- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-06 18:13:47
ღალატი და გაუტანლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ქართულ პოლიტიკაში, ჩვეულებრივი ამბავია. ათას პარტიაზე გადამხტარი პოლიტიკოსების შემხედვარეებს არაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ „ოცნების“ შედარებით ახალმა სახე მამუკა მდინარაძემ მაინც ყველა გაგვაოცა. ჩვენმა მკითხველმა უწყის, რომ ფეისბუქის მამამ, მარკ ცუკერბერგმა, ტროლ-ბოტებს ქორივით ჩაუქროლა, უამრავი ყალბი გვერდი დახურა, ყველაზე მეტად კი „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - კოკა ყანდიაშვილი დააზარალა.
კოკა ყანდიაშვილი რომ „ქართულ ოცნებაზე“ მუშაობს და თანაც ლამის 24-საათიან რეჟიმში, ეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის. ცუკერბერგის ჩამოქროლვის შემდეგ გვეგონა, რომ „ოცნება“ ფეისბუქის მამას თავზე დაახურავდა, წინა დაწიოკების დროს როგორც მოხდა. მაშინ ცუკერბერგი ყველაზე მეტად კარლო კოპალიანმა დაამიწა და სანაცვლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობასაც გამოჰკრა ხელი. ახლა ფეისბუქის მამის ლანძღვა არავინ მოისურვა. ამ ბიჭის გადამტერება აშკარად შარია. შარის თავიდან ასაცილებლად „ოცნებამ“ უფრო იოლი გზა აირჩია და დასეტყვილი კოკა ყანდიაშვილი უარყო.
„კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური შეხება 2013-2014 წლიდან აღარ აქვს, მასთან ხელშეკრულება არ არსებობს, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება“, _ აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის უტიფარმა ტყუილმა სრულიად საქართველო დაშოკა. განსაკუთრებით „ოცნებიდან“ წამოსული და დამოუკიდებლად დარჩენილი დეპუტატები გაოგნდნენ. თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადეს, რომ მათ ყანდიაშვილი არაერთხელ უნახავთ „ქართული ოცნების“ ოფისში.
ყანდიაშვილი მდინარაძესაც არაერთხელ უნახავს ოფისში, მაგრამ ახლა ასე დასჭირდა საქმეს და იმიტომ დაიწყო მსგავსი განცხადებების გაკეთება. „ოცნების“ იმ გუნდისგან, რომელსაც მამუკა მდინარაძე წარმოადგენს, ადამიანის უარყოფა ჩვეულებრივი ამბავია.
გახსოვთ, გიორგი კვირიკაშვილი? იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ როგორც კი ფეხი დაუცდა, კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძემ მაშინვე უარყვეს. მისი უარყოფა, ჯერ კიდევ, იმ დროს მოხდა, როცა კვირიკაშვილს პრემიერის პოსტი ეკავა. სანამ თანამდებობაზე იჯდა, მასზე ღია შეტევას ვერ ბედავდნენ, მას შემდეგ, რაც ბიძინამ „კვირიკა“ პრემიერობიდან გააგდო, ოცნებამ“ ის ღიად უარყო. სხვათა შორის, ასევე უარყოფილი ჰყავდათ ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ როგორც კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა, მის უარყოფას ერიდებიან.
უარყოფილი ჰყავთ ეკა ბესელია და გედი ფოფხაძეც. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ორივე მათგანი მშობლიური პარტიისთვის მზად იყო, მდუღარე წყალში ჩამხტარიყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარყოფა ქართულ პოლიტიკაში მოსული ამბავია, „ქართულ ოცნებაში“ კი, ძირითადად, სულ უარმყოფელები არიან. აქ თითქმის ყოველი მეორე ყოფილი „ნაციონალია“: მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კალაძე. ახლა ისინი „ნაცმოძრაობიდან“ და „ოცნებიდან“ წასულებს აგინებენ. ამ ლოგიკით მათ არც ბიძინა ივანიშვილის გმობა გაუჭირდებათ. საკმარისია, მასაც ოდნავ დაუცდეს ფეხი, რომ იტყვიან, - სად ჩვენ და სად - ბიძინა ივანიშვილიო!
შორენა მარსაგიშვილი