერთი გზა, რომელიც უნდა გაგვევლო, 24 საათი ინტენსიური ცეცხლის ქვეშ იყო, ცაში კი რუსების სადაზვერვო დრონები ეკიდა, რომლებიც გვაფიქსირებდა და გვირტყამდა უმაღლესი სიზუსტით, შემდეგ კი არტილერია; ასევე ამ მინდვრიდან მოშორებით ეყენათ რამდენიმე ტანკი, ასე რომ, გასვლა შეუძლებელი იყო, არ გვქონდა არანაირი წყლისა და საკვების მარაგი, ყველას აღგვენიშნებოდა კონტუზია, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველანი ძალიან დავსუსტდით, მალხაზ ქავთარაძემ, რომელიც დღეს მეთაურობს კავკასიის ლეგიონის გამნაღმველთა ჯგუფს, გაიხადა სამხედრო ფორმა და სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა სოფელში სიტუაციის გასაგებად, შეძლო ძალიან მცირე საკვებისა და წყლის მოპოვებაც. ორი ღამე ვცდილობდით გამოსვლას, მაგრამ ინტენსიური დაბომბვის დროს ეს შეუძლებელი იყო. ასევე მალხაზ ქავთარაძემ გაიცნო ტრაქტორისტი, რომელიც ცხოვრობდა იმ სოფელში და სწორედ მან გადაწყვიტა, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი გამოყვანა. თუმცა ეს იდეა კავკასიის ლეგიონის მეთაურ ლადო გამსახურდიას ეკუთვნოდა, ტრაქტორისტმა ტრაქტორის უკანა ნაწილში მოგვათავსა მებრძოლები და ასე გამოგვიყვანა. ეს ძალიან სახიფათო იყო, რადგან შეიძლებოდა რუსებს ეჭვი მიეტანათ და ინტენსიური ცეცხლი გახსნილიყო ჩვენ მიმართ, მაგრამ ამ გეგმამ იმუშავა და გაამართლა. ძველი ქართული ანდაზაა, _ ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო. რაც მთავარია, ყველანი უდანაკარგოდ გამოვედით, მხოლოდ კონტუზია აღგვენიშნებოდა, ხოლო უახლოეს პერიოდში ეს სოფელი შეტევით ავიღეთ“, _ გვიყვება გელაშვილი.
20 წლის ქართველი ახლა „კავკასიურ ლეგიონშია“. ეს ქვედანაყოფი რამდენიმე თვეა შეიქმნა, მაგრამ ბევრი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვთ დანაკარგი.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ უდანაკარგოდ ჩავატაროთ ყველა სპეცოპერაცია, გვყავს მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი. მეთაურია ლადო გამსახურდია. ლადოს შექმნილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი კავკასია“, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური ერების განთავისუფლებას რუსების მარწუხებისგან და ამ თემით მიდიოდა საკმაოდ აქტიური მუშაობა, ომის დაწყების შემდეგ კი ლადომ შექმნა ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთა, კავკასიის ლეგიონი, რომელშიც იბრძვიან თითქმის მთელი კავკასიიდან შეკრებილი მებრძოლები; ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი დროშა და სამხედრო ფიცი. ზუსტ რაოდენობას ვერ ვიტყვი, რამდენი ადამიანი ვართ, მაგრამ საკმაოდ კარგი ბრძოლისუნარიანი ფრთაა შექმნილი“, _ გვეუბნება ქართველი მეომარი.
დიდება გმირებს!
გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს!

გაზიარება