- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-15 18:50:11
დასავლეთიდან წამოსულმა კრიტიკულმა წერილებმა თავისი შედეგი გამოიღო. „ქართულ ოცნებაში“ უკვე აღიარეს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან და ისინი პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. ამ მოსაზრებით სამპარტიაგამონაცვალი და ოთხგზის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი გამოვიდა. მისი განცხადებიდან რამდენიმე საათში სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
დაიხია თუ არა ხელისუფლებამ უკან? ჩავარდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები? რისი იმედი აქვს ოპოზიციას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:
_ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები თავიანთ წერილებში ღიად იყენებდნენ ტერმინ „პოლიტპატიმარს“ და მათ განთავისუფლებას ითხოვდნენ. „ოცნების“ ერთ-ერთმა სახე - კახა ოქრიაშვილმა, განაცხადა, იმისთვის რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს, პოლიტპატიმრები პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოსო. თქვენი აზრით, მან მმართველი პარტიის პოზიცია გაახმოვანა? დღის ბოლოს ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ უკან დაიხია?
_ დავიწყებ კახა ოქრიაშვილის განცხადებით: ის ნიჭიერი კაცია, მან იცის, რომ ხელისუფლება ცვლადია. ამ განცხადებას მხოლოდ მის ნიჭიერებას ნუ დავაბრალებთ. შეიძლება, მართლაც გულწრფელად ფიქრობდა, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლებულიყვნენ. ხელისუფლება თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია დათმობაზე წასვლა. 15 მაისის საღამოს ზურაბიშვილმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში დარჩა. მალე მასაც გაათავისუფლებენ.
მე კმყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. პოლიტპატიმრების განთავისუფლება ოპოზიციის ერთიანობისა და დასავლეთის ჩარევის შედეგია. კარგია, „ოცნებამ“ ყველაფერი რომ გააცნობიერა და უკან დაიხია. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მიიღებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ მანამდე ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, - ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ კორონასთან ბრძოლაში არ იქნებოდნენ ჩართული. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პარტნიორები კორონასაც კარგად უმკლავდებიან და იმასაც აკვირდებიან, თუ რა ხდება საქართველოში.
ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, დასავლეთის ასეთი მწვავე რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა - ის ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი. თანაც მათი მხრიდან ეს პირველი გადაგდება არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან დღემდე გადაგდებებით მოდის: 2012 წელს გადააგდო ხალხი _ არც ერთი დაპირება არ შეასრულა; მერე ყველა მოიცილა, ვინც მის გვერდით იბრძოდა; 2918 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოვიდა და გვითხრა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს გამოასწორებდა - არც ეს შეასრულა; 2019 წლის 24 ივნისს თქვა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით და ამაშიც გადააგდო ყველა, მათ შორის, დასავლეთი. ისე, არჩევნები სრულად პროპორციული წესით, ჯერ კიდევ, 2016 წელს უნდა ჩატარებულიყო. 2012 წელს ასე ამბობდა, ხელისუფლებაში თუ მოვალთ, მაჟორიტარულ სისტემას გავაუქმებთო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი თაღლითობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მას ადეკვატურად უპასუხებენ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი სისტემით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, „ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა და მათზეა დამოკიდებული, შევა თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებები.
_ შეეგუეთ იმას, რომ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება?
_ იმედი გვაქვს, რომ ცვლილება შევა, მაგრამ თუ კიდევ გაბედავენ გადაგდებას, არჩევნებს წააგებენ. ბიძინა ივანიშვილის ნდობის მანდატი ამოწურულია. და არა იმიტომ, რომ იგი რვა წელია ხელისუფლებაში, - მისი შესაძლებლობებია ამოწურული.
_ დარწმუნებული ხართ?
_ დიახ. მეტს ივანიშვილი ვეღარ გააკეთებს. ამას ნებისმიერი მოქალაქე კარგად ხვდება, მათ შორის, კახა ოქრიაშვილიც, რომელიც მისი გუნდის წევრია. ის 2012 წელს გადავიდა „ქართულ ოცნებაში“.
_ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ის „ნაციონალი“ იყო, 2004 წლამდე კი შევარდნაძის ბლოკს წარმოადგენდა.
_ ტყუილად კი არ გითხარით, რომ ნიჭიერი კაცია. მას ლავირება შეუძლია. ამასთან, არის რაღაცები, რაშიც უნდა დაეთანხმო. პოლიტპატიმრების ამბავში ვეთანხმებით და კარგია, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებდა.
_ კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შარშან თქვა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ წესზე გადასვლას მხარი არ უნდა დაუჭიროსო. ახლაც მას ხომ არ გააჟღერებინეს მეოცნებეებმა ის, რის გაკეთებასაც აპირებენ?
_ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ: კახა ოქრიაშვილი 2012 წლის შემდეგ გავიცანი. მას მტკიცედ სწამს, რომ ქვეყანაში მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს არის მისი შეხედულება. ის არ უნდა განვიხილოთ იმ დეპუტატების რანგში, ვინც შარშან ცვლილებები ჩააგდო. ოქრიაშვილი არასდროს აღიარებდა პროპორციულ სისტემას. ისიც ცხადია, რომ იგი გამხმოვანებელია. „ოცნებას“ უნდა ამ ცვლილებების ჩაგდება. ივანიშვილმა იცის, რომ სრულად პროპორციულს მწარედ წააგებს, მაჟოროტარებში უფრო აქვს შანსი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდება, - ის ნებისმიერი სისტემით დამარცხებადია.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ მისი შეასაძლებლობები ამოწურულია. არა მგონია, ის იმაზე უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ მესამე პრეზიდენტს გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა, - დასავლეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. მას ასევე ჰყავდა და დღემდე ჰყავს იდეური ამომრჩეველი.
_ ამომრჩეველი ბიძინასაც ხომ ჰყავს?
_ მისი ამომრჩევლები, ძირითადად, საჯარო მოხელეები არიან და ისინიც ყველა - არა. ამიტომ ივანიშვილი ფულსაც დახარჯავს არჩევნების მოსაგებად.
_ ეს სერიოზული კოზირია.
_ კი, მაგრამ ამ ფულით ყველას ვერ გასწვდება. ქართველი ხალხი აღარ გაიყიდება. არც დასავლეთი და არც საქართველოს მოსახლეობა მას სიტყვის გატეხას არ აპატიებს. მისი ადგილი პოლიტიკაში აღარ არის. ამას საქართველოშიც აცნობიერებენ და - დასავლეთშიც.
_ რატომ არ არის მისი ადგილი პოლიტიკაში?
_ იმიტომ, რომ ის ქვეყანას მართავს, როგორც შპს-ს. ის საქართველოს სახელმწიფოდ არ აღიქვამს, ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს და შეიცვლება კიდევაც.
_ დასავლეთიდან მოსულ წერილებს დავუბრუნდეთ, მათი ავტორები მეოცნებეებმა „ნაციონალებად“ გამოაცხადეს. ამაზე რას გვეტყვით?
_ ეს შეფასებები სამარცხვინოა. გია ვოლსკიმ ანდრიუს კუბილიუსს „ნაციონალი“ უწოდა. იციან, ვინ არის კუბილიუსი? - ის ბალტიისპირელებისთვის ისეთივე პერსონაა, როგორც ჩვენთვის - ზვიად გამსახურდია. ის გახლავთ დისიდენტი, ებრძოდა თავის რეჟიმს და ყველაფერი გააკეთა, რომ მის ქვეყანას დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. ასეთ ადამიანებს ყველგან დიდ პატივს სცემენ. მის სიტყვას სულ სხვა ფასი აქვს. მესმის, გია ვოლსკის, ცეკას ინსტრუქტორს, დისიდენტი როგორ მოეწონებოდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა. ეს კუბილიუსს ვერაფერს დააკლებს. ის ყოველთვის ემახსოვრებათ. ვოლსკის კი ძალიან მალე არავინ გაიხსენებს, ისევე როგორც „ოცნების“ სხვა ლიდერებს. მათ მაშინვე დაივიწყებენ, როცა „ოცნება“ გაქრება. გაქრება, როგორც, თავის დროზე, გაქრა „აღორძინება“. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია. მისი წასვლა კი „ოცნების“ სრულ ჩამოშლას გამოიწვევს.
შორენა მარსაგიშვილი