QronikaPlus
ლელა ჯეჯელავა: „ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სასურველი სცენარით მართვას პროფესიონალი მედიკოსებით შეეცადა!“

ლელა ჯეჯელავა: „ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სასურველი სცენარით მართვას პროფესიონალი მედიკოსებით შეეცადა!“

2020-05-09 10:09:21

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) უწინდებურად დამზაფრავ განცხადებებს აკეთებს, ფაქტია: მსოფლიო კორონასთან ცხოვრებას სწავლობს და ქვეყნებიც ნელ-ნელა „იქოქებიან“. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მედიის მთავარი თემა მხოლოდ კორონა აღარაა, ანუ წინა პლანზე უკვე პოლიტიკურმა ამბებმა წამოიწია. მაინც, რა გვასწავლა კორონამ, რატომ აქვთ „ქოცებს“ ისტერიკა“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის გამო და, ზოგადად, რატომ ჰგონია საზოგადოების მცირე ნაწილს, რომ კორონაპანდემიის მთავარი მიზანი ხალხის „მასობრივი დაჩიპვა“ იყო? - ყველა ამ თემაზე „ქრონიკა+“ ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელს, ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

- ქალბატონო ლელა, კორონაპანიკა, ასე თუ ისე, ჩაცხრა. უკვე შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც?

- კორონავირუსს ისეთი დიდი აფეთქების ეფექტი, ცხადია, არ ჰქონია, რომ ახალი სამყარო მყისიერად დაბადებულიყო, მაგრამ ის კაცობრიობისთვის ნამდვილად  სატესტო რეჟიმი იყო.

- ანუ?

- მიუხედავად იმისა, ამ ვირუსზე ვინ რას ფიქრობს, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა - დაპაუზებული  კაცობრიობა: გაჩერდა  თითქმის ყველაფერი, რაც ადამიანის გონის მიერ იყო შექმნილი, გარდა იმ სფეროებისა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდა და ამის მიღმა მთელი  ძალმოსილებით ჩქეფდა  სიცოცხლე, რომელსაც ადამიანისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

- რას გულისხმობთ?

- გაჯანსაღდა ეკოლოგია, შესამჩნევი პოზიტიური ძვრები დაიწყო ფლორასა და ფაუნაშიც. ერთი სიტყვით, კორონავირუსმა  ნათლად გავაჩვენა, რომ თუ ჩვენ არ მივუბრუნდებით სიცოცხლის  საზრისს, სიცოცხლე ჩვენ გარეშეც მშვენიერი იქნება! ამას წინათ ბუკერის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ინდოელი მწერალი ქალის, არუნდატი როის ქართულად ნათარგმნი ესე წავიკითხე - „პანდემია პორტალია“,  რომელიც არაჩვეულებრივი სიღრმით და სიცხადით აღწერს ინდოეთში შექმნილ ვითარებას პანდემიის პერიოდში.

„ისტორიულად, პანდემიები ადამიანებს წარსულთან განშორებასა და განახლებულ სამყაროზე ფიქრს აიძულებდნენ. ესეც არ არის გამონაკლისი. ეს პორტალია, კარიბჭეა ერთიდან მეორე სამყაროში გადასასვლელად.

ჩვენ შეგვიძლია მასში შევიდეთ, თან შევათრიოთ ჩვენი მცდარი აზრებისა და ზიზღის ჩონჩხები, ჩვენი სიხარბე, ჩვენი საბანკო ანგარიშები და მკვდარი იდეები, ჩვენი მკვდარი მდინარეები და კვამლიანი ცა. ან შეგვიძლია მსუბუქად შევიდეთ მცირე ბარგით, სხვანაირ მსოფლიოზე ფიქრისა და მისთვის ბრძოლისთვის გამზადებულნი“, - წერს არუნდატი როი და ამ მოსაზრებას სრულიად ვიზიარებ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ვერ შეველევით ყველაფერ იმას, რაც  გვაკარგვინებს შანსს, რომ შევირგოთ ღვთითბოძებული სიცოცხლის სისავსე, აუცილებლად კვლავ დაგვაპაუზებენ, თან უფრო დიდი ხნით და უფრო მკაცრი იქნება გაკვეთილები. დიახ, მჯერა, რომ პოსტკორონასეულ ადამიანთა უმრავლესობა უფრო გონიერი, უფრო სულიერი, უფრო სოლიდარული, თანამლმობი და რაც მთავარია, უფრო ფხიზელი იქნება! ცხადია, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უფრო რთული გამოწვევა გვექნება დასაძლევი, მაგრამ პანდემიის პერიოდში შეძენილი უნარ-ჩვევები, ჩვენი აზროვნების ახალი ფორმები, რომელსაც შეიძლება, ახლა ბოლომდე ვერც ვაცნობიერებთ, აუცილებლად დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს!

ისე, თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებს შეგვეზღუდა ყველაფერი - ფინანსები, საკვები, გადაადგილება, გარკვეულწილად, განათლება და მკურნალობაც. ერთადერთი, რაც შეუზღუდავად გვქონდა, ეს ინფორმაცია იყო. ყველაზე სახიფათო სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავ  ნაკადებში  თავისუფლად მცურავი ადამიანის ინფორმაციულ მორევში დაკარგვა გახლდათ, მაგრამ ადამიანები უკვე აღარ ენდობიან ინფორმაციას, ეჭვით უყურებენ, სიფრთხილით ეკიდებიან და არც დასკვნების გაკეთებას  ჩქარობენ. ესეც კორონას გამოცდილებაა! ძალიან დიდი ძალისხმევა, შეიძლება ითქვას, ხელახლა დაბადება დასჭირდება  პოსტკორონასეულ პერიოდში მედიას, რომ ისევ შეძლოს ადამიანის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა!

- გეთანხმებით, ქალბატონო ლელა და, აქვე, ისიც ვთქვათ, რომ კორონამ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა. ასე, მაგალითად, მსოფლიოს ოთხ ათეულზე მეტ ქვეყანაში არჩევნები გადაიდო. უნდა ველოდოთ, რომ არჩევნები არც პოსტკორონულ საქართველოში ჩატარდება?

- არ ველი, რომ საქართველოში არჩევნები გადაიდება.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი, რომელიც მთელი პანდემიის პერიოდში შიშის ზარს გვცემდა თავისი აპოკალიფსური განცხადებებით, საქართველოს მისთვის უჩვეულო ოპტიმისტური მომავალი უწინასწარმეტყველა და გვითხრა, რომ ეპიდემიის ხელახლა აფეთქება აღარ გვემუქრება. ასე რომ, „ოცნების“ ხელისუფლებას მოკავშირეობაზე  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმაც კი უარი უთხრა. როგორც ჩანს, კორონავირუსის მიზეზით არჩევნები ვერ  გადაიდება. არჩევნების გადადების მცდელობას არ დაუშვებს არც პოლიტიკური ოპოზიცია და არც - საზოგადოება. 

- ამასობაში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც „ქოცური“ ისტერიკა მოჰყვა. ეს რა ლოგიკაში ჯდება?

- „ოცნების“ ქმედებებში ლოგიკას მე კი არა, პლატონიც ვერ აღმოაჩენდა! სწორად შეარჩიეთ სიტყვა - „რეაქცია“. დიახ, ელჩის გამოწვევა და დიპლომატიური ომის წამოწყება სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროპის უდიდეს სახელმწიფოსთან მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, სააკაშვილის ფობიით შეპყრობილი გაჭირვეულებული ადამიანების რეაქციაა, რომელშიც საღ აზრს, სახელმწიფოს ინტერესებზე ფიქრსა და  საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების გააზრების უნარს ვერაფრით  იპოვით. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას და მის მრჩევლებს, თუ ასეთები ჰყავს, არ შესწევთ უნარი, სწორად გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს უკრაინის გადაწყვეტილება  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შესახებ და მას მხოლოდ „ქოც-ნაცური დაპირისპირების“ ვიწრო პრიზმაში განიხილავენ. არადა, ეს გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომლის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მისი უსაფრთხოებისა და  სუვერენიტეტისთვის!

ხელისუფლებამ ასეთი რეაქციით მხოლოდ საკუთარი თავი დაიზიანა და კიდევ ერთხელ დააყენა დარტყმის ქვეშ „ქართული ოცნების“ დემოკრატიულობისა და პროდასავლურობის იმიჯი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, თუმცა უამისოდაც  უკვე ნაკლებად იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს სარწმუნო.

- კორონას პარალელურად, ვიღაცები  მასობრივ დაჩიპვაზე ავრცელებენ ხმას. ყველაფერი ეს, ანუ პანდემია და დაჩიპვის შიში, ერთმანეთთან კავშირში ხომ არაა და, ზოგადად, რატომ ეშინია საზოგადოების ნაწილს ვაქცინაციის?

- კორონას საწინააღმდეგო ვაქცინისა და დაჩიპვის მითი  ანტიქრისტეს პოლიტიკური პროექტის ნაწილია. ცხადია, ყველაფერი ეს წინასწარ დაანონსებული მეორედ მოსვლის პირობებში უფრო მეტ სიმძაფრეს იძენს. ალბათ, გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირში, თავისუფალი სამყაროს დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ვაქცინაცია სავალდებულო იყო, თუმცა მაშინ, გასაგები მიზეზების გამო, დაჩიპვასა და მეორედ მოსვლასთან იგი არავის დაუკავშირებია. როგორც ხედავთ, „საბჭოთა ჩიპები“ გადავიტანეთ საბჭოთა კავშირთან ერთად, ახლა ზოგს ეშინია, რომ  „ამერიკული ჩიპი“ „საბჭოთა ჩიპის“ ანტიდოტი არ აღმოჩნდეს. ეს ხუმრობით, რასაკვირველია.

უფრო სერიოზულად კი, „დაჩიპვა“ საინფორმაციო ომის ნაწილია, რაც ისტორიის კუთვნილებად გადაიქცევა!

- ქალბატონო ლელა, საუბარი შიდა პოლიტიკით დავასრულოთ, ანუ გასაგებია, რომ ბოლო ორი თვე პოლიტიკური აქტიურობა არ იყო, მაგრამ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება რატომ დაივიწყა, ანუ ოპოზიციის ნაწილს ეს დუმილი ხომ არ აწყობდა?

- ცხადია, პანდემიამ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა  მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც. პოლიტიკურმა ოპოზიციამ  სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და პანდემიის საწყის ეტაპზე სრულიად სოლიდარული იყო ხელისუფლების მიმართ - ზედმეტი  განხილვისა და კრიტიკის გარეშე მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას  და მორატორიუმი გამოაცხადა ხელისუფლების კრიტიკაზე.

სამწუხაროდ, ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ გაზრდილი უფლებამოსილების გამოყენება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად მოინდომა და, პრაქტიკულად, მოცლილ პოლიტიკურ ველზე  საარჩევნო კამპანია წამოიწყო.  აქვე, ვიტყვი, რომ ძალიან არაკორექტულად მოექცნენ ჩვენს მედიკოსებს, იმ ადამიანებს, რომელთა ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის წყალობითაც  ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების შეკავება და მართვა მოხდა.

ხელისუფლება ამოეფარა პროფესიონალ მედიკოსთა  ზურგს და მათი საშუალებით პოლიტიკური პროცესების  სასურველი სცენარით მართვას შეეცადა. სწორედ ამიტომ  იყო შემთხვევები, როდესაც ექიმებს უწევდათ პოლიტიკური და თეოლოგიური შინაარსის  განცხადებების კეთება, რაც სრულიად სცდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ იგი დაივიწყა. არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ამ შეთანხმების დავიწყების შესაძლებლობას არ მისცემენ ის საერთაშორისო აქტორები, რომელთა უშუალო ძალისხმევითა და თანამონაწილეობითაც შედგა ეს შეთანხმება. ამას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის განაჩენის გამოტანისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ძალიან მკაცრი განცხადებები და კუბილიუსის წერილი, სადაც მკაფიოდაა ხაზგასმული 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკური პატიმრების ნაწილის შესრულების აუცილებლობა. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სიფრთხილით გამორჩეული ივანიშვილი ასეთ პოლიტიკურ „ვა ბანკში“ (როგორც თვითონ იტყოდა) წავა და აიძულებს საერთაშორისო საზოგადოებას, სანქციების ბერკეტი აამუშაოს. ჩანს, გადაწყვეტილებების მიმღებ ინსტიტუტებში ამისთვის მზაობა არსებობს, სწორედ ამაზე მეტყველებს  პანდემიის პირობებში  ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტული კონგრესმენ ბიშოპის შეერთება მალერის მიერ მომზადებული აქტისადმი.

მოკლედ, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ პოსტკორონასეულ საქართველოს და მსოფლოს მომავალს. ეს იქნება დიდი ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდი, მათ შორის, ხელისუფლებების ცვლილებიც  აუცილებლად მოხდება!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება