კვირაპერი, 20 აპრილი, 2025
2022-12-02 19:22:49
გიორგი საკარული
მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.
სხეულის უჯრედები იზრდება, იყოფა და ახალ უჯრედებს წარმოქმნის, ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა, რომელიმე მათგანმა არაკონტროლირებადი და უწესრიგო გაყოფა დაიწყოს და შესაბამისი ორგანოს კიბო წარმოქმნას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას მრავალი წელი სჭირდება, თანაც საწყის ეტაპებზე ეს სიმსივნე ავადმყოფისთვის შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, ამიტომ, სამწუხაროდ, ქალები ხშირად დაგვიანებით ხვდებიან ონკოლოგთან, თუმცა ამ დაავადების დროული აღმოჩენისა და მისგან განკურნების შესაძლებლობა დღეს უკვე არსებობს.
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს? როგორ შეიძლება საშვილოსნოს კიბოს თავიდან აცილება? რა ასაკშია შესაძლებელი ვაქცინაცია?
ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ექიმი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი და საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ჭელიძე:
_ ქალბატონო ქეთევან, რამდენად გავრცელებულია საშვილოსნოს ყელის კიბო?
_ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. მსოფლიოში ყოველწლიურად ავადდება 500 000 ქალი.
_ პაპილომა ვირუსის რამდენი ტიპი არსებობს?
_ პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68).
ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალიური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულია გენიტალიური მეჭეჭების განვითარებასთან.
_ როგორი სქემით მიმდინარეობს ვაქცინაცია?
_ 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია ხდება 2 ეტაპად მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქციანცია მიმდიანრეობს 3 ეტაპად შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
_ რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
_ ადამიანის პაპილომა ვირუსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და შესაძლებელია აგრეთვე განმეორებითი ინფიცირებაც. ინფექციის შეძენის ყველაზე მაღალი ალბათობა, როგორც ქალების ასევე მმაკაცებისთვის, სქესობრივი აქტივობის დაწყების პერიოდზე მოდის.
_ რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
_ დაავადებას ადრეულ სტადიებზე სიმპტომები არ გააჩნია. მისი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ექიმისათვის მიმართვის შემთხვევაში. საშვილოსნოს ყელში არსებული სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის მიხედვით პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნოთ შემდეგი სიმპტომები: