- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-10 10:52:24
რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ დასავლეთიდან? რატომ არ ღირს მათიკაშვილის მსგავს ტიპებზე კომენტარის გაკეთება? არსებობს თუ არა რეალურად დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზეა საუბარი? რა როლის შესრულება შეუძლია ამ რთულ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი ესაუბრება:
_ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით, მათიკაშვილი, წინასწარმეტყველებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გაქრება...
_ ამ ადამიანზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ის არასერიოზული და კომიკური ფიგურაა. რამდენიმე წელია, რაც არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და აშკარაა, რომ ის რეალობას არის მოწყვეტილი. წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება. ისიც არ იცის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში. თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი პარტიაა. ასეთი არის ჩრდილოეთ კორეა. თუ ის თავისი გუნდის პოზიციას აჟღერებს, ეტყობა, მათ უნდათ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეად გადააქციონ, რაც არ გამოუვათ. ეს შეუძლებელია. სულ რაღაც რამდენინე თვე მოგვიწევს მათიკაშვილისა და მისი თანაგუნდელების უაზრო განცხადებების მოსმენა. არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება კოალიციური მთავრობა. „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა და თუ კიდევ ექნებათ ამის თავი, ოპოზიციიდან შეუძლიათ უკვე არაადეკვატური განცხადებების გაკეთება.
_ მათიკაშვილი კომიკური პერსონაა და სერიოზულად არ აღვიქვამთო. თალაკვაძე პარლამენტის სპიკერია და უფრო სერიოზული პერსონაა, მის განცხადებასაც არასერიოზულად აღიქვამთ? მანაც ხომ თითქმის იგივე თქვა ოპოზიციაზე?
_ თალაკვაძის განცხადება უფრო სხვა კონტექსტში იყო. ის ერთ კონკრეტულ პარტიას გულისხმობდა. მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ ზეწოლისგან, რომელსაც დასავლეთიდან განიცდიან. დასავლეთი „ქართული ოცნებისგან“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ესენი ამ ვალდებულებების შესრულების ვადებს ყველანაირად წელავენ. ეგონათ, რომ დასავლეთი პანდემიის გამო ჩვენთვის ვეღარ მოიცლიდა, მაგრამ მოიცალა. მოიცალა და „ოცნებას“ სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეასრულონ ის შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გაფორმდა.
დასავლეთის ზეწოლის პარალელურად კიდევ ერთი უბედურება დაატყდა „ქართულ ოცნებას“ თავს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და ამან ჩვენი ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო. ამ ვითარებაში კომიკური პერსონის, მათიკაშვილის არაადეკვატური განცხადებები, არ უნდა გაგვიკვირდეს.
_ კომიკურ პერსონას ნამდვილად ვერ დავარქმევთ გახარიას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. თან განცხადების ბოლოს დასძინა,- წერტილიო. სიტყვა წერტილი მეტ დამაჯერებლობას სძენს განცხადებას, თუ რა ხდება?
_ 9 მაისს პრემიერმა გიორგი გახარიამ ორი წერტილით დაგვამახსოვრა თავი. კარგად მესმის მათი პოზიცია. გახარიამ რომ აღიაროს, პოლიტპატიმრები გვყავსო, მაშინ მთელი მთავრობა უნდა ადგეს, დაიხუროს თავზე ქუდი და წავიდეს. არც ერთი ხელისუფალი არ აღიარებს, რომ მას პოლიტპატიმრები ჰყავს. ესენი იმასაც ამბობენ, რომ მართლმსაჯულებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ ერევიან. რაც უნდა ის თქვან, მაგრამ 8 მარტს გაფორმებული ისტორიული შეთანხმება იურიდიულად უნდა შევიდეს ძალაში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გულისხმობს. ეს კი პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე არ მოხდება. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ იგი მზადაა, იყოს შუამავალი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი ფიგურა და ყველას პრეზიდენტია. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მას შეუძლია, 8 მარტის ისტორიულ შეთანხმებას ბოლომდე გზა გაუხსნას.
_ ეს როგორ უნდა გააკეთოს?
_ მას, ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის გარეშე, ძალიან მარტივად შეუძლია ხელი მოაწეროს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. სულ 10 წუთი სჭირდება, რომ ქაღალდზე დაწეროს ორი ადამიანის _ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას განთავისუფლების ბრძანება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ხელისუფლებას დაეხმაროს დასავლეთთან ურთიერთობის არგამწვავებაში. კიდევ ერთხელ რომ არ გადააგდოს „ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა და მსოფლიო - ამის აღკვეთა ქალბატონ პრეზიდენტს ძალუძს.
_ ძალუძს, მაგრამ გააკეთებს?
_ ეს მისი გადასაწყვეტია. მას შეუძლია, ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთი სწორი გადაწყვეტილების მიმღები. ხომ შეიძლება, პრეზიდენტს ერთი სწორი გადაწყვეტილება მაინც ჰქონდეს მიღებული? პოლიტპატიმრების განთავისუფლების ბრძანებას თუ მოაწერს ხელს, ამით „ქართულ ოცნებასაც“ დაეხმარება.
_ ბევრს საუბრობთ 8 მარტის შეთანხმებაზე. არსებობს ამის ამსახველი დოკუმენტი? ხელისუფლება რატომ იმეორებს დაჟინებით, რომ მსგავსი შეთანხმება არ შემდგარა? სიტყვაზე ენდეთ „ქართულ ოცნებას“?
_ არა, ბატონო, სოტყვაზე არ ვენდეთ. არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, თუ როგორ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამაზე არაერთი განცხადება გააკეთეს ოპოზიციის იმ ლიდერებმა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ მოლაპარაკებებს.
აქვე გაგახსენებთ რამდენიმე კვირის წინ გამოტანილ სასამართლოს განაჩენს, როცა ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციაში მონაწილეობის გამო 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მეორე დღესვე აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის ელჩმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატები აიძულა, რომ მათ განცხადებაში კონკრეტული გვარები ჩაეწერათ. დიპლომატები გვარების დასახელებას ერიდებიან ხოლმე. 8 მარტის შეხვედრაზე „ოცნებამ“ დიპლომატების თანდასწრებით დადო პირობა, რომ გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავას გაათავისუფლებდნენ. ამიტომაც ჰქონდათ საელჩოებს მყისიერი რეაქცია; ამიტომაც წამოვიდა დასავლეთიდან წერილები, როგორც კი პანდემია ჩაცხრა.
_ ამ წერილების ფონზე „ქართული ოცნება“ გაბედავს, რომ კიდევ ერთხელ გადააგდოს მსოფლიო და ქართველი ხალხი?
_ მინდა მჯეროდეს, რომ ეს აღარ მოხდება. ორი თვე ისედაც გაიყვანეს დრო. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კორონას იყვნენ ამოფარებული. ამ პანდემიამ საქართველოს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, რასაც დასავლეთის დახმარების გარეშე ვერ მოაგვარებენ. პოლიტპატიმრებს თუ არ გაათავისუფლებენ, დასავლეთი არ დაგვეხმარება. ყოველდღე მოვა 10 და 15 წერილი. ივანიშვილის ხელისუფლებას მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა. თუ მათ ამის გაკეთება და პოლიტპატიმრების აღიარება არ სურთ, სალომე ზურაბიშვილს ძალუძს მნიშვნელოვანი როლის თამაში. როგორც უკვე გითხარით, მას 10 წუთში შეუძლია, პოლიტპატიმრების განთავისუფლების ბრძანებას მოაწეროს ხელი.
შორენა მარსაგიშვილი