- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-11-22 09:28:12
თბილისი და, ზოგადად, საქართველო სასურსათო კატასტროფის წინაშე დგას. „ქრონიკა+“ იწყებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ლაბორატორიული კვლევების გამოქვეყნებას. თუმცა მანამდე, არსებულ პანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ჰიგიენური საშუალებების შესახებ კლევის შემაძრწუნებელ შედეგებს. ის საშუალებები, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს _ გვაავადებს!
სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრმა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალება და გააგზავნა გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
ქართულ ბაზარზე შეძენილი პროდუქციის კვლევამ შემაძრწუნებელი შედეგები აჩვენა. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.
ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. სხვადასხვა ქვეყანაში შეისყიდეს კონკრეტული ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის. ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები.
ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში.
ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენ მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.
ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.
ამავე დროს ფორმალდეჰიდი საკმაოდ საშიშ და, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო ნაერთად არის მიჩნეული. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. „ქრონიკა+“ მკითხველს ურჩევს, ზემოთ დასახელებულ პროდუქციის ეტიკეტზე ყურადღებით გაეცნოს შემადგენლობას. ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც გვხვდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde da methylene glycol.
მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.
რატომ ვერ მოახერხა ეს „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც მილიონობით ლარი მიდის ტენდერებზე, იქიდან „ატკატებსა“ და ათასი ჯურის კორუფციულ სქემაზე?
ახლა კი უშუალოდ შემოწმებულ პროდუქტებზე გადავიდეთ:
თამარ როსტიაშვილი