QronikaPlus
კახური სევდის ესკიზები

კახური სევდის ესკიზები

2022-10-30 10:23:34

მაკა მოსიაშვილი

„ხოლო ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა. რამეთუ თვინიერ ნარინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილის, ნაყოფიერებენ ყოველნი“, _ წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
როცა გგონია, რომ ამ კუთხეზე ყველაფერი თქვი, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ვერაფერი გითქვამს,
ანდა _ როგორ უნდა გამოთქვა?..
კახეთი უნდა ნახო, კახეთი უნდა გიყვარდეს…
„ქვეშ-ქვეშ გველაძუობა, პირმოთნეობა კახელს ჭირივით ეჯავრება, რადგან თვითონ არის გულწრფელი, გულგაშლილი და პირდაპირი“, _ შენიშნავს იაკობ გოგებაშვილი.

იყო ხელგაშლილი, უხვი და მადლიანი, არ გენანებოდეს შენი სიმდიდრე არავისთვის… იქნებ, ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება?..
მაგრამ ასეთია ჩვენი კახეთი _ აღმოსავლეთ საქართველოს მრავლის მნახველი და მრავალჭირგამოვლილი ულამაზესი კუთხე.
გგონია, ზევით, კავკასიონზე, ღმერთი ზის და გიყურებს. თვალუწვდენელი მინდვრები, ბაღ-ვენახები, ტყეები, ზლაზვნით მომდინარე ალაზანი, გრძნობ, რომ აი, ეს არის სამშობლო…
არ ღელავ, არ ჩქარობ, გეუფლება დიდი სიმშვიდე და ფიქრობ, რომ ვერაფერი დაარღვევს ამ განწყობას…
განუმეორებელი, საღი იუმორი იმდენად გაუჯდა ყველას სისხლსა და ხორცში, რომ ანეკდოტებად იქცა და მთელ საქართველოს მოედო კეთილი, ღიმილიანი ამბები დინჯ კახელებზე…
მაგრამ მათ ბუნებას ალაზნის ველზე გაგონილი სევდიანი ურმულით ან კახური ჩაკრულოთი
ან მრავალჟამიერით უფრო ამოიცნობ.
მათი მოსმენისას ყელში ბურთი მოგებჯინება, ქართველობის გამო სიამაყით აღივსები და დიდი საქმეების კეთება მოგინდება.
იქნებ, ღირს, რომ ადგე და ფეხით მოიარო მთელი კახეთი?
დღეს თელავი და მისი სოფლები იყოს გზად, დარდს ბევრს ნახავთ აქ, სიხარულს _ ცოტას…
„იმდენი მთავრობა გამოვიცვალეთ და ყურადღება არასოდეს არც ერთისგან გვიგრძნია. ცხოვრებაზე გვეტყობა, როგორც ფიქრობენ და როგორც აინტერესებთ ჩვენი აზრი. რომ ვაინტერესებდეთ, ყურძენი 80 თეთრი არ ეღირებოდა. რთველში მუშა რომ წავიყვანოთ, 40 ლარი უნდა, ძარა რომ დავიქირავოთ _ 300-350 ლარი და ჩვენ რაღა გვრჩება?! ყურძნის მოყვანა რა გვიჯდება, ეგ ცალკე საკითხია. საჭმელი ხომ გვინდა, რომ ვიარსებოთ. მაღაზიებში ყოველდღე მომატებული ფასები გვხვდება“, _ 39 წლის მზია სოფელ ხოდაშენში ცხოვრობს და ასე ამოაქვს გულიდან ნაღველი.

„საარჩევნოდ გამოვლენ ხალხში, ვითომ დაინტერესდებიან, ჩაივლის არჩევნები და ვიღას ახსოვხარ?! კიდევ კარგი, არჩევნები არსებობს, თორემ საერთოდ დავიკარგებოდით. დაპირებებს კი გვაძლევენ, მაგრამ იმას ვერ გვეუბნებიან, როდის და როგორ უნდა გამოგვიყვანონ ამ გაჭირვებიდან. ადამიანი თუ უმძიმეს მდგომარეობაში არ არის, ექიმთან ვერ წასულა და თუ წავა, წამალი რომ იყიდოს, იმისი ფული აღარ რჩება. რა უნდა ქნას, როგორ უნდა იცხოვროს იმ ადამიანმა, რომლის შემოსავალიც მარტო პენსიაა და ქალაქში ცხოვრობს, ასფალტი ჭამოს?“ _ არადა, არჩილი ახლა 64 წლისაა და თითქმის 40 წელზე მეტია, პედაგოგი იყო სკოლაში. დღეს სახლიდან გასვლაც კი ეხათრება, თავისი მოსწავლეების დანახვისას გაუბედურებული სახე არ უნდა, ვინმეს დაანახვოს.

შორს არა, აქვე, თელავთან ახლოს, კონდოლში, ავტობუსის გაჩერებასთან, ვიკითხეთ, _ სადმე მუშაობთ?
აი, პასუხიც:
„40 წლისა ვარ და როდესაც სამუშაოს ვეძებ, მეუბნებიან, არა, 25-დან 35 წლამდე კადრი გვჭირდებაო. ჩემი ასაკისამ რა უნდა ქნას?! მხოლოდ ბანკსა და რესტორნებშია სამუშაო. ტურისტები რომ შემოდიოდნენ, სასტუმროები, რესტორნები კარგად მუშაობდა და დამლაგებლები, ჭურჭლის მრეცხავები მაინც სჭირდებოდათ, მაგრამ ვირუსის გამო მათაც შეამცირეს კადრები“.

„სოფელში სამუშაო ადგილები არ არის, მიდიხარ რაიონში და ხელფასის ნახევარზე მეტი გზაში გეხარჯება. მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი არ არსებობს, რომ ცოტა შეღავათიან ფასში ვიაროთ. ჩემი სოფლიდან თელავამდე და გურჯაანამდე მგზავრობა 3 და 5 ლარი ღირს. მაღაზიაში რომ ვიმუშავო, 200-300 ლარი უნდა გადამიხადონ და რისთვის ვიარო?! სახლში ბავშვებს მაინც მივაქცევ ყურადღებას. სოფელში მარტო სკოლა და ბაღია და იქ განა, რამდენმა ადამიანმა უნდა იმუშაოს?! ისევ სხვის ნაკვეთებში კერძო სამუშაოზე დავდივართ და არსებობისთვის საჭირო თანხას იქ ვიღებთ“.

ზინა და ელიკო ბებო ნაფარეულში ცხოვრობენ. საუკუნემდე რომ მიაღწიონ, სადღაც, 3 წლამდე უკლიათ, მათი პრობლემა ჯანდაცვაა. ელიკო ბებოს საუბარი არ უყვარს, მის მაგივრად მისი ენაწყლიანი შვილიშვილი გვიყვება ბებოების სათქმელს:
„თელავის საავადმყოფოში წყალს უსხამენ წამლის მაგივრად. როგორი მძიმე პაციენტიც უნდა იყოს, ამბობენ, კარგად არისო და უკან უშვებენ. რამდენჯერ გაგვიშვეს სახლში და იმავე დღეს რეანომობილით წამოვიყვანეთ ბებია. ასაკოვნებისთვის მკურნალობას ვითომ დაზღვევა ფარავს, მაგრამ, მკურნალობის გარდა, ექიმთან მარტო მაშინ მივდივართ, როცა სხვა გზა აღარ გვაქვს. სახელმწიფო დაზღვევით მხოლოდ წნევის გაზომვაა უფასო. ანალიზები ძალიან ძვირი ჯდება და ამას ემატება წამლების ფასი. ყოფილა შემთხვევა, ექიმთან მივსულვარ, მაგრამ მერე წამალი ვეღარ მიყიდია.
ქალაქში რომ ეს მდგომარეობაა, ხომ წარმოგიდგენიათ, სოფლის ამბულატორიებში რა იქნება.
ზოგიერთი სოფლის ამბულატორიის შენობაში რომ შეხვალთ, ზემოთ უნდა იყუროთ, რომ რამე არ დაგეცეთ. ჩემი ნათესავი მუშაობს და მისგან ვიცი. დენის გადასახადს ექიმები თვითონ იხდიან და შეშას თვითონ ყიდულობენ. წყალიც კი არ აქვთ შენობაში და „უმივალნიკიდან“ იბანენ ხელებს“.

ლაფანყურელების დარდი საბავშო ბაგა-ბაღებია:
„სოფლის ბაღები კომუნისტებისდროინდელ შენობებშია. ვითომ ცდილობენ, შეაკეთონ, მაგრამ მაინც ძველია. ამის გარდა, ქალაქის ბაღებში ბევრად კარგი სწავლაა. სოფლისა და ქალაქის განათლების დონე როცა განსხვავდება, ბავშვები ერთად რომ ხვდებიან, ითრგუნებიან, რადგან ბევრი რამე მათთვის უცხოა“, _ ამბობს ციალა და გვინდა, მეტი გვითხრას, მაგრამ ხელით გვანიშნებს, ლაპარაკს აზრი არ აქვსო, ამიტომ ისევ თუშური წინდების ქსოვას აგრძელებს.

„როდესაც სკოლა დავამთავრე, ერთადერთი, რაც ვიცოდი, იყო გამრავლების ტაბულა. ვერ მომცეს ის განათლება, რომელიც მე მჭირდებოდა და უმაღლესში ჩაბარებას შევძლებდი. ყველას არ აქვს საშუალება, რეპეტიტორთან მოემზადოს და შემდეგ სწავლის ქირა იხადოს. ბაღს კიდევ შეუძლია, გაგიშვას სკოლაში, მაგრამ სკოლას არ შეუძლია, გაგიშვას უნივერსიტეტში რეპეტიტორის გარეშე. არაფორმალურ განათლებაში მეტი ვისწავლე“, _ მიყვება ნინო თავისი განათლების ამბავს და თან ცხელ ყავა ლატეს მიკეთებს. ის ახლა ერთ-ერთ ჯიხურში მუშაობს და მისი ხელფასი თვეში 600 ლარია.

ელენე კავკასიონის გამზირზე ცხოვრობს და გაბრაზებული ხმით ამბობს თავის გულის ნადებს:
„2014 წელს დაგვპირდნენ, რომ თელავს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებაო. მას შემდეგ ყოველ არჩევნებზე ნომერ პირველი დაპირებაა და წყალი ჯერ ისევ გრაფიკით გვაქვს. ზაფხულში საშინელება ხდება. როცა 2-3 საათი მოდის წყალი და რეზერვუარების ავსებას ვერ ვასწრებთ, ცისტერნები დადის და წყალს ვყიდულობთ. ტელევიზორიდან რომ გვაფრთხილებენ, კორონაა და ხელები ხშირად დაიბანეთო, ერთი, ჩვენი ქალაქის მერს ჰკითხონ, როგორ მოვიქცეთ?!
სოფელში კანალიზაცია სანატრელია, ნახმარ წყალს უბნებში ვუშვებთ, განსაკუთრებით, ზაფხულში. ხან საშინელი სუნია უბანში, მაგრამ რა ვქნათ?! წინანდალი რომ უხარიათ და ათასი სასტუმრო წამოჭიმეს, „რედისონი“ რომ გაქვს და რა ვიცი, კიდევ რა ბრენდი, იმ სოფელში კანალიზაცია რომ არ გაქვს, აბა, რაზე შეიძლება მერე საუბარი. ანუ წინანდლის თავში სასტუმროს ფეკალიებმა ჩემთან უნდა ჩამოიაროს?“

ართანა და ართანელების დარდი:
„წყალი მოდის, მაგრამ წვიმის დროს არ დაილევა. ხან რა მოჰყვება და ხან _ რა. სათავეზე ავიდნენ რამდენჯერმე და ამბავი ჩამოიტანეს, თავღიააო. ივნის-ივლისში ისეთი გვალვებია ხოლმე, რომ მთელი მოსავალი ხმება, მაგრამ მორწყვის საშუალება არ არის“.

„გზას აკეთებენ და სანამ ბოლომდე დააგებენ, ხელმეორედ გასარემონტებელია. გამოძალვა გამოდის, რომ მეტი ფული გააკეთონ. ხარისხიანად არ აკეთებენ, აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას დაანახვონ“, _ გვიყვება გულგულელი თემო.

„საღამოს სახლიდან თუ გამოხვალ, ფრთხილად უნდა იყო, რომ სადმე კისერი არ მოიტეხო. უბანში განათება არ არის და ძლიერი წვიმის დროს გზაც იხრამება. ტრაქტორს გაატარებენ ხოლმე, რომ გავიაროთ“, _ დარდიანი მზერით, მაგრამ თან ხალისით გვიყვება ნაზო და კისისხევის ორღობეში გზას აგრძელებს _ ბრიგადაში უნდა იმუშაოს რთველის ბოლო დღეებია და ეჩქარება…

„ჩვენზე არაფერს ვამბობ და ტურისტმა რომ გაიაროს 5 საათის შემდეგ, ქალაქში ტუალეტს ვერ იპოვის. თუ მიასწრო კიდევ, 50 თეთრი ღირს. ტუალეტიდან გამოვა და შეიძლება, უპატრონო ძაღლებმაც შეჭამონ“, _ ამ ამბავს ქალაქ თელავის ცენტრში თეატრის წინ მდგომი ახალგაზრდისგან ვისმენთ.

„ძალიან მინდა, რომ სოფელში თავშეყრის ადგილი გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები გამოვალთ. 6 საათის შემდეგ არც სოფლიდან და არც ქალაქიდან ტრანსპორტი აღარ დადის. ტაქსი 10 ლარი თუ ღირდა, ახლა ვირუსის გამო ფასი გაზარდეს და ძალიანაც რომ გვინდოდეს, ქალაქში მაინც დავესწროთ რამეს, თავს ვიკავებთ. სპორტული და კულტურული ცენტრები რომ არ არსებობს, ახალგაზრდები სვამენ და ეწევიან“, _ ეს ბუშეტელების დარდის ნაწილია.

„მინდოდა, მუნიციპალიტეტში მემუშავა, განაცხადიც შევავსე, მაგრამ რომ შევიტანე და იქ მომუშავეების სახეებს შევხედე, მივხვდი, კადრი უკვე შერჩეული ჰყავდათ. განსაკუთრებით ა(ა)იპებშია პრობლემა, სადაც ნათესავები ან პარტიული ხალხი აჰყავთ, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ. დაბალი ხელფასებია, მაგრამ იმდენი ადამიანია დასაქმებული, ჯამურად მაინც დიდი თანხა გამოდის. სინამდვილეში, ფორმალური თვითმმართველობაც არ არსებობს, სადაც მუშაობენ. თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჰქონდა და ისიც გაუუქმეს“, _ ეს ნიკოა თელავიდან, 33 წლის, უმაღლესი განათლებით, ახლა თვითდასაქმებულია.

„ჩემს ოჯახს ჰქონდა მუნიციპალურ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ გავიგეთ, რომ ნაცნობობით გადაწყდა. ამ ქვეყანაში ან ბევრი ფული უნდა გქონდეს, ან ნაცნობი უნდა გყავდეს“, _ ეს ვარდისუბნელი ნინოა და იმედგაცრუებული სახით აგრძლებს თავის გზას.

„არის დაწერილი და დაუწერელი კანონები. თელავში ნათესავების დასაქმება და ტენდერებში გამარჯვება დაუწერელი კანონია“, _ ამას ვარდისუბნის ბირჟაზე გვიყვებიან, თელავიდან 5 კილომეტრში.

„პირადად ჩემს ოჯახს ჰქონდა ორივე ინსტანციასთან შეხება და არც ერთს ვენდობი. ხშირია შემთხვევა, როცა პოლიცია დამნაშავეს ხელს აფარებს და სასამართლოც არ რეაგირებს, როგორც წესია,“ _ სასამართლოს წინ მდგომი მოქალაქის უიმედო თვალები ცალკე ტრაგედიაა.

„მტერს არ ვუსურვებ ჩვენს პოლიციასთან და სასამართლოსთან ურთიერთობას. ხშირად ამბობენ, რომ არსებული სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ეს მართალია. ჩემი ძმისგან გამომდინარე, მქონდა შეხება და ამაში პირადად დავრწმუნდი“, _ ამ დარდზე შალაურელი მაკა ყვება.

დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ყველაფერი ნახო და შეაფასო. ეს იგივეა, დროში იმოგზაურო და თელავი იქნება თუ ლაგოდეხი, ყვარელი თუ სიღნაღი, ახმეტა თუ გურჯაანი თავისი დარდითა და ღირსშესანიშნაობებით, ნაღველით, სულსა და გონებაში ჩაიბეჭდო.
ათასი დარდისა და ტკივილის მიუხედავად, თავის ნაღველს არ გაჩვენებენ.
კახეთის ნამდვილი სიმდიდრე და ეგზოტიკა თავად კახელები არიან.
კახეთიდან ისე არავინ გამოგიშვებს, ჩაქაფული ან ხაშლამა არ გაგასინჯოს ცხელ-ცხელ, სურნელოვან შოთის პურთან ერთად და ზედ კახური ღვინო არ დაგაყოლებინოს… ზღაპარი სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა კახური ღვინით მიღებულ მათრობელა სიამოვნებას შეიგრძნობ…
კახეთი და ვენახი განუყოფელია. უწინ ღვთაებასაც კი ღვინოს სწირავდნენ, შესაწირ სასმელს ზედაშეს უწოდებდნენ.
კახეთში დღესაც ოთხმოცამდე ჯიშის ვაზი ხარობს, მათ შორის, საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ბუდეშური, თითა… მათგან დაწურულ მშვენიერ სუფრის ღვინოებს არაერთხელ მოუპოვებია სხვადასხვა ჯილდო. ამბობენ, ღვინოს სულ სხვა გემო აქვს იმ მარანში, სადაც ის იწურებაო. კახური მარანი _ თავისი ჭურჭელ-იარაღით, საწნახელით, რომელსაც აქ ნავს უწოდებენ, მართლაც რომ განსაკუთრებულია.
თუმცა მანამდე რთველია _ ყურძნის კრეფა უფრო რიტუალი, მისტერიაა, ვიდრე ჩვეულებრივი შრომა.

გაზიარება