QronikaPlus
„ოჩამჩირის, სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში კორონავირუსის 60-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა!“ - ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება

„ოჩამჩირის, სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში კორონავირუსის 60-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა!“ - ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება

2020-05-06 17:38:56

მართალია, თვეზე მეტია, საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, კარანტინი მოქმედებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში ხეების ე. წ. მოგზაურობა არ შეწყვეტილა. მეტიც, ორიოდ დღის წინ ხობის მუნიციპალიტეტში, საიდანაც მორიგი ასწლოვანი ხე ივანიშვილის რეზიდენციაში გადაჰქონდათ, ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთი ადგილობრივი დააკავეს.  ხობის რაიონის სოფელ ხორგაში მომხდარ ინციდენტის დეტალებზე „ქრონიკა+“-ს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი“, პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი, ბადრი შელია ესაუბრა. ამას გარდა, ჩვენი რესპონდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ  აფხაზეთში ეპიდსიტუაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აფხაზეთი მალე შესაძლოა, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.   

ბადრი შელია: 

- ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში აწ უკვე არარსებული უზარმაზარი ხე, რომელიც 4 მაისს წაიღო ივანიშვილმა, საქართველოში ყველაზე ცნობილი ხეა, რომლის ირგვლივ მოვლენების განვითარება იმ დღიდან დაიწყო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო, რომ ივანიშვილმა მისი წაღება გადაწყვიტა. ეს ხე შუა ხორგის ცენტრში, გამგეობის წინ, 200 წელზე მეტია, ხარობს და ადგილობრივები „წინაპრების ხეს“ ეძახოდნენ. სხვათა შორის, ეს ხე იმ სასაფლაოდან, სადაც ადგილობრივთა წინაპრები განისვენებენ, 10 მეტრში იდგა, ანუ ივანიშვილმა ხე, ფაქტობრივად, სასაფლაოდან წაიღო. ხიდან ზუსტად 10 მეტრში ხობი-ფოთის მთავარი გზა გადის. იქვე იყო მოსაცდელიც, სადაც ადგილობრივები საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდნენ ხოლმე, თუმცა ამ ხის გამო მოსაცდელი 2 წლის წინ დაანგრიეს და მთელი ამ ხნის განავლობაში მოსახლეობას - ბავშვებსა და მოხუცებს - ზამთრის ქარიან და სუსხიან დღეებში ღია ცის ქვეშ უწევდათ ავტობუსისთვის ლოდინი. ეს ხე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე იდგა. მოსახლეობა შეიკრიბა და  ხის შესაძლო წაღება გააპროტესტა, ანუ კატეგორიულად განაცხადა, რომ ივანიშვილს ხეს არ გაატანდა. ამის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფო მანქანა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის სურვილების ასასრულებლად მუშაობს. კერძოდ, ერთ-ერთ მოსახლესთან, რომლის ეზოდანაც ეს ხე, დაახლოებით, 20 მეტრში იდგა, მივიდნენ, დააშინეს,  გარკვეული თანხაც შესთავაზეს და ტერიტორიაც საკუთრებაში გადაუფორმეს. ამის შემდეგ მოსახლეობას უთხრეს, - თქვენ ვინ გეკითხებათ და რა შუაში ხართ, როცა კერძო პირი ყიდულობს კერძო საკუთრებასო? ამას ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოყვა. ყველაფერი ეს, დაახლოებით, 2 წლის წინათ მოხდა.

ხის წაღებას მაშინაც ეწინააღმდეგებოდა ხვიჩა ჯობოვა, რომელიც 5 მაისს გამგეობის შენობის დაზიანების გამო დააკავეს. იმ დღეს, როცა ხე მიჰქონდათ, ანუ 4 მაისს, ის შინ არ იმყოფებოდა, მაგრამ როცა დაბრუნდა და ნახა, რომ ხე აღარ იყო, გადაწყვიტა,  გამგეობაში მისულიყო და განმარტებები მოესმინა. იქ არავინ დახვდა და ამის შემდეგ დააზიანა გამგეობის შენობა, კერძოდ, მინები ჩაამსხვრია. გარდა ამისა, ხის გადატანის დროს ერთ-ერთ მუშას მანქანამ გადაუარა, რადგან უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი, მაგრამ დოკუმენტები ისე შეადგინეს, თითქოს ელექტროსადენების ბოძიდან სადენების ჩახსნისას, რომელიც ხის გადატანას ხელს უშლიდა, ჩამოვარდა. მთელი მოსახლეობა 4 მაისს ქუჩაში იყო გამოსული და ხის გადატანას აპროტესტებდა, თუმცა პოლიციის დახმარებით მაინც წაიღეს და ეს მაშინ, როცა რეგიონებში ადგილობრივები მიწებს ვერ ამუშავებენ, რადგან ამის შესაძლებლობა, არსებული შეზღუდვების გამო, არ აქვთ და ამიტომ შიმშილისთვის არიან განწირულნი. აი, სწორედ ამ დროს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ერთი ხის გადატანაში 2 მილიონ ლარს ხარჯავს.

- რაკი შეზღუდვები ახსენეთ, რომელიც კორონაპანდემიის გამოა დაწესებული, სამხედროთვალით კორონაპანიკას როგორ უყურებთ?

- როგორც სამხედროს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ანტიპანდემიურ მოქმედებებში ასეთი ფორმით ჩართვა მაშფოთებს. 2012 წლამდე აქტიურად მუშავდებოდა ეფექტიანი სამხედრო რეზერვის პროგრამა, მისი ერთ-ერთი მიმართულება ,,დაიცავი შენი სოფელი“ იყო და იგი წარმატებითაც მიმდინარეობდა, თუმცა ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროგრამასთან ერთად, ისიც შეწყდა. რეზერვი კი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პოპულიზმისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ფლანგვის ინსტრუმენტი გახდა.
ეროვნული გვარდია, რომლის რეფორმირების დაწყება ბოლო წლებში დიდი ზარზეიმით გამოცხადდა, სიცრუე აღმოჩნდა. რა არის გვარდიის დანიშნულება? - სწორედ ის, რასაც დღეს საბრძოლო ქვედანაყოფები ქალაქების შესასვლელებთან, ე. წ. ჩეკპოინტებთან აკეთებენ. დღეს ეროვნულ გვარდიას თავისი დებულებრივი ფუნქცია დაკარგული აქვს.
სად არის რეზერვი, ანუ ათეულ ათასობით ავღანეთ, ერაყ, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებ და კოსოვოგამოვლილი ბიჭები? - უმრავლესობა, სხვადaსხვა მაქინაციით, აიძულეს, წასულიყო არმიიდან, ბევრი უმიზეზოდ გაუშვეს, თან ისე, რომ ახლა, როცა ძალიან სჭირდება ქვეყანას, მათი ადგილსამყოფელიც კი არ იციან - ერთხელაც არ მოუკითხავთ.
დღეს ისეთი რეზერვის სისტემა რომ არსებობდეს, რომელსაც წლების განმავლობაში მე და ჩემი თანამებრძოლები თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს წინადადებების სახით ვთავაზობდით, საბრძოლო ქვედანაყოფები კი არ იდგებოდნენ ქალაქების შესასვლელებთან და მათში ვირუსის გავრცელების საფრთხე კი არ შეიქმნებოდა, რისი ალბათობაც მთელ შეიარაღებულ ძალებს თვეების განმავლობაში გამოიყვანს მწყობრიდან, არამედ ის გამოცდილი ბიჭები, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, როგორც რეზერვისტები, სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ ქვეყნის სამსახურში! პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები კი ყაზარმულზე იქნებოდნენ სამხედრო ნაწილებში, ანუ მათ არ დაემუქრებოდა დაინფიცირების, ხოლო არმიას - მწყობრიდან გამოსვლის საფრთხე!

- თქვენი აზრით, იყენებს თუ არა მმართველი ელიტა კორონას პოლიტიკური მიზნებისთვის?

- რაც შეეხება კორონაპანიკას, ჩემი აზრით, ეს გადაჭარბებული პროპაგანდაა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში. აშკარაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და დაწესებული შეზღუდვები ჩვენს ურეიტინგო ხელისუფლებას აწყობს, რათა წინასწარ ჩაატაროს გარკვეული სამუშაოები და ამით საარჩევნო პროცესებზე სასურველი გავლენა მოახდინოს. ხელისუფლება ბოლომდე შეეცდება საკარანტინო მდგომარეობის შენარჩუნებას და იმისთვის გზების ძიებას, რომ ვერ მოხერხდეს „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიასთან“ მიღწეული საარჩევნო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. თუ მოახერხებენ და რამენაირად ჩააგდებენ ამ პროცესს ისე, რომ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა არ მოჰყვება, მერე ოპოზიციასთან დაიწყებენ ვაჭრობას არჩევნების გადადებაზე ან დღემდე არსებული შერეული მოდელით ჩატარებაზე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხელისუფლება, რომლის მინისტრები მილიონიან სასახლეებს იშენებენ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, მერე კი ქუდს დაიხურავს, წავა და ხალხისთვის მოპარული მილიონებით აშენებულ სასახლეებს ხალხს დაუტოვებს. ჩვენ მოდერნიზირებული რუსულ-ოლიგარქიული სტილის ხელისუფლება გვყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იკადრებს და გააკეთებს! შეზღუდვების გამო ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსი კი ნაკლებად აღელვებს.

- თუ გაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რა ხდება რუსეთისგან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონას კუთხით?

- საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, აფხაზეთში დღეს მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელს, რუსეთის ფედერაციას აკისრია. რუსეთის ფედერაციას კი თვითონ უკონტროლო მდგომარეობა აქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ჩაკეტილია და საერთოდ არ მიიჩნევენ საჭიროდ, იზრუნომ მის მიერ მხარდაჭერილ და ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის ცნობილია, რომ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის, სოხუმისა და გუდაუთის რაიონში კორონავირუსის 60-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. აფხაზეთში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ავადმყოფთა მიღებას, რადგან ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. თავად ამ დაწესებულებების ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში, რადგან თუ დაავადდებიან, მათ ვერ უმკურნალებენ. ჩვენს დაინფიცირებულ მოქალაქეებს კი, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდგარი რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ უშვებენ! ამ ფონზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდება, ძალიან საფრთხილოა და მასში რუსეთთან მორიგი სამხედრო დაპირისპირების მზაკვრული გეგმა შეიძლება იდოს. რა თქმა უნდა, ყველა გზა უნდა გამოვნახოთ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, თუმცა საამისოდ გარკვეული წინასწარი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
მოგეხსენებათ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი საგარეო პოლიტიკა აგებული აქვს სამხედრო დოქტრინაზე. რუსეთის 2020 წლის სამხედრო დოქტრინის მე-4 თავის 55-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტში კი აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებადაა მოხსენიებული. ასეთი ჩანაწერი რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პირველად 2014 წელს გაჩნდა. ამ დოქტრინაში არც ერთი სხვა ქვეყანა რუსეთს ცალკე არ უწერია ამა თუ იმ გაერთიანებაში, მაგალითად, ნატო-ში, დსთ-ში და ა. შ.  სხვა ბევრ საყურადღებო ჩანაწერთან ერთად მნიშვნელოვანია მე-2 თავის მე-12 მუხლის ,,დ“ პუნქტიც, სადაც წერია, რომ რუსეთის ან მისი მოკავშირეების (ამაში ავტომატურად აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი იგულისხმება) მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ან მათ შიდა საქმეში ჩარევა აღიქმება, როგორც საომარი საფრთხე. ეს ძალიან სერიოზული ჩანაწერია, რის მიხედვითაც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოქალაქეებზე, საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც კი, რუსეთს უფლებას აძლევს, ამ ,,ქვეყნების“ შიდა საქმეში ჩარევად ჩათვალოს, საომარ საფრთხედ აღიქვას და სამხედრო კონფლიქტი განაახლოს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა ის დოკუმენტია, რომელიც ყველანაირად უზღუდავს საქართველოს ნებისმიერი სახის პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან. სანამ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში მსგავსი ჩანაწერი იარსებებს, საქართველომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარებაც კი იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად აუცილებლად საერთაშორისო პარტნიორებისა და დასავლელი მეგობრების უშუალო ჩართულობით და თანამონაწილეობით უნდა განახორციელოს. აქვე ვიტყვი, რომ პრორუსული პარტიებისა და პერსონების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების პროპაგანდირება რუსეთის მზაკვრული გეგმის ნაწილია.

საერთოდ, დღეს აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფულია.

-  არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ვირუსი შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი. ბადრი, ამ ეჭვს იზიარებთ?

- დღეს ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ვირუსები და ბაქტერიები ხელოვნურად შეიქმნას, თუმცა ამა თუ იმ ვირუსის ხელოვნურობის შესახებ, ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ.

- ისე, საქართველოსთვის კორონა უფრო საშიშია თუ რუსეთი?

- რა თქმა უნდა, - რუსეთი!

- ბადრი, ლუგარის ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, საქართველო კორონასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევდა?

- ეს ლაბორატორია რომ არ გვქონდეს, ძალიან რთულ ვითარებაში ვიქნებოდით. რუსული და რუსეთთან ასოცირებული მედიასაშუალებებისა და პერსონების ბევრი მცდელობის მიუხედავად, რომ დააკნინონ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და ის ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ, ახალ ვირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის მაღალი ღირებულებისა და მნიშვნელობის ობიექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ - რეგიონისთვის და მთლიანი ევროპისთვის! დიახ, ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი განძია და, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოში მისი არსებობა სენატორ ლუგარის, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობრის, აშშ-ისა  და მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება