- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-07 12:17:32
ექსპერტები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში რუსული ინვესტიციები ყოველთვის შემოედინებოდა და იგი არც არასოდეს შემცირებულა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2013 წლის შემდეგ მათი ნაკადი 41%-ით გაიზარდა და 250 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დღესდღეობით ყველაზე დიდი რაოდენობის რუსული კაპიტალი წარმოდგენილია ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებში, ასევე ქიმიურ, მადნეულისა და კვების მრეწველობაში.
კომპანია „ლუკოილი“ საქართველოში ფლობს 20-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და - ამდენივე ნავთობბაზას. იგი ნავთობით მარაგდება აზერბაიჯანიდან. მასზე მოდის დიზელის საწვავისა და სხვადასხვა მარკის ბენზინის საცალო რეალიზების 20-25%.
რაც შეეხება „ვიმპელკომს“ („ბილიანის“ სავაჭრო ნიშანი), იგი აბონენტთა რაოდენობით მეორე ფიჭური ოპერატორია რუსეთის ფედერაციაში. „ვიმპელკომი“ ფლობს ქართული კომპანია „მობიტელის“ 51%-ს, რომელიც მან 12,6 მილიონ დოლარად შეისყიდა. „მობიტელის“ დაფარვის ზონაა საქართველოს ტერიტორიის 94%-ზე მეტი, ხოლო აბონენტთა რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 600 ათას ადამიანს.
უმსხვილესი რუსული ბანკი „ვი-თი-ბი“ ასევე შესანიშნავად გრძნობს თავს ქართულ ბაზარზე. „ვი-თი-ბი“ ჩვენს ქვეყანაში ფლობს 14 ფილიალს და 13 სერვისცენტრს.
რუსეთის ფედერაციაში წვენებისა და რძის პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა „ვიმ-ბილ-დანმა“ საქართველოში შეიძინა ყურძნის წვენის მწარმოებელი კომპანია „ქართული პროდუქტები“. კომპანიამ საქართველოში 8,5 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა. „ვიმ-ბილ-დანის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ დავით იაკობაშვილი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი.
ასე რომ, როდესაც ჩვენი პარლამენტარები უკრაინის მოვლენებს აკრიტიკებენ და ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ უკრაინაში მოვლენებს რუსეთი მართავს, უმჯობესი იქნება, საკუთარ ქვეყანას მიჰხედონ, სადაც რუსულ ინვესტიციებს თვითონვე ლობირებენ.
ეს რაც შეეხება კერძო სექტორს, არასამთავრობო სექტორი კი პირდაპირ აზის განათლების სისტემას. ასე მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, დღესდღეობით, სასამართლოში მიმდინარეობს დავა. თსუ-ს მეცნიერ-თანამშრომლები მოითხოვენ, ბათილად იქნეს ცნობილი მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. საკონკურსო კომისიას ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ზაზა აბაშიძე თავმჯდომარეობდა.
ცნობისთვის: სასამართლო სხდომაზე ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ქუჩაში მოაწერა ხელი და კონკურსს თავადვე უწოდა ბაკქანალია.
თავის მხრივ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმასა და მისი საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ. კერძოდ, გამოსაძიებელია, რა აკავშირებს ზაზა აბაშიძეს „გორჩაკოვის ფონდთან“, რომელიც რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოსთვის და რა აკავშირებდა ამ ფონდს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან, საიდანაც ზაზა აბაშიძემ 2018 წელს მისთვის არასასურველი მეცნიერ-თანამშრომლები აკადემიური თანამდებობის მიღმა დატოვა?!
ამჯერად, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყურადღება მიაქციეს 2019 წლის შემოდგომაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი დასაქმებულ მეცნიერ-თანამშრომლებს სთავაზობდა, ჩართულიყვნენ ქართულ-რუსული ურთიერთობების უახლესი ისტორიის კვლევაში და წარმოედგინათ ნაშრომები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ავტორებს, რომლებიც შექმნილ ნარკვევებზე რუსეთის დადებით როლზე ისაუბრებდნენ, დამატებით, გორჩაკოვის ფონდიდან, აუნაზღაურდებოდათ ჰონორარი. ამის შესახებ ინსტიტუტის დირექტორმა სამეცნიერო საბჭოს სხდომაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნულ პროცესში დასახელდა ზაზა აბაშიძესთან მიმართება, რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გახლდათ მოწვეული.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ცენტრის დირექტორად იმ დროს დაინიშნა, როდესაც პარალელურად ხელმძღვანელობდა რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრს. ეს ცენტრი 2013 წელს დააფუძნა ა. მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა. თავის მხრივ, „გორჩაკოვის ფონდი“, 2010 წელს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. ის მიზნად ისახავს საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსურ დახმარებას.
თამარ როსტიაშვილი