- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-14 14:33:13
მართალია, ჯანმო დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებს და ჩვენი ექიმებიც ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი არსად წავა, ანუ მუდმივად ჩვენთან დარჩება და ადამიანებს კარგა ხანს პირბადეებით ცხოვრება მოგვიწევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მსოფლიო „ლოკდაუნიდან“ ნელ-ნელა გამოდის. მკაცრი შეზღუდვები საქართველოშიც იხსნება, თუმცა ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომაზე ვირუსი, შესაძლოა, ხელახლა გააქტიურდეს და, შესაბამისად, ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ არა, გარკვეული შეზღუდვების კვლავ დაწესება მოუწიოს. იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსი ახალია და მისი ბუნება ზუსტად არავინ იცის, რასაკვირველია, გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩვენებური ოპოზიცია უკვე მიანიშნებს, რომ „ოცნება“ „უჩინარ მტერს“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ანუ გარკვეული აზრით, თუ შემოდგომაზე საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდა, ამის რეალური მიზეზი კორონას რეინკარნაცია კი არა, არჩევნების გადადება იქნება. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ „ოცნება“ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს, ანუ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. ოპოზიცია კი აცხადებს, თუ ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა და სხვა ადამიანები, რომლებიც ციხეში პოლიტიკური ნიშნით არიან, არ განთავისუფლდებიან, 8 მარტის მემორანდუმი ჩავარდება. ვითარებას დასავლელი გავლენიანი პოლიტიკოსების განცხადებებიც ამწვავებს, რომლებიც კორონაჟამიანობის მიუხედავად, საქართველოსთვის იცლიან და „ოცნებას“ მოუწოდებენ, შეთანხმება შეასრულოს.
მართალია, მმართველი გუნდი ყველა უცხოელს, რომელიც ზემოხსენებულ მოწოდებას აკეთებს, „ნაციონალად“ ნათლავს, მაგრამ ფაქტია: კორონობის გამო „დაპაუზებული“ პოლიტიკური ცხოვრება ნელ-ნელა „იქოქება“ და შესაბამისად, მთავარი ახალი ამბებიც ვირუსზე კი არა, მოახლოებულ არჩევნებზე „ტრიალებს“.
მოკლედ, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ რატომ ეგონა ოპოზიციას, რომ „ოცნება“ პირობას მეორედ მაინც შეასრულებდა და, საერთოდ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ძველი წესით ჩატარდება? - ამ თემებზე „ქრონიკა+“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას ესაუბრა. სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, იმასაც გეტყვით, რომ ოპოზიციის ე. წ. მრგვალმა მაგიდამ „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრები გუშინ განაახლა - მშრომელთა პარტიის ეზოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სოციალური დისტანციის დაცვით შეიკრიბნენ. შალვა ნათელაშვილი კი ინიციატივით გამოვიდა, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქცია სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართოს.
20 ივნისამდე თვე-ნახევარზე მეტია დარჩენილი. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ მოხდება. მანამდე კი გთავაზობთ დაპირებულ ინტერვიუს გიორგი გუგავასთან.
- ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორონაკრიზისს სათავისოდ იყენებს. ამ ფონზე ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს, რომ „ოცნების“ პოლიტიკური ვნებები „უკან დახიოს“?
- ფაქტია: ხელისუფლება, მართლაც, სათავისოდ იყენებს კორონაკრიზისს: ერთი მხრივ, შიდა პატიმრობაში მოაქცია მოსახლეობა, გამოაცხადა კომენდანტის საათი, ასევე დააწესა ისეთი შეზღუდვები, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში არაა და ამით მთლიანად მოკლა პოლიტიკური პროცესი.
მეორე მხრივ კი ეს სიტუაცია გამოიყენა ბიზნესის სრული მონოპოლიზებისთვის და კორონას სახელით ურცხვად ძარცვავს მოსახლეობას!
ოპოზიცია ერთიანად და კოორდინებულად უნდა დაუპირისპირდეს ამ ქმედებებს, მით უმეტეს, რომ სახეზეა საერთაშორისო მხარდაჭერა და ზეწოლა ხელისუფლებაზე!
- ოპოზიციამ, განსაკუთრებით, საპარლამენტომ, თავიდანვე შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას უპირობოდ დაუჭირა მხარი?
- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უმეტეს, მისი გაგრძელება 22 მაისამდე ასეთი დრაკონული შეზღუდვებით და მოსახლეობის გაწირვა საშიმშილოდ, ყოველგვარი ეფექტიანი სოციალური მხარდაჭერის გარეშე, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო.
სხვათა შორის, ასეთი მკაცრი რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი თავიდანვე ვიყავით და შეძლებისდაგვარადაც ვაპროტესტებდით.
- ისე, რატომ გქონდათ იმედი, რომ „ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებდა და ისევ არ „გადაგაგდებდათ“?
- ამათი იმედი და, მით უმეტეს, მათი დადებული პირობის, ჩვენს მტერს ჰქონდეს!
- ეს როგორ გავიგოთ?
- ამ მიმართულებით ზედმეტი ილუზიები არ გვქონია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ მოინდომეს საერთაშორისო პარტნიორების გადაგდება, რომლებიც ამ შეხვედრების ფასილიტატორები (სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, - რედ.) და ასევე გარანტორებიც იყვნენ.
ამდენად, ეს თაღლითობა და შულერობა ძალიან ძვირად დაუჯდებათ.
- ანუ?
- ამას აუცილებლად მოყვება სანქციები! შესაბამისად, პოლიტიკურ ძალაუფლებასაც დაკარგავენ და - მოპარულ ქონებასაც!
- თუ არჩევნები ძველი წესით ჩატარდება, ოპოზიციას წარმატების მიღწევის რა შანსი დარჩება?
- თუ ხელისუფლება გაბედავს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, ანუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს არ განახორციელებს, ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად არც ქვეყნის შიგნით ჩაითვლება და არც - საერთაშორისო საზოგადოებაში.
ეს რა მძიმე შედეგებითაც დასრულდება, ადვილი წარმოსადგენია. ოპოზიცია, ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაიმარჯვებს, ივანიშვილმა საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა!
- ჩვენში დარჩეს და, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომაზე ვირუსი ისევ გააქტიურდეს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც დღის წესრიგში ხელახლა დადგეს, ანუ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება ექიმების დახმარებით არჩევნების გადადებას ცდილობს?
- ჩემდა სამწუხაროდ, სპიკერ-ეპიდემიოლოგები ხელისუფლების პოლიტდაკვეთების შემსრულებლებად გადაიქცნენ და ცდილობენ, ისეთი საზოგადოებრივი აზრი შექმნან, როგორიც ხელისუფლებას აწყობს.
- უფრო კონკრეტულად?
- ანუ ცდილობენ, დაუსაბუთებელი შეზღუდვების უსაშველოდ გაგრძელება გაამართლონ. სწორედ ამას ემსახურება შემოდგომისთვის ვირუსის ხელახლა მობრუნებაზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ვერაფერი უშველით!
კორონათი ისარგებლეს და თავად იქცნენ პოლიტკორონა ვირუსად, ამიტომ ერთსაც დავამარცხებთ და - მეორესაც!
გიორგი აბაშიძე