QronikaPlus
თელავური პორტრეტები

თელავური პორტრეტები

2022-10-05 16:09:08

მაკა მოსიაშვილი

უკვე უამრავი ქართველი ქალი გვანებივრებს საკუთარი შემოქმედებით. დღეს ვისაუბრებთ ორ გოგონაზე თელავიდან, რომელთა ხელოვნებას არცთუ ისე ბევრი იცნობს.

ქეთი გელაშვილი ორი შვილის დედა და წარმატებული სტუდენტია.

როგორც ახალგაზრდა მხატვარი გვიყვება, მისი ნამუშევრები ყოველთვის ნამდვილი და გულწრფელია. მისი თქმით, ადამიანები ხატვაში თავისუფლდებიან და თავადაც ასეა.

„ჩემს ოჯახში ყველა ხატავდა ან ხელოვნების სხვა რომელიმე დარგში იყო ჩართული, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ვიზრდებოდი ხელოვანთა გარემოცვაში, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. პაპა, გიორგი ბერძნიშვილი, მხატვარი და თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის სასწავლო ნაწილი და პედაგოგი იყო, დედაც ხელოვანია და სამხატვრო სკოლაში ასწავლის. ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა“, _ საუბრობს ქეთი გელაშვილი.

ხელოვანი გოგონას შთაგონების წყაროს წარსული მოგონებები და ხელოვნების სხვადასხვა ქვეჟანრი წარმოადგენს. როგორც ის აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესით სიამოვნების მიღება და სამომავლო სურვილებიც ამ უკანასკნელის განვითარებას უკავშირდება.

„მხატვრობა, ჩემი აზრით, ეს არის ხელოვნების ის დარგი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისუფლება.

ვოცნებობდი, სამხატვრო სახელოსნო მქონოდა, სადაც საკუთარი ფანტაზიის ტილოზე გადმოტანას შევძლებდი.

კარგად მახსოვს, ხშირად ვესწრებოდი ხოლმე დედას გაკვეთილებს. ცალკე ვიჯექი და ჩემთვის ვხატავდი, თან ვუყურებდი, როგორ ხატავდნენ მისი მოსწავლეები და ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი და მეც ჩავეწერებოდი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების სიაში.

მალე ეს სურვილიც ამისრულდა და სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თუმცა პირველი კურსის დარსულების შემდეგ დაიბადა ჩემი პირველი შვილი მათე და მომიწია სწავლისთვის თავის დანებება, თელავში დაბრუნება, თუმცა ხატვა არ შემიწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ ბავშვებითა და სწავლით, ყოველთვის შემიძლია ვიპოვო დრო ხატვისათვის“, – გვიყვება ქეთი.

„როდესაც ვხატავ, თითქოს ვთავისუფლდები ყველანაირი ჩარჩოსგან და ჩემში დაგროვილ შინაგან ენერგიას, ემოციებსა და გრძნობებს გარეთ ვუშვებ. პორტრეტის ჟანრი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მასში შესაძლებელია, როგორც იმ კონკრეტული ადამიანის ხასიათისა და ბუნების გადმოცემა, რომელიც ნახატზეა, ასევე იგი ირეკლავს მხატვრის გრძნობებსა``````````````````````````````````````````````````` და ემოციებს.

ხატვის დასაწყებად ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე. ვრჩები საკუთარ თავთან მარტო და ყურადღებით ვარჩევ ემოციის შესაფერის მუსიკას, ამის შემდეგ კი ვიწყებ ხატვას. მიყვარს ექსპერიმენტები და ჯერ კიდევ საკუთარი სტილის ძიებაში ვარ. ბოლო პერიოდია დავინტერესდი “Dიგიტალ არტ” – ით, თუმცა ფანქრით ფურცელზე ხატვა ან თუნდაც, საღებავების პალიტრაზე გადატანის პროცესი, ბევრად უფრო ღრმა ემოციებს იწვევს და მეტ სიამოვნებას მანიჭებს.”-ამბობს ქეთი.

ახალგაზრდა მხატვარს, სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ, უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სამუშაო გარემო და ამ მიმართულებით განვითარების საშუალება.

დინა…ასე იცნობენ თელავში გოგონას, რომელმაც საკუთარი უნარები სხვისი ბედნიერებისათვის გამოიყენა…

დინა ნაწიფაშვილმა, ხელნაკეთი, საოჯახო დეკორაციების შექმნა პანდემიის დროს  დაიწყო. როგორც ამბობს,  პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მას ახალი შესაძლებლობები აღმოაჩენინა, რომლითაც შვილებთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწევა.

,,მე დინა ვარ, თელავიდან… ქართველი დედა, რომელიც ორ ვაჟკაცს უზრდის საქართველოს.. მყავს მეუღლე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემსახურება…  ეს მე მეამაყება… გვინდა ჩვენი შვილებიც ისეთი პატრიოტები აღიზარდონ, როგორც ყველა ქართველს შეეფერება

ჩემს ოცნებებზე რომ მოგიყვეთ, დიდი ჩამონათვალი არ არის, თუმცა ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, ოჯახსაც რომ გამოადგებოდა და ჩემი გაკეთებული საქმით, გაჭირვებულებსაც დავხმარებოდი. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ გამომივიდა. შეძლებისდაგვარად ჩემი პატარა წამოწყებით, ვეხმარები ოჯახებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე…”

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინა ქმნის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და სახლის დეკორაციებს. მისი ხელნაკეთი ნივთები, თუ აქსესუარები, ძირათადად ეროვნულ თემატიკას უკავშირდება. როგორც ის გვიყვება, საწყის ეტაპზე ეს სფერო ჰობის დონეზე აინტერესებდა, ხოლო შემდგომ საქმეს სერიოზულად მიუდგა, ნივთების პოპულარიზაციაზეც მალევე იზრუნა და ყველაფერი ეს,  შემოსავლის წყაროდ აქცია…

,,ყველაფერი საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს დაიწყო. მაშინ როდესაც ძალიან ბევრმა სამუშაო ადგილი და საყვარელი საქმე დაკარგა… თითქოს არაფრის კეთების დროს დადგა. სწორედ ამ დროს, ვიფიქრე, რატომაც არ უნდა მეცადა რაღაც ახალი, და აი შედეგიც…

ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება, როგორც ჩემი ოჯახისა და ახლობლების სიხარულის საწინდარი გახდებოდა, ასევე მათთვისაც ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. მიხარია, რომ გამიმართლა და ჩემი ხელით ნაკეთი დეკორაციები ძალიან კარგად იყიდება. თითოეული ნივთის კეთებისას თავს არ ვზოგავ და ჩემს სულს ვდებ მასში, რადგან მჯერა, რომ თუ საქმეს სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით არ აკეთებ, ისეთი არ იქნება, როგორიც წარმოგიდგენია.

ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს. მინდა ჩემი პატარა ბიზნესი უფრო გავაფართოვო. მაღაზია გავხსნა, სადაც დინას ხელნაკეთი ნივთების შეძენა იქნება შესაძლებელი. ჩემი პროდუქციის უდიდესი წილი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით არის დამზადებული. შეკვეთის აღების დროს ჩემი დიზაინით დამზადებული კოლექციის გარდა მომხმარებელს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. სამომავლო გეგმებზე ვფიქრობ, მინდა  გავძლიერდე, შემდგარი და კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდე. თან, რაც მთავარია, შესაძლებლობა მომეცემა, გავზარდო შემოსავალი და ამით მეტი გაჭირვებული ოჯახის დახმარება შევძლო.”

დინა ნაწიფაშვილის დაწყებული საქმიანობა ქველმოქმედებისთვის მხოლოდ მის ამ საქმიანობას არ უკავშირდება. ის თელავის მოსახლეობამ , სწორედ პანდემიის დაწყების შემდეგ გაიცნო, რომელიც ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფში, მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლა აქტიურად იყო ჩართული.

გაზიარება