- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-01-07 17:29:19
გიორგი საკარული
ახალ წელს არაფერი უხდება ისე, როგორც სადღესასწაულო განწყობა, ბზინვარება და შუშხუნა ღვინო. საკმაოდ მძიმე წელი იყო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ამაზე დღეს და ახალი წლის ბოლო ნომერში ნამდვილად არ ვისაუბრებთ.
მნიშვნელოვანია, ახალ წელს ღირსეულად შეეგებოთ _ გამოეწყვეთ და დაანახეთ 2023 წელს, რომ მზად ხართ თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლისთვის! _ დიახ, ეს ნამდვილად ყველამ დავიმსახურეთ.
ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია და ადამიანები მას იმედის თვალით უყურებენ. ცდილობენ, სურვილები ჩაუთქვან და ის, რაც ვერ მოახერხეს გასულ წელს, ახალ წელს აიხდინონ.
სად, როგორ და რა მოლოდინებით ხვდებიან ცნობილი ადამიანები ახალ 2023 წელს? როგორი იყო მათთვის 2022? რა ტრადიციებს იცავენ? რას ნიშნავს მათთვის ახალი წელი?
ამ და სხვა საინტერესო საახალწლო კითხვებით „ქრონიკა+“ თქვენთვის კარგად ნაცნობ სახეებს დაუკავშირდა და თითოეული მათგანის წინასაახალწლო განწყობა გაიგო.
სალომე კორკოტაშვილი (სალიო) მომღერალი:
_ ახალი წელი ჩემთვის არის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი და მართლა ყოველთვის ველოდები, რომ ქუჩაში როცა გავალ, არავინ იქნება გაყინული, არავინ იქნება მშიერი, ყველა იქნება ბედნიერი. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მაგარი _ წარმატებული და ტრენდული, ყველას მოუნდეს აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მართლა მაგარი ხალხი ვართ და ბევრი რაღაც შეგვიძლია, რომ პირველი ქვეყანა გახდეს საქართველო. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, მეტი სითბო უნდა გავცეთ ერთმანეთის მიმართ. განსაკუთრებით ამ პანდემიისა და კოვიდის შემდეგ, როცა ყველაფერი შეიცვალა, ვცდილობ, მართლა ვცდილობ, რომ გავაზიარო სიყვარული, ღიმილი. ადამიანებისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს ის დღე, მაგრამ ქუჩაში რომ გნახავენ, უნდა გაუღიმო და ამით იმედი მისცე. არ უნდა დაგვეზაროს, რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. მგონია, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შანსი გვაქვს.
_ როგორც თქვი, პანდემიის დროს ბევრი რაღაც შეიცვალა. რა შეიცვალა პირადად შენთვის და რა შეიცვალა, ზოგადად, ქალაქისთვის?
_ ის შეიცვალა, რომ ადამიანები უფრო ეგოისტები გახდნენ. უფრო დააფასეს ცხოვრება და, რაღაც მხრივ, თავიანთ თავზე ფიქრობენ, იმიტომ, რომ შეეშინდათ, ცხოვრება შეიძლება ძალიან ხანმოკლე იყოს, ყოველდღე გვესმოდეს სხვადასხვა ადამიანის სიკვდილი, რომ აი, ამდენი გარდაიცვალა და მართლა კატასტროფაში ვცხოვრობთ… მაგრამ მე მჯერა მეგობრების, გარშემო ხალხის, ვინც კეთილად არის განწყობილი ამ ქვეყნის მიმართ, რომ თუ იქნება ერთი დიდი გუნდი, ვისაც კიდევ ერთხელ არ დაეზარება გაზიარება სიკეთისა და სიყვარულის, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ მეტი მართლა არაფერი რჩება. მესმის, რომ რაღაც გაყინული და დარობოტებულია დღეს ხალხი, მაგრამ ვეცადოთ. მე ვცდილობ და სხვისი არ ვიცი: I’მ ჯუსტ ტრყინგ მყ ბესტ.
_ პირადად შენ როგორ ხვდები ახალ წელს? რამე ტრადიცია თუ გაქვს, ოჯახთან ერთად ხვდები თუ კონცერტებზე გიწევთ ყოფნა?
_ კი, ძირითადად, უკვე ამდენი წელია, სცენაზე ვარ ჩემს უსაყვარლეს ბენდის წევრებთან ერთად, ძალიან მიყვარს ყველა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შეგიძლია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და ხალხს გაუზიარო სიყვარული და უბრალოდ გაახარო ისინი. ახალი წელი ყველას უხარია და განსაკუთრებული დღეა, იმიტომ, რომ ყველა ელოდება რაღაც ცვლილებას უკეთესობისკენ. მადლობელი ვარ, რომ ეს პროფესია მაქვს და ვწერ სიმღერებს.
თამარ მაყაშვილი, მსახიობი:
_ როგორი იყო თქვენთვის 2022 წელი?
_ 2022 წელი ჩემთვის წლის დასაწყისში იყო ძალიან კარგი, იმიტომ, რომ დავიწყე მუშაობა ჩემი ოცნების თეატრში _ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში და ეს იყო არაჩვეულებრივი. ვითამაშე გაბრიელ გოშაძის მიერ დადგმულ საუკეთესო სპექტაკლში, ბერტოლდ ბრეხტის „დედა კურაჟში“, სადაც ვითამაშე ივეტას როლი. მერე რაღაცები აირდაირია, თუმცა ამაზე საუბარი აღარ მინდა, რადგან დავიწყებას მივეცი ეს ამბავი. წელი სრულდებოდა ცოტა არეულად, მაგრამ მოხდა ძალიან საინტერესო რამ: სრულიად შემთხვევით მეგობრებმა ჩამსვეს ძალიან საინტერესო პროგრამაში და მათ შობაზე აღმოვჩნდი ტალინში, აქედან მივემგზავრები რიგაში და მინდა გითხრათ, რომ მაჩუქეს არაჩვეუებრივი ტალინი და რიგა. ასე ვასრულებ ამ წელს და იმედს ვიტოვებ, რომ 2023 წლიდან ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც არის. მთავარია, ერთხელ გაიხსნას. მეგობრების მეშვეობით, რომლებიც მთელი ცხოვრება გვერდით მედგნენ, გამოვძვერი იმ სიტუაციიდან, ფსიქოლოგიური დარტყმიდან, რასაც არ ვიმსახურებდი, მაგრამ არა უშავს, ხდება. ბრეხტის არ იყოს, სიბილწის ატანა უნდა შეგეძლოს, თუ გინდა, რომ თავი გადაირჩინო. მთელი უბედურება ის არის, რომ სიბილწე თავის დღეში არ ჩამიდენია, არასოდეს გადავყრივარ ამას, მაგრამ, ეტყობა, აუცილებელი იყო. თავის დროზე მილიონ გამოწვევაზე ვარ წასული, რომელიც გარდამტეხ პერიოდში აუცილებელი იყო ჩემთვის. ასეთ რამეს არ დავჯახებივარ, თუმცა გამაოცა სრულიად საქართველოს გვერდით დგომამ, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ და კიდევ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიდან ნაწყენი იყვნენ. ეს სპეციალურად აგორებული ამბავი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო, რადგან გონიერმა საზოგადოებამ ის სწორედ ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო. არა უშავს, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დალაგდა, თეატრშიც დალაგდა, ცხოვრებაშიც დალაგდა, სმენაც დამაკლდა და ნეიროდერმიტი ავიკიდე, მაგრამ ჩვენ ადამიანები იმისთვის ვართ ძლიერები, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები მაძლიერებენ და გვერდით მიდგანან, ეს მართლა უდიდესი სიამოვნებაა, როცა ოჯახში ძალიან ბევრი ხალხია და არ ხარ მარტო, ამას ემატება მეგობრები, ახლობლები, კეთილისმსურველები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ქუჩაში გაჩერებს და გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარი არის ეს! ასე ჩაიარა ჩემმა 2022-მა წელმა. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ მე ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, როდესაც ანტრეპრეზაში ვმუშაობდი, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა თეატრებში, დავუბრუნდი დიდ სცენას, რაზედაც მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გვერდით დამიდგა და დამაბრუნა დიდ სცენაზე. გაგა გოშაძის არაჩვეულებრივ სპექტაკლ „დედა კურაჟში“ მე მხვდა წილად ერთ-ერთი ძალიან საინტერესო როლი. სწორედ ეს ჩემი პერსონაჟი ამბობს, რომ სიბილწის ატანა უნდა შეგეძლოს, თუ გინდა, რომ თავი გადაირჩინო და თითქოს, აი ასე, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ხალხი ვართ, უნდა გავიცინოთ, უნდა გავიღიმოთ, ჩვენ მსახიობები ვართ, ადამიანები ვართ და უნდა შეგვეძლოს გაძლიერება და ერთმანეთის გატანა. ამ შემთხვევაში დავინახე ის, რომ სრულიად საქართველო დადგა თამარ მაყაშვილის გვერდით, დადგა იმის გვერდით, რასაც არ იმსახურებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ვაწყენინე კიდევაც, მაგრამ მაინც გვერდით მედგა. მე უკვე ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი ტალინი, ახლა მივდივარ რიგაში. ასე დასრულდება ჩემი 2022 წელი. 2023 წლიდან პირდაპირ არაჩვეულებრივი შეთავაზება მაქვს ქუთაისში, პატარა პაბში, სადაც წარვდგები, როგორც მომღერალ-მსახიობი. საღამოს ვაკეთებ ჩემი საავტორო სიმღერებით, რაშიც მეგობრები დამეხმარებიან. ქუთაისი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, სადაც დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ ეს პატარა საღამო ჩამეტარებინა. იმედი მაქვს, ასე აქტიურად დაიწყება ჩემი 2023 წელი.
_ რაც შეეხება ახალ წელს, თუ გაქვთ რაიმე ოჯახური ტრადიცია და, ზოგადად, რასთან ასოცირდება თქვენთვის ახალი წელი?
_ პირველი იანვარი ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა ტრადიციული. კეთდებოდა გოზინაყი, როგორც ყოველთვის, პატარა ტკბილი სუფრა იშლებოდა. ჩვენთან მსვლელობა იწყება 14 იანვრიდან და არასოდეს მთავრდება. პირველში უფრო ბავშვები მყავს დატოვებული, არც მე ვგიჟდები, რომ სადმე ვიარო. უფრო მირჩევნია, რომ გოგოები წავიდნენ, ბავშვები დავიტოვო, წყანარად ვართ. თუ ვინმე მოვა, ძალიან კარგი, რაღაც ისეთ ელემენტარულ რაღაცას ვაკეთებთ. 14-ში უკვე ძალიან სერიოზული ახალი წელი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს უკვე მამაჩემიდან მოყოლებული მოდის და 14-15 იანვარს დაუპატიჟებლად მოდის უკვე ნახევარი საქართველო და ჩვენ ვიწყებთ იმ ცხოვრებას და იმ ახალ წელს, რომელიც რეალურად უნდა იყოს.
_ რა არის თქვენი მთავარი სურვილი 2023 წელს?
_ ვისურვებდი სიმშვიდეს, რომ ნებისმიერი ადამიანი დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დალაგდეს და ნუ აყვება იმ საგიჟეთს, რომელსაც ჩვენ განვიცდით ახლა, რომელსაც თავის დროზე განიცდიდა ამერიკა და ჰქონდა დიდი ამერიკული დეპრესია. ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან დიდი დეპრესია, მასობრივად. მესმის, რომ საოცრად დუხჭირი ცხოვრება გვაქვს, საოცრად არ გვიხარია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მეტი გავიღიმოთ და გავიმეორებ ჩემს საყვარელ სიტყვებს: ნუ რთუდლდებით, მარტივად. შევხედოთ ამ ყველაფერს მარტივად და რამენაირად ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. პირველ რიგში, ყველას ვუსურვებ ჯანს, რადგან, როდესაც ჯანი მრთელი აქვს ადამიანს, ის უკვე ბევრად უფრო კეთილშობილია. ნუ ვიქნებით დაღვრემილები და ნუ ვართ გამოკიდებული ყველაფერ იმას, რაც არ იმსახურებს ჩვენგან ყურადღების მიქცევას.
ლაშა ღლონტი, მომღერალი:
_ ძალიან მიყვარს ახალი წელი. უბრალოდ, სახლში ვერასდროს ვხვდები, რადგან უკვე დაახლოებით 15 წელზე მეტია, სულ კონცერტებზე ვარ და ძირითადად გარეთ მიწევს ყოფნა. _ ხან რესტორანში ვხვდებით, ხან კლუბში, ხან ღია ცის ქვეშ, ხან უცხოეთში და ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ.
_ რას ნიშნავს თქვენთის ახალი წელი? რასთან ასოცირდება ის თქვენთვის?
_ პირველ რიგში, ბავშვობასთან ასოცირდება, ლამაზ მოგონებებთან. ახალი წელი არის დღესასწაული, როდესაც ყველა ადამიანი, ასაკის მიუხედავად, ხდება ბავშვი. წლები როცა გემატება ადამიანს, ის თოვლის ბაბუა, რომელსაც საჩუქრები მოაქვს, თავიდან არ ამოდის არასოდეს და ყოველთვის გახსოვს, ყოველთვის პატარა გგონია თავი. როცა შვილებსა და შვილიშვილებს უყურებ, მათთან ერთად შენც პატარა ხარ და ბედნიერად გრძნობ თავს.
_ როგორი წელი გქონდათ, როგორ შეაჯამებდით 2022 წელს?
_ 2022 ძალიან წარმატებული წელი იყო ჩემთვის _ სოლო კონცერტი მქონდა ირლანდიაში, სადაც სრული შემოსავალი, 10 000 ევრო, გადავურიცხეთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. რაღაცნაირად, ვალი მოვიხადე ამ ბავშვების წინაშე. ეს ღონისძიება გააკეთა იქაურმა სათვისტომომ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. ასევე სულ ახლახან, 4 დღის წინ, „ალილო“ დავბრუნდით აშშ-დან, სადაც კონგრესში გვქონდა ძალიან სერიოზული კონცერტი და დიდი წარმატება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დიდი წარმატება არასდროს მქონია და რაც მთავარია, დარბაზში 90% ამერიკელები იყვნენ.
_ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია, რასაც ყოველ წელს აკეთებთ?
_ განსაკუთრებული ტრადიცია მაქვს: მე ვარ მეკვლე სახლში, რაც არ უნდა მოხდეს, არავის უშვებენ ჩემამდე. კარგი მეკვლე ვარ სახლში და სანათესავოში. „კუჩხი ბედინერი“ რომ არის ფილმი, მგონი, მასევე ჩემს დაქირავებას აპირებენ მეკვლედ.
_ ამ ახალ წელს სად ხვდებით?
_ ამ ახალ წელს, ასევე ბედობას _ 2 იანვარს და 3-შიც კონცერტები გვაქვს „ალილოსაც“ და მეც მაქვს ცალკე.
_ რა მოლოდინები და გეგმები გაქვთ ახალი წლისთვის?
_ გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ მთავარია, მშვიდობა იყოს მსოფლიოში.
თამარ ლეკვეიშვილი, მსახიობი:
_ თამარ, გიყვარს ახალი წელი? როგორია შენი წინასაახალწლო განწყობა?
_ ყოველთვის მაქვს ძალიან კარგი განწყობა, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ახალი წელი თავისი ყველაფრით: საჭმელებით, ტრადიციებით, ოჯახში ყველას ერთად შეკრებით, ნაძვის ხით და შემდეგ მეგობრებთან მისვლა-მოსვლით.
_ თუ გაქვთ რამე ოჯახური ტრადიცია?
_ სტანდარტულად 12:00 საათზე ჭიქებს ვუჭახუნებთ, ვულოცავთ, ერთმანეთს ვეხვევით, ვკოცნით. ძირითადად სულ ოჯახთან ერთად ვხვდები, რადგან, ხშირად, უარს ვამბობ 31 დეკემბერს კონცერტებზე, რათა ოჯახთან და ბავშვებთან ერთად შევხვდე ხოლმე ახალ წელს.
_ როგორი წელი იყო 2022?
_ ქვეყნისთვის ვერ იყო მთლად კარგი წელი, მაგრამ ჩემთვის ნორმალური წელი იყო _ არც კარგი, არც ცუდი.
_ რა მოლოდინები გაქვთ 2023 წლისთვის?
_ ყოველთვის მაქვს სიახლისა და უკეთესის მოლოდინი და იმედი. ახლაც ასე ვარ, იმავე მოლოდინით, რომ 2023 წელი იქნება უკეთესი, ვიდრე 2022 იყო.
თაკო აბაშიძე, მსახიობი:
_ გიყვართ თუ არა ახალი წელი და როგორი საახალწლო განწყობა გაქვთ?
_ ძალიან მიყვარს ახალი წელი და, ზოგადად, ყველა დღესასწაული მიყვარს, რომელიც ბედნიერებას, სიხარულსა და იმედებს აღძრავს ადამიანებში. ჩვენი ოჯახური ტრადიცია იყო ის, რომ ყველა ერთად ვხვდებოდით ხოლმე, თუმცა უკვე მრავალი წელია, ყველა ახალ წელს რაღაც ივენთი მაქვს: ან რამე მიმყავს, ან სადმე ვმღერი, ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ხოლმე, რომ ყოველთვის ოჯახთან ერთად შევხვდე. იქიდან მოვდიოდი ხოლმე გამთენიას სახლში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ავად არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დილამდე ვეღარ დამელოდებიან, თუმცა მეორე დღეს მაინც აუცილებლად აღვნიშნავთ.
_ ოჯახს გაქვთ ახალი წლის ტრადიცია, რომელსაც ყოველთვის იცავთ?
_ დედას ჰქონდა ასეთი ტრადიცია, რომ ახალ წლამდე აუცილებლად უნდა გადაეყარა: ცოცხი, იატაკის საწმენდი ჯოხი, ყველაფერი, რითაც ალაგებდა სახლს. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ახალი ნივთებით ახალი რაღაცები იწყებოდა. რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვითვალისწინებთ ხოლმე რეკომენდაციებს იმის მიხედვით, თუ რისი წელი მოდის. ვერ გეტყვით, ძალიან ცრუმორწმუნე ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც ვცდილობ, გარკვეულწილად, ფეხი ავუწყო ხოლმე იმას, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ.
_ როგორი წელი გქონდათ, როგორ შეაჯამებდით 2022 წელს?
_ უმძიმესი წელი მქონდა, ასეთი მძიმე წელი არ მქონია არასოდეს. წელს მქონდა ყველაზე ცუდი წელი ალბათ, რაც ცხოვრებაში მქონია, იმიტომ, რომ დედა და მამა გახდნენ მძიმედ ავად. მამას ინსულტი დაემართა. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ 2023 წელზე, რომ იქნებ ბევრი ნათელი ფერი, სიხარული და კარგი ამბები შემოიტანოს.
ახლა ჩემს ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როგორიც ჯერ არასდროს მქონია. სრულად ვარ გადართული ჩემს მშობლებზე, რომლებსაც ძალიან ვჭირდები. 2023 წლიდან მინდა, რომ დავიწყო ახალი სატელევიზიო პროექტი, თუმცა არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ამბავი და ამიტომ არც მაქვს უფლება, გაგიჟღეროთ. ასევე ჩვენ გავაკეთეთ 70-იანი წლების დისკო ჯგუფი „ნიუ ეიჯი“, რომელშიც ვართ მე, გიორგი გაგლოევი, გიორგი წიკლაური და ხათუნა ჯალაღონია. ეს ჯგუფი საინტერესო ივენთებს მართავს, ახალ წელსაც გვაქვს ივენთი. 2023 წლიდან აქტიურად წარვმართავთ „ნიუ ეიჯის“ საინტერესო პროგრამას როგორც რეგიონებში, ისე თბილისის სხვადასხვა კლუბსა თუ საკონცერტო დარბაზში.