- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-07 15:27:34
მართალია, ევროპის ცალკეულმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომაც მკაცრი შეზღუდვების ე. წ. შერბილება დაიწყეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ზუსტად არავინ იცის, კორონაპანდემია როდის დასრულდება. ამასთან, დანამდვილებით არც იმის თქმა შეიძლება, როდის იქნება კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა თუ სამკურნალო პრეპარატი, ანუ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „უხილავ მტერს“, ჯერჯერობით, ისევ უპირატესი მდგომარეობა უჭირავს. ერთი სიტყვით, ახალი კორონავირუსი კაცობრიობისთვის ერთგვარი რებუსია, - რებუსი, რომელიც, ადამიანურ ტრაგედიებთან ერთად, ბევრ ბნელ ისტორიასაც მალავს.
ასე, მაგალითად, როგორც საერთაშორისო მედიით ხდება ცნობილი, რუსეთში, სადაც ვირუსი უსწრაფესად ვრცელდება და მისით უკვე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანია დაინფიცირებული, გაურკვეველ ვითარებაში უკვე მესამე ექიმი გარდაიცვალა. უფრო სწორად, ორი გარდაიცვალა, მესამე კი მძიმე მდგომარეობაშია, თან გასათვალისწინებელია, რომ სამივე დასტაქარი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა.
„ექიმის ფანჯრიდან გადახტომის მესამე შემთხვევა ვორონეჟის რეგიონში მოხდა. კორონავირუსით დაავადებული სასწრაფო დახმარების ექიმი მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ექიმმა განაცხადა, რომ კორონათი იყო დაინფიცირებული, თუმცა ამის მიუხედავად, მუშაობას მაინც აიძულებდნენ. ალექსანდრ შულეპოვი, როგორც მისი კოლეგები ამბობენ, საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.
ყველაფერი კი 22 აპრილს, ანუ იმ დღეს დაიწყო, როცა კოვიდინფიცირებული ექიმი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტესტი რამდენჯერმე ჩაუტარეს და გაირკვა, რომ იგი კორონავირუსისგან განიკურნა. შესაბამისად, ექიმი საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ, მაგრამ ფანჯრიდან სწორედ ამ დროს გადავარდა.
რატომ გადახტა რუსი ექიმი ფანჯრიდან? - ამის მიზეზი უცნობია,“ - ესაა ის მოკლე ინფორმაცია, რომელიც რუსულ მედიაში ვრცელდება.
ისე, რუსეთი პირველი ქვეყანა არაა, სადაც კორონასთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები გაურკვეველ ვითარებაში ან იღუპებიან, ან უჩინარდებიან. ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, ე. წ. უბედური შემთხვევისგან დაცული არავინაა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროფესორი, რომელიც კორონავირუსის თემაზე მუშაობდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „სი-ენ-ენ“-ი იუწყება, კრიმინალური შემთხვევა ქალაქ პიტსბურგში მოხდა.
„პროფესორი ბინგ ლიუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციის ცნობით, პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარია აღმოჩენილი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი საკუთარ მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ“, - იუწყება ამერიკული მედია.
კორონავირუსთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების - ექიმების, ჟურნალისტებისა თუ იურისტების მკვლელობები თუ გაუჩინარებები, ჯერ კიდევ, ჩინეთში დაიწყო. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩინეთში დააპატიმრეს, მოკლეს ან გაუჩინარდა, კორონასთან დაკავშირებით, მინიმუმ, კრიტიკულ კითხვებს სვამდა.
ჩინეთის კორონაკრიმინალის ქრონიკა კი ასეთია:
2019 წლის 6 დეკემბერს, როგორც სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“ იუწყება, ჩინეთში კორონავირუსი პირველ პაციენტს დაუდგინდა. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ პაციენტ „ზეროს“ კონტაქტი ჰქონდა ვუჰანის თევზის ბაზართან. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით მისი ცოლიც დაინფიცირდა.
ამ ამბიდან გავა ორ კვირაზე მეტი და ვუჰანის საავადმყოფოს მედპერსონალს კორონასთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ.
დეკემბრის ბოლოს კი ის პირველი პაციენტი „გამოჩნდება“, რომელსაც არც ვუჰანის თევზის ბაზართან ჰქონდა კავშირი და არც - დაინფიცირებულ მედპერსონალთან. სწორედ ამის შემდეგ ექიმი ლი ვენლიანი განგაშის ზარებს ჩამოჰკრავს და ახალ უცნობ ვირუსზე დაიწყებს ლაპარაკს. ამასთან, 34 წლის ოფთალმოლოგი კოლეგებს ურჩევს, რომ აუცილებლად ატარონ პირბადეები. ყველაფერ აქედან გავა ოთხი დღე და ოფთალმოლოგს ჩინეთის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში იბარებენ და ბრალს სდებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.
პარალელურად, ჩინეთის პოლიცია ამბობს, რომ ოფთალმოლოგის გარდა ჭორის გავრცელებაში კიდევ 7 ადამიანია ბრალდებული.
ამასობაში, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოც მოვა და ახალგაზრდა ოფთალმოლოგი მორიგ სკანდალურ განცხადებას გააკეთებს, ანუ ის იტყვის, რომ ახალი უცნობი ვირუსითაა ინფიცირებული და ნათქვამის გასამყარებლად სპეციალურ დოკუმენტსაც გაასაჯაროებს.
ჩინეთის ხელისუფლება იძულებული ხდება, 34 წლის ოფთალმოლოგს იმის გამო, რომ ჭორის გავრცელებას ედავებოდა, ბოდიში მოუხადოს, თუმცა, როგორც იტყვიან, ბოდიში წამალი არ აღმოჩნდება - კორონათი ინფიცირებული ექიმი 7 თებერვალს გარდაიცვლება.
პარალელურად, ცნობილი გახდება, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, აინ ჰენი. ეს ის ექიმი გახლდათ, რომელმაც ახალი ვირუსის გავრცელებაზე განგაში ატეხა და გარდაცვლილმა ოფთალმოლოგმაც სწორედ მისგან გაიგო, რომ დედამიწაზე მომაკვდინებელი ვირუსი დაძრწოდა.
სხვათა შორის, დღემდე არაა ცნობილი, აინ ჰენი ვირუსით გარდაიცვალა თუ საპრყრობილეშია?
ექიმ აინ ჰენის ბედს ჩინელი მილიონერი, უძრავი ქონების მაგნატი, რენ ჟიხიანიც გაიზიარებს, ანუ მას შემდეგ, რაც მილიონერი ვირუსთან დამოკიდებულების გამო ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას სოციალურ ქსელში გააკრიტიკებს და ქვეყნის პრეზიდენტს კლოუნს უწოდებს, ის გაუჩინარდება.
ასევე, მოულოდნელად გაუჩინარდა 25 წლის ჟურნალისტი ლი ზეჰუა, რომელიც ჩინეთის „სახელმწიფო მაუწყებელზე“ მუშაობდა და ვუჰანში მძვინვარე ვირუსის ქრონიკებს აგროვებდა.
ყველა ზემოთქმული ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან დიდ საიდუმლოს მალავს, საიდუმლოს, რომლის გამჟღავნებაც ვიღაცას ან ვიღაცებს არ უნდათ, თუმცა, ალბათ, გავა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება, მით უმეტეს, არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს!
გიორგი აბაშიძე