QronikaPlus
დავით ჭიჭინაძე: „ფსევდოოპოზიცია „ოცნებასთან“ მუდმივად კულუარულ  გარიგებაშია!“

დავით ჭიჭინაძე: „ფსევდოოპოზიცია „ოცნებასთან“ მუდმივად კულუარულ გარიგებაშია!“

2020-05-15 14:07:56

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას პრეზიდენტისთვის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით აღარ მიუმართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 22 მაისს, ანუ ზუსტად ერთ კვირაში, საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩება. იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები არ მოიხსნას, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. გავრცელებული ინფრომაციით, კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მომზადებულია, თუმცა უცნობია, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს 22 მაისის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ფაქტია: კორონავირუსის პიკი, ავად თუ კარგად, გავიარეთ და შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრებაც, მეტ-ნაკლებად, ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, დღის წესრიგში უკვე აქტიურად დგას საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი, უფრო სწორად, იმ შეთანხმებისთვის კანონის სახის მიცემა, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერბალურად გაფორმდა, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, შესაძლოა, ჩავარდეს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში მრგვალი მაგიდის ფორმატში იკრიბება, აცხადებს, რომ თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას დამოუკიდებელი დეპუტატებიც არ აპირებენ.

ასე, მაგალითად, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ დამფუძნებელი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე, ამბობს, რომ ის ცვლილებები, რაც მზადდება, არც „ქართული ოცნების“ დაპირებასთანაა კავშირში და არც - ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან. ამიტომ, როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, იგი არ აპირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

ამას გარდა, „ტრიბუნის“ ლიდერი უფრო მწვავე განცხადებასაც აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ ფრთასა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი გარიგება არსებობს.

„ხალხს რადიკალური ცვლილებები სჭირდება, რასაც ვერც კორონავირუსს ამოფარებული ხელისუფლება სთავაზობს და, მით უმეტეს, ვერც - ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ახალი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე იყოს ორიენტირებული, რაღაც გაურკვეველი არითმეტიკითაა  დაკავებული და მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავს, თანაც „ოცნებასთან“ გარიგებით, რაც, პრაქტიკულად, უკვე ყველასთვის აშკარაა“, - მიიჩნევს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ „ფსევდოოპოზიცია „ოცნებასთან“ მუდმივად კულუარულ  გარიგებაშია!“

„მე არც კონსულტაციებში მიმიღია მონაწილეობა და კენჭისყრის შემთხვევაში მხარდაჭერასაც გამოვრიცხავ, რადგან  არავის აინტერესებს, ესენი როგორ დაბინავდებიან. ხალხისთვის მთავარია ხვალინდელი დღე, ანუ ეკონომიკა და, ბოლოს და ბოლოს, საკვები. ამ კუთხით უკვე დიდი კატასტროფის წინაშე ვართ.

ზოგადად, იმ წუთიდანვე, როგორც კი „ქართულ ოცნებას“ ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა, ყველაფერს სათავისოდ ატრიალებს. ოპოზიცია კი კიდევ ერთხელ შევიდა მის თამაშში და, შესაბამისად, თავი კიდევ ერთხელ გადააგდებინა! პრინციპში, ეს გასაკვირიც არაა, რადგან „ოცნებამ“ ოპოზიცია კი არა, ხალხი გადააგდო არაერთხელ! ოპოზიციამ კი ხალხისგან მანდატაუღებელი მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტა  და ბუღალტერიით დაკავდა. შიგნით ვიღაცები ჯერ კულუარულად რიგდებიან, მერე ამ გარიგებაში თავს მოტყუებულად მიიჩნევენ და ეს მაშინ, როცა გაჰყვირიან, ყველაზე დიდი ფრაქცია ჩვენ ვართო. „ქართულ ოცნებასთან“ ყველაზე დიდი მოთამაშეებიც სწორედ ეგენი არიან და ყოველთვის ამიტომაც ტყუვდებიან!

ისინი, თავის დროზე, სააკაშვილმა მოატყუა, შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებზე - ივანიშვილმა, მერე - ისევ სააკაშვილმა, ანუ პოლიტიკური თამაშებით მათ, პრაქტიკულად, ყველაფერი წააგეს. შესაბამისად, მათთან რაიმე საერთოზე საუბარი ძალიან ცუდია, კონსულტაციები კი თავზე ლაფის დასხმაში ვარჯიშია“, - მიიჩნევს „ტრიბუნის“ ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ  ოლქების გადიდება, ანუ 120/30-ზე სისტემა „ოცნებისთვის“ 30 მაჟორიტარის ჩუქებაა.

დავით ჭიჭინაძე  „ოცნების“ შიგნით არსებულ განხეთქილებაზეც აკეთებს აქცენტს, ანუ ამ თემაზე საუბრისას ის თბილისის მერს გამოყოფს და კახა კალაძეს „თეთრ ყვავს“ უწოდებს“:

„კალაძე დიდი ხანია, ცალკე  სუბიექტია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი, აი, ეს საეჭვოა, თუმცა კალაძეს, ალბათ, ფეხბურთი შველის, ამბიციაც აქვს და თუ კანონი არ შეიცვალა, ანუ თბილისში 22 მაჟორიტარი დარჩა, მაშინ მას „ოცნებაში“ გაცილებით მეტი გავლენა ექნება და ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება“.

სხვათა შორის, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არც უმრავლესობის წევრი,  წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი აპირებს, თუმცა ის თანახმაა, რომ 8 მარტის ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება შესრულდეს, ანუ გარკვეულმა ადამიანებმა საპატიმრო დატოვონ.

მე ვერ ჩავერევი პრეზიდენტის უფლებებში და ვერც რჩევებს მივცემ მას, შეიწყალოს ისინი, მაგრამ პროცესი ასეთია: პრეზიდენტი ხვდება ერთ მხარეს, მეორე მხარეს და ალაგებს სიტუაციას. ეს პრეზიდენტის კომპენტენციის საკითხია. ვფიქრობ, თუ ის პატიმრებს შეიწყალებს, ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის 2020 წლის არჩევნების ჭრილში. ამ პატიმრებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათი გათავისუფლება საქმეს, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება“, - ამბობს ოქრიაშვილი.

სხვათა შორის, ეს ის ოქრიაშვილია, რომელიც, სხვა დეპუტატებთან ერთად, თავის დროზე, მაჟორიტარული არჩევნების საერთოდ გაუქმების წინააღმდეგი იყო. ერთი სიტყვით, მომავალი კვირიდან საქართველოში დიდი პოლიტიკური ბატალიები იწყება და კორონაჟამიანობით შეწუხებულ ხალხსაც სანახაობა არ მოაკლდება.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება