- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2022-10-05 16:59:03
მაკა მოსიაშვილი
გასული კვირა დაძაბული და ქაოსური აღმოჩნდა თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. თელავის მერის მოადგილემ სხდომაზე გამოაცხადა, რომ 60 ბენეფიციარი ითხოვს საკვებს, თუმცა უპოვართა სახლი ვერ გასცემს მას რიგი მიზეზების გამო. სწორედ ეს აღმოჩნდა დაპირისპირების მიზეზი კახეთის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ ნიკა ვარდოშვილსა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის. ვარდოშვილი აცხადებს, რომ ფული იფლანგება არამიზნობრივად, როცა ამდენი მშიერი ჰყავს მუნიციპალიტეტს.
თელავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება კახეთის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ ნიკა ვარდოშვილს:
_ ბატონო ნიკა, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოს სხდომაზე დასწრება?
_ მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ დამაინტერესა, რას აკეთებენ ჩვენს მუნიციპალიტეტში, რა ხდება საკრებულოში, სადაც ოპოზიცია მრავლად არის და, რეალურად, როგორ განიხილავენ საკითხს აზრთა ჭიდილში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ა. შ.? რომ არ დაგიმალოთ, მქონდა მთელი რიგი ინიციატივები, რომელთა დაყენებასაც ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე
_ რატომ?
_ მარტო კი არ გადავიფიქრე, დავტოვე კიდეც აღნიშნული სხდომა. რა არის, იცით? რაც დღეს თელავის საკრებულოში გავიგე, სხდომის დროს, საერთოდ ყველაფრის სურვილი დავკარგე _ აღარც ინიციატივის დაყენება მინდოდა, აღარც რამის შეთავაზება, უბრალოდ, როდესაც მივედი, პირველ შთაბეჭდილებებს გეტყვით: ამდენი ხანი მუნიციპალიტეტში არ ვყოფილვარ და თვალში მომხვდა _ შესასვლელში დგას შლაგბაუმი, ტურნიკეტი ჰქვია, რომელზედაც ბარათი უნდა დაადო და იმ შემთხვევაში გაიღება შლაგბაუმი; მერე ვიღაც „ყუფარაძემ“ დარეკა, რომ იტყვიან, და „ბლატებით“ შევედი. აი, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ნებისმიერი თვითმმართველობა, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, იმას ცდილობს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს, რათა ისინი მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ასეთ შლაგბაუმს რომ დაუყენებ, რომელ ჩართულობაზეა ლაპარაკი? მეგონა, შსს-ში ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მივედი. გავლენაა, ალბათ, _ ქალაქის მერი შსს-დან ბრძანდება. ახლა უკვე _ გუბერნატორიც… აღარ გამიკვირდება, იქ რაღაც მეტალოდეტექტორებით შეამოწმონ მოქალაქეები, როცა თვითმმართველობის შენობაში შევლენ. რა უნდა იქ შლაგბაუმებსა და ბარიერებს?!
ვიღაც გაჭირვებული ადამიანი რომ მოდის და თუნდაც მერთან ან სხვა თანამდებობის პირთან შეხვედრა უნდა, იქ უნდა დადგეს, აცდევინონ და მერე გადაწყვეტენ, გაუღონ თუ არა. პირველი შთაბეჭდილება ამაზრზენი იყო.
_ როგორ შეგხვდნენ სხდომაზე?
_ როგორც იქნა, ავედი საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს ძალიან გაუხარდათ ჩემი გამოჩენა, უჩვეულოდ იყვნენ გააქტიურებულები სხდომაზე.
_ ამით რისი თქმა გინდათ, სხვა დროს არ აქტიურობდნენ?
_ შეკითხვებს სვამდნენ, იყო აზრთა სხვადასხვაობა, შეწინააღმდეგება და ვისურვებდი, რომ ყოველთვის ასე იყოს და ამის მერე საკრებულოს ნებისმიერ სხდომას, რიგგარეშე იქნება, მორიგი თუ კომისიის სხდომა, ყოველთვის დავესწრები. მივიჩნიე, რომ ჩემი იქ მისვლა პროდუქტიული იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ძალიან გაიხარეს და გააქტიურდნენ. ეს დადებითი ფაქტია და არ მიჭირს იმის აღნიშვნა, რაც პოზიტიურია _ არც ოპოზიციაზე და არც ხელისუფლებაზე.
_ თუმცა ბოლოს მაინც დატოვეთ სხდომათა დარბაზი. რამ გამოიწვია თქვენი გულისწყრომა?
_ ჩემი საკითხი შეეხებოდა იმას, რომ მე საკრებულოსთვის უნდა შემეთავაზებინა ასეთი რაღაც: როდესაც დეპუტატი ვიყავი, მაშინაც, შემდეგაც, მანამდეც ბევრ ტრენინგზე ვარ ნამყოფი. უამრავი ფული იხარჯება იმაზე, რომ როგორმე მოქალაქეების მეტი ჩართულობა იყოს მუნიციპალიტეტის მუშაობაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არის ტელევიზია, ახლა უკვე სოციალური ქსელიც, მინდოდა ასეთი რამე შემეთავაზებინა საკრებულოსთვის: რადგან საკრებულოს სხდომა საჯაროა, მაგრამ მოქალაქეები მასზე დასასწრებად ვერ მიდიან, ჩემი ნებით, ჩემი ხარჯით ვიყიდი შესაბამისს აპარატურას და საკრებულოს ნებისმიერ სხდომას გავუშვებ პირდაპირი ეთერით, უბრალოდ დაინახოს ამომრჩეველმა, თავისი არჩეულები როგორ მუშაობენ მათი „ნათელი მომავლისთვის“. ეს არ დამცალდა რიგი მიზეზების გამო. რაღაც შეკითხვა მინდოდა დამესვა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ არ დამასმევინა კითხვა, თურმე თემიდან გასული საკითხი ყოფილა. ჯერ წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულებაა მოქალაქის მიმართ, რომ ხელი უნდა ასწიო მეშვიდეკლასელი ბავშვივით, რათა შეკითხვა დაგასმევინონ. აწევ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ცდილობს, რომ არ დაგასმევინოს. მინდა, ვუთხრა ჩემს მეგობარ საკრებულოს თავმჯდომარე თენგო მთვარელიშვილს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ არ არის სწორი, _ ბატონო თენგიზ, რადგან ჩემთვის რომ მოგეცათ კითხვის დასმის საშუალება, ახლა „ქრონიკა+“-ის გვერდიდან აღარ დაგისვამდით შეკითხვებს. აქ უფრო დიდი აუდიტორიაა და უკეთესად გაიგებს, რა უნდა მეკითხა. კი ბატონო, გქონდეთ მასეთი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და სად წავა მუნიციპალიტეტი, დაინახავთ.
და, აი, ახლა, თქვენი მედიის საშუალებით აქედან ვთავაზობ მე თელავის საკრებულოს: ყოვლად უსასყიდლოდ მოვალ და ვიქნები თქვენი უშტატო, უხელფასო თანამშრომელი, რომელიც მაგ თქვენს სხდომებს გაუშვებს პირდაპირ ეთერში. აქვს ამომრჩეველს იმის უფლება, რომ იცოდეს, რას აკეთებთ ან აფუჭებთ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არ უნდა შემიშალოთ ხელი. მოვალ შემდეგ სხდომაზე და ვაყენებ საკითხს, მაგრამ ეს იმასთან შედარებით, რაზედაც უნდა ვილაპარაკო, ძალიან უმნიშვნელო წვრილმანია.
იმ დღეს რაც მე საკრებულოში მოვისმინე, ეს იყო აღმოჩენა, ამაზრზენი, ჯერ ყურებს არ ვუჯერებდი, სამჯერ დავაკონკრეტებინე იქ მყოფ ადამიანებს, ოპოზიციონერებსაც, მმართველებსაც, რომ ასეა, სწორად გავიგე?
_ რა გაიგეთ?
_ არსებობს ასეთი ცნება _ ბენეფიციარების რიგი. რას ნიშნავს ეს? _ თელავში არის უპოვართა სასადილო, იგი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სადაც ჩვენ ვიხდით გადასახადებს. იქ, თურმე, არის გარკვეული ლიმიტი _ თუ სადილობს 500 ბენეფიციარი, ერთიც თუ დაემატება, აღარაა მისი ადგილი, ანუ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა. დღეს 60 ადამიანი ელოდება, რომ ვინმე თუ გარდაიცვლება, მის ადგილზე დაემატონ. ეს იმ მუნიციპალიტეტში ხდება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ 5 ახალი მანქანა იყიდა. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, რა ჯდება ერთი ბენეფიციარის შენახვა? ერთ ბენეფიციარზე, მთელი დღის განმავლობაში, იხარჯება 1.85 ლარი. მისი კვების რაციონი ამდენი ჯდება და 60 ბენეფიციარისთვის დღეში 60 ლარი რომ დაამატოს, ამისთვის ვერ მოიცალა მუნიციპალიტეტმა. თვეების განმავლობაში ლაპარაკობენ, რომ უნდა დაემატოს. დღეს უარესი რაღაცები მოვისმინე საკრებულოს სხდომაზე, მერის ერთ-ერთმა მოადგილემ თქვა, რომ ადგილები გამოვათავისუფლოთო. ის კი არა, რომ თანხა დავამატოთო. ამხელა ხელფასებსა და დანამატებს იღებენ, ერთი არ უფიქრიათ, რაღაც შევამციროთო. ამბობენ, შევამოწმოთ ბენეფიციარები და ვისი სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ის ამოვიღოთ და იმის მაგივრად სხვა დავამატოთო. მე ერთადერთი სოციალურად დაუცველი ვიცი საქართველოში, რომელიც გამდიდრდა _ ეს არის სოსო გოგაშვილი, დანარჩენი გამდიდრებული სოციალურად დაუცველი არ მინახავს! ქალბატონებო და ბატონებო, დაანებეთ თავი იმას, რომ შევამოწმოთ და ვიღაც ამოვიღოთ და ვიღაც სხვა ჩავსვათ. ვინმე კი არ უნდა ამოიღოთ, ის ფული უნდა ამოიღოთ, რაღაც უაზრობებში რომ ყრით. ახლა რაღაც ქვიშის ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსეთ, მანამდე მუსიკათერაპიის რაღაცებს რომ აფინანსებდით, ასეთ სისულელეებში ყრით ფულს და აი, სანაპიროზე, ორი წლის წინათ რომ სკვერი გააკეთეთ და ორი წლის მერე რომ აყარეთ, ხელახლა რომ დაიწყეთ რეაბილიტაცია, იქ კი არ უნდა გადაგეყარათ ფული, საწყალი ხალხი უნდა დაგეპურებინათ. წარმოიდგინეთ, რატომ იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა? ქვეყანა ხომ აღმავლობის გზაზე დგას, ეკონომიკამ ხომ იმძლავრა, დახვავდა მილიონები, რატომ ემატება? ეგეც იმიტომ, რომ ამათნაირი მუქთახორები ვერ გაძღნენ და ქვეყანა არის უკიდურეს სიდუხჭირეში. ჩემს მაგალითზე ვიტყვი: მიჭირს იმიტომ, რომ უმუშევარი ვარ, არ მომწონს თქვენი რეჟიმი და თქვენი ლიდერი და ჩემთვის ყველა სამსახურის კარი დაკეტილია, კერძო სექტორი იქნება თუ _ სახელმწიფო. მაგრამ, როგორღაც, თავი გამაქვს, ისიც იმის ხარჯზე, რომ რაღაც გავყიდე და იმით ვირჩენ თავს. ვისაც აღარაფერი დარჩა გასაყიდი, იმან რა ქნას? აი, ასეთი ხალხი რომ გთხოვთ, დღეში ერთხელ ის რაღაც წყალწყალა სუპი აჭამოთ, ეუბნებით, უი, იცი რაა, გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში თანხაო. ამის მერე თოკით ხართ სათითაოდ მაქედან გამოსაბრძანებლები.
_ გამოსავალს რას სთავაზობთ?
_ ქალაქის მერი შავი „პრადოთი“ რომ დაბრძანდება, მაგდენს იხდის ქალაქი შენს გადაადგილებაში? გადმობრძანდი შავი „პრადოდან“ და იყიდე ეკონომიური მანქანა, გაყიდე ეგ და დაამატე თანხა. საკრებულოში ამდენი მუქთახორა რომ ხართ: საკრებულოს თავმჯდომარე, იმის სამი მოადგილე, მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 6 მოადგილე, ათასობით ლარია ხელფასი თითო მოადგილეზე, 6 მოადგილე მმართველ პარტიას, 5 მოადგილე ოპოზიციურს და მუდმივმოქმედი კომისიები, 5 მუდმივმოქმედი კომისია, 3 სამუშაო ჯგუფი, ათასი ჯანდაბა და ოხრობა. მოკლედ, საძმაკაცო-სადაქალოს კლუბია. თვითმმართველობა საქართველოში სულ იყო ნეპოტიზმის ბუდე და მესმის, ამას ბოლომდე ვერ აღმოფხვრი, რადგან ამისთვის მენტალური ცვლილებებია საჭირო. მაგრამ, ელემენტარულად, თქვე კაი ხალხო, რა გახდა 60 ადამიანის სუპის გაკეთება?! სხვა რა უნდა გაუკეთოთ 1.80 ლარად? ჯერ ხომ სამარცხვინო თანხა გაქვთ გამოყოფილი ამ უბედურებზე, მართლა ამ საწყალ ხალხზე და პლუს 60 კაცი რომ დაამატონ, არ ამატებენ, რადგან, თურმე, ბიუჯეტში თანხა არ ყოფილა.
მოკლედ, გაოგნებული ვარ. ცოდვას ვერ ვიტყვი, გააქტიურდნენ იქ ოპოზიციონერები. არ ვიცი, იცოდნენ, რომ მერე ამაზე უნდა მელაპარაკა და მაგიტომ გააქტიურდნენ თუ რა იყო ამის ფაქტორი, მაგრამ ამხელა ენერგია რაზე იხარჯებოდა, იცით? კამათობდნენ, თელავის ცენტრში მოედანზე რა დააყენონ, სიჩქარის შემზღუდველი „ბუგარიოკი“ თუ კამერა? ამაზე დახარჯეს მთელი დღე… რა „გვებუგარიოკება“, რა გეკამერებათ, რა გემოედნებათ საერთოდ და რა გვეთელავება, როცა 60 ადამიანი ელოდება, ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ვიღაცა როდის გარდაიცვლება, რომ იმის მაგივრად ჩაჯდეს იმ უფასო სასადილოში. აი, ეს არის ის დემოკრატია, რაც დაამყარა თქვენმა მამამ და მარჩენალმა ბიძინა ივანიშვილმა და რაშიც თქვენ ამყოფებთ ამ ერს. ევროპას „ვაოცებთ“ დემოკრატიით და სახელმწიფოს მართვის ამ სტილით. სიმართლე რომ გითხრათ, იქიდან ისეთ ხასიათზე წამოვედი, არაფერი აღარ მინდოდა, მაგრამ ვეუბნები ყველას, მმართველ გუნდსაც, ოპოზიციასაც, თელავის მერსაც, საკრებულოს თავმჯდომარესაც, ახლად დანიშნულ სუსის უფროსსაც, მაქსიმუმ ერთ კვირაში ეს საკითხი მოაგვარეთ, რაც გინდათ გამონახეთ, იქ ათას სისულელეში რომ ხარჯავთ ფულს, იმას მოაკელით, თუ ხელფასიდან მოიკელით და ეს ადამიანები დაამატეთ, გაუზარდეთ დაფინანსება სასადილოს, იმიტომ რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, უკვე ხალხი შიმშილით იხოცება, თორემ არ მიყვარს არავის ჯიბეში ქექვა _ მიუხედავად იმისა, რომ საჯაროა, კომისიის თითოეულ თავმჯდომარეს, მათ მოადგილეებს, ფრაქციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ყველას გამოგიქვეყნებთ, რამდენი გაქვთ სახელფასო სარგოსა და დანამატზე დახარჯული წელს თუ წინა წლებში, რამდენი გაქვთ მოგზაურობებში ნაფრენი, იმიტომ რომ მე იმას ვიზიტებს ვერ დავარქმევ, მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. რა მოიგო თელავმა, თქვენ რომ წახვედით ვიზიტებში და ათასობით ლარი გადაყარეთ? მაგ ყველაფერს დაგიანგარიშებთ და გამოვფენ მთელ თელავში. მე მეტი საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, ამიტომ ბაზარ-ბაზარ ვივლი, უბან-უბან ვივლი და ყველას დავურიგებ, რამდენია თქვენი სახელფასო სარგო და რამდენი გაქვთ, თქვე მუქთახორებო, შეჭმული უაზროდ და რამდენი გაქვთ ნაფლანგი ჩვენი ქონება. ამ დროს აცდევინებთ და რიგში ამყოფებთ ყველაზე გაუბედურებულ ხალხს, ვისაც წუთი წუთზე სჭირდება დახმარება და წამლის ფულიც არ გააჩნია. იმას უკვე შევეგუეთ, რომ ქვეყანაში უწამლობით და უექიმობით იხოცება ხალხი და ახლა უკვე უპურობითაც იხოცება.
ისიც კი არ უნდათ აღიარონ, რომ მოთხოვნა იმიტომაა, ქვეყანა გაღატაკდა, იქიდან ვიღაცები გამდიდრდნენ, სოციალურად დაუცველებიდან კი ამოსაღებები არიან თურმე.
მოკლედ, ერთი კვირის ვადას ვაძლევ თელავის მუნიპალიტეტის საკრებულოსა და მერიას, შეიმუშაოს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომ სასწრაფოდ მოაკლონ რაღაცას თანხა და გადაიტანონ სოციალურად დაუცველების სასადილოს ბიუჯეტში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ცხელი სადილი. ამ ქვეყანაში ვიღას უფლებების დამცველი საზოგადოება არ არის: ძაღლების, კატების, ძაღლზე რომ რაღაცას იტყვი, გამოვარდებიან, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, რადგან ეს ტრენდულია. კი ბატონო, კარგია, ცხოველის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და ფრინველისაც, მაგრამ, პირველ რიგში, _ ადამიანის. რაში მჭირდება ის მუქთახორები, იქ რომ არიან, თუ ადამიანები მშივრები იქნებიან? თუ ერთი კვირის ვადაში არ მოაგვარებენ, ოპოზიციურ ფრაქციას თვითონ შუძლია მიმართოს ინიციატივით და რომელი არ დაუჭერს მხარს ინიციატივას, ეგეც გამოაქვეყნონ, თუ არადა, ჩემო მეგობრებო, ოპოზიციიდან, პარლამენტში შეცვივდით, საპარლამენტო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთო, ეგ რასაც თქვენ იყენებთ, ბერკეტი არაა, სხვა რაღაცაა. ბერკეტი ვერ გამოიყენეთ, საკრებულოში ბერკეტი უნდა გამოვიყენოთო, საკუთარ ლიდერს ციხეში გიკლავენ, ვერაფერი შეძელით. ახლა სათნოების სახლში ვერ ამატებინებთ 60 ადამიანს თელავის მაგალითზე, აბა, მაშ, რაღა გინდათ მაგ საკრებულოში? ან ერთ კვირაში გადაჭრით მაგ საკითხს, ან რა ვიცი, ისხედით და შეუქმენით დემოკრატიის ფასადი „ოცნებას“. რეგლამენტსა და რაღაცეებზე მიდის საუბარი და ამ დროს ადამიანი მშიერია. პოზას, ტონს რომ იჭერთ, თქვენი პოზა ვის რად უნდა? დააპურეთ ხალხი, ერთი კვირა გაქვთ ვადა!