QronikaPlus
ხელისუფლება ციფრებით ჟონგლიორობს

ხელისუფლება ციფრებით ჟონგლიორობს

2022-01-20 07:25:08

დღეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ღრმა კრიზისშია და ეს პროცესი მზარდი დინამიკით აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

განვიხილოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და პარამეტრი, რომელიც უარყოფით როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე.

პირველი და უმთავრესი ეს არის ფასები:

საქართველო გახლავთ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. საქონელსა და მომსახურებას, რომელსაც მოვიხმართ და ვიღებთ, მისი 83% არის იმპორტირებული და, შესაბამისად, მის ფასწარმოქმნაზე არანაირი გავლენა არ გაგვაჩნია.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი გაიზარდა საშუალოდ 40%-ით;

საწვავზე ფასი გაიზარდა საშუალოდ 55%-ით;

პურპროდუქტებსა და ფუნთუშეულზე ფასი გაიზარდა საშუალოდ 30%-ით;

კომუნალური სერვისების (დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება) ფასი გაიზარდა საშუალოდ 20%-ით;

2021 წელს საშუალოდ ცხოვრება გაგვიძვირდა 40%-ით;

მიმდინარე პერიოდის ინფლაციის ფონზე გაზრდილი საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა შემცირდა საშუალოდ 38%-ით;

2021 წლის III კვარტალის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შეადგენს 1328 ლარს (427 დოლარი),

აღნიშნული საშუალო ხელფასი კლასიკური საშუალო არითმეტიკულით გამოჰყავს საქსტატს. აქ რომ ჩავრთოთ პოპულაცია, ვარიაცია და საშუალო ჰარმონიული შეწონილი, მივიღებთ რეალურ სურათს. საშუალო ხელფასი დღეს საქართველოში 800-დან 900 ლარამდე მერყეობს (289 დოლარი)

გაზრდილია უმუშევრობა. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით შეადგენდა 22.1%-ს. ხოლო III კვარტალში _ 19.5%-ს. აქ თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოვანი ეკონომიკის ეფექტს (ხელზე ვინც იღებს ხელფასს, არარეგისტრირებული სამუშაო ძალა), ეს მონაცემები რადიკალურად გაიზრდება.

ჯამურად რომ დავიანგარიშოთ სამომხმარებლო კალათის ფასები და იგი ავსახოთ დროითი დინამიკური მწკრივის მიხედვით, სადაც საბაზისო პერიოდს ავიღებთ 2012 წელს, მივიღებთ იმას, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ცხოვრება გაგვიძვირდა 35%-ით, 2019 წელთან შედარებით, _ 44%-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით, _ 135%-ით.

ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. საშუალო ჰარმონიული შეწონილით დაანგარიშების შემთხვევაში ექსტრაპოლაცია გვაჩვენებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში სამომხმარებლო კალათაზე ფასები გაიზრდება საშუალოდ 12%-ით.

ამ ყოველივეს აქვს ორი გამომწვევი მიზეზი. პირველი ეს არის ინფლაცია, რომელიც 2021 წელს რეკორდულ ნიშნულზე, 13.9%-ზე გავიდა; მეორე ეს არის არასწორი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ქმნის სახელმწიფო.

ინფლაცია ეს არის მთავარი პრობლემა დღევანდელი ქართული ეკონომიკური რეალობისა, რომელიც არც დღეს და არც 2021 წელს არ დაწყებულა. ინფლაციური პროცესები ქვეყანაში დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც ბიუჯეტი გადაეწყო ე. წ. სოციალურ პოლიტიკაზე, მოიკლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და მთავრობა გადავიდა ფულის ბეჭდვის რეჟიმზე.

ინფლაციური ნორმა ეს არის საშუალოდ წლიური 3% და დღეს ქვეყანაში გვაქვს 13.9%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დეკემბერი არის ლარზე ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი (საახალწო სამზადისი, საემიგრაციო გზავნილები და ა. შ.) და ამის ფონზე ინფლაცია მაინც 0.3%-ით გაიზარდა.

მარტივად რომ ავხსნა, ძალიან სწრაფი ტემპით ვღარიბდებით და ამ ტემპის სისწრაფე გამოწვეულია ინფლაციით.

თვიდან თვემდე ინფლაციური პროცესის განვითარების დინამიკა იძლევა უკიდურესი შეშფოთების მიზეზს, ვინაიდან არცერთი, ხაზს ვუსვამ, არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ინფლაციის დასარეგულირებლად.

იბეჭდება ლარი (2021 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიბეჭდა) ნაცვლად იმისა, რომ შემოდიოდეს ინვესტიციები (ვალუტა).

გაზრდილი ფულის მასას მოსახლეობიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ცდილობენ (სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდა) და პარალელურად 130 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯი (სრული ნონსენსი).

2021 წელს შემოსული ინვესტიციებიდან (უცხოური ვალუტა) 72% ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია, 20% რეინვესტირებაა და რეალურად 8% არის სიახლე.

ამ ყოველივეს ფონზე რომ ამბობენ, ინფლაცია გაზაფხულიდან დაიწევს და ფასები დასტაბილურდებაა, ამას ხელისუფლება რის საფუძველზე ამბობს?

ეკონომიკაში ყველაზე მეტად მუშაობს დროის ფაქტორი. ვინც ამბობს, რომ ინფლაციას თვეებში დაამარცხებს, რბილად რომ ვთქვათ, დილეტანტია.

მინიმუმ 4 წელი სჭირდება ინფლაციის დარეგულირებას საბაზისო ნიშნულზე (3%) და ამ 4 წელიწადში ყოველწლიურად, მინიმუმ, 3 მილიარდი ვალუტა უნდა შემოვიდეს ქვეყანაში.

გაზაფხულიდან ინფლაცია რომ „დაითრგუნოს“, ამის რეფორმა უკვე უნდა გატარებულიყო, ანუ 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში (დროითი ფაქტორის გათვალისწინებით) და რაიმე მსგავსი რეფორმა, სამწუხაროდ, არ გატარებულა.

ყველა საერთაშორისო საფინანსო/საინვესტიციო კორპორაცია რეკომენდაციას იღებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საინვესტიციო პორტფელების შესახებ. სამწუხაროდ, საერთაშორისო რეკომენდაციების მხრივ პოზიტიური განწყობები ნამდვილად არ გვაქვს.

1.         სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი;

2.         პოლიტიკური არასტაბილურობა;

3.         ეკონომიკური კრიზისი;

4.         მონეტარული პოლიტიკა და სავალუტო ტურბულენტობა;

5.         საგადასახადო პოლიტიკა;

6.         საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან _ ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომლის კოეფიციენტებითაც ხელმძღვანელობს ყველა საერთაშორისო დონორი და საფინანსო ინსტიტუტი. როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ პარამეტრებს ემატება ორი უმნიშვნელოვანესი ქეისი, ეს არის კომპანია ენკა (ნამახვან ჰესი) და ონლაინ გემბლინგის აკრძალვა (ენკას შემთხვევაში ნამახვან ჰესზე გათვალისწინებული იყო 800 მილიონი ევროს შემოსვლა, ხოლო ონლაინ გემბლინგში გრძელვადიანი ინვესტიციის პირობით შემოვიდა 500 მილიონ ევროზე მეტი), სადაც პოლიტიკურ ნიავზეა დამოკიდებული მსგავსი ტიპის ინვესტიციები, მათი ამუშავება ან აკრძალვა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს, როგორც მსხვილი ინვესტიციებისთვის სასარგებლო გარემოს, აღარ განიხილავენ.

კრიზისიდან თავის დაღწევის მექანიზმი, მხოლოდ და მხოლოდ, რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებშია, რომელიც იქნება მტკივნეული, თუმცა ეს აუცილებელია და თავის შედეგს გამოიღებს:

1.         მცირე მთავრობის კონცეფცია. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობისა და ეკონომიკური პარამეტრების მქონე ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება იმ ზომის მთავრობა, რაც დღეს გვყავს. დღეის მონაცემებით, 350 000-ზე მეტი საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი გვყავს ქვეყანაში, რომელთა დაქირავება და ადმინისტრირება წლიურად მოსახლეობას 4.4 მილიარდი ლარი გვიჯდება. ეს არის კოლოსალურად დიდი რიცხვი. მცირე მთავრობის პირობებში ადმინისტრაციული ხარჯი უნდა იყოს, მაქსიმუმ, 2.5 მილიარდი ლარი წლიურად;

2.         მთავრობამ ფული კი არ უნდა ბეჭდოს, არამედ ფული უნდა შემოიტანოს. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს მთავრობის ბალანსზე დაძინებული ქონების აღწერა და მისი საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა;

3.         ე. წ. „ლაფერის მრუდის“ პრინციპით მთავრობამ უნდა შექმნას მეტი გადასახადის გადამხდელი. ინვესტიციების მოსაზიდად და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად აუცილებელია მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა. მცურავი საგადასახადო სისტემის დანერგვა ან თუნდაც მხოლოდ ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სალეს ტახი) არის აუცილებელი, რომელიც შექმნის მეტი გადასახადის გადამხდელს და მოიზიდავს უამრავ ინვესტიციას ქვეყანაში;

4.         მეტი ტურისტი. 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 9 450 000 საერთაშორისო ვიზიტორს. 2021 წელს ეს რიცხვი იყო საშუალოდ 1 700 000. ფაქტია, რომ ტურისტული ინდუსტრია ქვეყანაში მოკვდა. უნდა მოხდეს 2024 წლამდე ტურისტულ სექტორში არსებული ეკონომიკური აქტორების სრული საგადასახადო ამნისტია. ხელი უნდა შეეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ღამის ცხოვრების განვითარებასა და მარიხუანის დეკრიმინილიზაციას (როგორც ეს მოხდა სომხეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ა. შ.);

5.         უნდა ამოქმედდეს მულტისავალუტო რეჟმი. ე. წ. ლარიზაციის პროექტი ჩაფლავდა.

დღეს, როდესაც საჭიროა რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, მთავრობა მიჰყვება ეკონომიკურ ინერციას. რადიკალური რეფორმების გარეშე ქვეყანა ეკონომიკურ ჭაობს თავს ვერ დააღწევს. მთავრობა რეფორმების ნაცვლად გვთავაზობს მხოლოდ ციფრებით ჟონგლიორობას და მითებს გაზრდილი ეკონომიკის შესახებ.

ეკონომიკა ნამდვილად გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ 2020 წელი ეს იყო სრული ლოკდაუნის წელი და მასთან მიმართვებით მინიმალური საფინანსო ტრანზაქციაც ეკონომიკურ პარამეტრს დადებს.

გაზიარება