- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-14 10:36:44
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზი გზის 36-ე მონაკვეთზე - იქ, სადაც 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა, ახალი ზვავის ჩამოწოლაა. საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად ჩაიხერგა. დღეს დილიდან (14.05.) ადგილზე ვითარების შესასწავლად ზედამხედველი კომპანია წავიდა, რომელიც აღნიშნულ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
„გზის გაწმენდამდე გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს და ამის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები. 35-კილომეტრიანი მონაკვეთი ქვა-ღორღისგან და მეწყრისგან გასუფთავდა, თუმცა კიდევ მიმდინარეობს მეწყრულ-ღვაცოფული ადგილების დამუშავება. სავარაუდოდ, 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება“, - განმარტავს ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი.
რთული კლიმატური პირობების გამო თუშეთში, ვიზიტორები მოგზაურობას, სავარაუდოდ, 5 ივნისიდან შეძლებენ.
დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელიც ყოველკვირეულ რეისს რამდენიმე წელია, ახორციელებს.
მაკა მოსიაშვილი