- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-09 10:44:06
საზოგადოება მას 90-იანი წლებიდან იცნობს. ის იყო ბევრი პოპულარული კლიპის რეჟისორი; მუშაობდა რადიოში და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ეკრანიდან გაუჩინარდა. წლების შემდეგ რეჟისორი ანი მაღლაკელიძე სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა. მისმა სურათებმა ძალიან ბევრ ოჯახში დაიდო ბინა:
_ ანი, ძალიან პოპულარული იყავი. აქტიური პერიოდი იყო, ბევრი მომღერლის კლიპის რეჟისურა შენ გეკუთვნის, ასევე კერძო კომპანიების დაკვეთებს ასრულებდი, იყავი ტელე და რადიო წამყვანი. საინტერესოა, დღეს სად არის ანი მაღლაკელიძე?
_ ნამდვილად აქტიური პერიოდი იყო. დღეს ვხატავ, გარდა ამისა, ვსწავლობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე სადოქტორო მიმართულებით.
_ 90-იანი წლების აქტიური პერიოდი ვახსენეთ. რამდენად გენატრებათ ის წლები?
_ სიმართლე გითხრათ, არ მენატრება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჩვენი თაობის ადამიანებს ბევრი ცვლილება მოგვიწია. ზოგი საერთოდ დაიკარგა და ჩვენი თაობა, შეიძლება ითქვას, დაკარგულ თაობადაც შეიძლება მოვიხსენიო. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ რაღაცით გამოავლინო საკუთარი თავი. ეს ჩვენი უსაზღვრო შესაძლებლობა, რაც სამყარომ მოგვცა, ყველა ადამიანში დევს. შეიძლება, ერთ დღეს გაიღვიძო და ახალი ნიჭი აღმოაჩინო შენში. ახლა რომ დამაბრუნა ძველ დროში, არაფერს შევცვლიდი. ამ წუთს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, თან მარტო ვარ ჩემს საქმიანობასთან, არ მყავს უფროსი და არ მაქვს კონკრეტული დრო, რაშიც უნდა ჩავეტიო. მარტო ვარ ამ ჩემს ტილოებთან და ხატვით ძალიან დიდი თავისუფლება მოვიპოვე.
_ აღნიშნეთ, რომ ადამიანმა შეიძლება, გაიღვიძოს და ახალი ნიჭი აღმოაჩინოსო. ასეთი აღმოჩენა იყო ხატვა შენს ცხოვრებაში?
_ ეს არ აღმომიჩენია. ბავშვობიდან ვხატავდი და ყველა ბავშვს მინდა ვუთხრა, არასოდეს მიატოვოს ხატვა. ზუსტად იმ პერსონაჟებს ვხატავდი ბავშვობაში, რასაც - დღეს. დავდიოდი კერძო ხატვის მასწავლებელთან, ასევე დავდიოდი ხატწერის კურსებზე და მუდმივად მქონდა შეხება ჩემს ნახატებთან. პროფესიის პარალელურად ხატვა არასოდეს მიმიტოვებია. ყველაფერს ვხატავ, ზოგადად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ეს პერსონაჟები (ფოტორეპროდუქციები იხ. ინტერვიუს ბოლოს).
_ ამ პერსონაჟების დახატვაც, ერთგვარად, ბავშვობის გამოძახილია?
_ ალბათ, შეიძლება, ქვეცნობიერიდან მოდის, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
_ ანი, რა გარემო გჭირდებათ ხატვისთვის. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ადგეთ და დახატოთ, თუ ამისთვის საჭიროა განწყობა, ე. წ. მუზა, რომელიც ხელოვანი ადამიანებისთვის აუცილებელია?
_ სწორი კითხვაა. აუცილებლად განწყობა და ხასიათი მჭრდება. ბევრი საქმე მაქვს, შესაბამისად, ძალიან რთულია, საოჯახო საქმეები და ხატვა ერთმანეთს შეუთავსო. ერთი თვე გასულა ისე, რომ არაფერი დამიხატავს, მქონია წამი, როცა ავმდგარვარ და ერთდროულად ძალიან ბევრი ნახატი დამიხატავს. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ არ გენატრებათ კამერასთან მუშაობა?
_ არა, საერთოდ არ მიყვარს უკან გახედვა და წარსულში ყურება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, უფრო წინ ვიყურები და საკუთარი თავის განვითარებაზე ვარ ორიენტირებული, ვიდრე - წარსულზე
_ დასაწყისში ვახსენე, რომ ძალიან ბევრი ცნობილი კლიპის რეჟისორი ხართ. განვითარებაზე რადგანაც ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან რამდენად განვითარდა თავად რეჟისურა, კლიპების ხარისხი და, ზოგადად, ეს სფერო?
_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გვყავს ძალიან კარგი რეჟისორები და ბევრი კარგი მუსიკალური კლიპი კეთდება. იქიდან გამომდინარე, რომ მომღერლებსაც არ აქვთ საშუალება, მაღალბიუჯეტიანი კლიპები გადაიღონ (ან რომ გადაიღონ, რისთვის?), არაა მუსიაკლური არხები და რა მდგომარეობაშიც არის თვითონ ეს სფერო და ზოგადად სიტუაცია, კარგად მოგეხსენებათ. შესაბამისად, ეს დარგი სწრაფად ვერ განვითარდება. ერთი პერიოდი თითქოს დაიწყო და მერე გაჩერდა. მუდმივი შეცდომებია საჭირო, რომ წინ წახვიდე. თუ შეცდომები არ დაუშვი, ვერაფრით განვითარდება სწრაფად. რა თქმა უნდა, წინ მივდივართ, მაგრამ ძალიან ნელა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვანი ადამიანი ნებისმიერ სირთულეში თავისას მაინც გააკეთებს.
_ შემოქმედების პარალელურად ოჯახის საქმეებს როგორ ართმევთ თავს?
– ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახი და შვილი დგას. ვცდილობ, მათ არ მოვაკლო ყურადღება. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმით დისკომფორტს არავის ვუქმნი. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. საქმიანი ვარ, არ შემიძლია, წამოვწვე. დიდხანს ვერ დავჯდები, სულ ვმოძრაობ. ავეჯის რესტავრაციასაც ვაკეთებ, სახლში ყველაფერი გადაკეთებული მაქვს. როცა წამოწყებულ საქმეებს მოვაწესრიგებ ხოლმე, მერე დავჯდები წყნარად და მთელი განწყობით ვხატავ.
გიორგი საკარული