QronikaPlus
გერმანიაში ქართულ ეკლესიაში წირვა უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით აღესრულება

გერმანიაში ქართულ ეკლესიაში წირვა უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით აღესრულება

2020-05-07 08:38:23

ამის შესახებ ინფორმაცია მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომინაძემ განაცხადა და მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტისა და ნიურნბერგის მიწაზე მცხოვრებ მრევლს ბავარიის ხელისუფლების მიერ დადგენილი, აუცილებელი  რეგულაციებისა და წესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2020 წლის 4 მაისიდან სამრევლოს ტაძარში (Kristallstrasse 8, 80995 München), ნებადართულია საზოგადო და კერძო ღვთისმსახურებანი შემდეგი  მოთხოვნების გათვალისწინებით:

1. ღვთისმსახურებაში მონაწილეებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმალური დისტანცია 2 მეტრი ტაძარში და 1,5 მეტრი ეკლესიის ეზოში. იგივე დისტანცია უნდა დაიცვან საკურთხეველში მყოფმა მონაწილეებმაც. ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის წევრები არ არიან ვალდებული, დაიცვან აღნიშნული დისტანცია. აკრძალულია ჯგუფებად დგომა ტაძარშიც და ეზოშიც;

2. თუ წირვა აღესრულება ღია ცის ქვეშ, დამსწერთა რიცხვი უნდა იყოს არაუმეტეს 50 ადამიანისა 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით;

 3. რადგან ფართობი ტაძარშიც და ეზოშიც შეზღუდულია, წირვაზე დასწრების მსურველები აუცილებელია, წინასწარ ჩაეწერონ მონაწილეთა სიაში. ღვთისმსახურებაში ყველა მონაწილემ სიაში უნდა ჩაწეროს საკუთარი სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი; 

4. ყველა მომსვლელისთვის, ეკლესიის მთელ ტერიტორიაზე - ტაძარშიც, ეზოშიც და ღვთისმსახურების დროსაც - აუცილებელია პირბადის ტარება;

5. აღსარებები მომდევნო პერიოდის განმავლობაში მიიღება მხოლოდ წერილობითი ფორმით. წირვის დაწყების წინ შეგიძლიათ თქვენი წერილობითი აღსარება გადასცეთ მოძღვარს;

6. ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ სიცხე, ხველა ან COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, არ უნდა მოვიდნენ ტაძარში;

7. ისეთი ასაკის ბავშვები, რომელნიც ვერ შეძლებენ წირვაზე დგომას და დისტანციის დაცვას, ჯერჯერობით, არ უნდა მოვიდნენ წირვაზე;

8. შემოსვლისას და ტაძრიდან გასვლისას, შესასვლელ კართან და ტაძრის შიგნითაც, მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ხელების სადეზინფექციო ხსნარი. ტაძარში შესვლისას და გასვლისას ყველა მონაწილე ვალდებულია, გაიკეთოს ხელების დეზინფექცია;

9. ღვთისმსახურება უნდა გაგრძლდეს არაუმეტეს 60 წუთისა. წირვის დამთავრების შემდეგ მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტაძარი, რათა იგი განიავდეს, დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს შემდეგი ღვთისმსახურებისთვის. ტაძრიდან გასვლისას მონაწილეებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია. დაუშვებელია ჯგუფებად გასვლა ან დგომა ტაძრის გარეთ;

10. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელი დისტანციის გამო წირვის დროს ტაძარში ყოფნა შეეძლება ადამიანების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას, ანუ ვინც წინასწარ განაცხადებს მოსვლის სურვილს. ინფორმაცია, თუ რამდენი წირვა ჩატარდება და რომელ დღეებში,  გამოქვეყნდება ინტერნეტში და იქვე გექნებათ საშუალება, ჩაეწეროთ; 

11. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაციები თანხმობაშია ბავარიის მთავრობის შესაბამის განკარგულებასთან და ბავარიაში მოქმედი ყველა ეკლესია ვალდებულია, დაიცვას იგი.

ქ. მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი სამრევლოს ინფექციისგან დაცვის აღნიშნული წესები და რეგულაციები ამოქმედდა  2020 წლის 4 მაისიდან.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება