QronikaPlus
თამარ ჟამურაშვილი: „კოვიდ ინფიცირებულებიდან, დაახლოებით, 99% გადარჩება, 1% კი დაიღუპება“

თამარ ჟამურაშვილი: „კოვიდ ინფიცირებულებიდან, დაახლოებით, 99% გადარჩება, 1% კი დაიღუპება“

2020-05-06 16:44:35

„რომ არ ვიოცნებოთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას, ვაქცინა იქნება მომავალი წლის დასაწყისში“

„ვაქცინა შექმნილია, ერთი კი არა, რამდენიმე ვაქცინა არსებობს და კვლევის ბოლო ფაზაშია“

გერმანია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც სამაგალითოდ უმკლავდება კორონაპანდემიას. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემებით, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ საოცარი დისციპლინისა და პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაში ყველაზე ნაკლებია. ამ მხრივ საინტერესოა, რა ხდება იქაურ კლინიკებში და რა მეთოდებით ებრძვიან ახალ ვირუსს?

„ქრონიკა+“ გთავაზობთ საინტერესო და ვრცელ ინტერვიუს შარიტეს, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების პულმონოლოგ თამარ ჟამურაშვილთან:

_ ქალბატონო თამარ, რა გზა გაიარა გერმანიამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე  და როგორ მივიდა არსებულ შედეგებამდე? რა მეთოდებით მკურნალობთ პაციენტებს?

_ ჩემს კლინიკაში მკურნალობის ისეთივე მეთოდები გამოიყენება, როგორიც მთელი გერმანიის მასშტაბით. იანვარ-თებერვლის პერიოდში არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და  მხოლოდ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა  და კვლევებს ვეყრდნობოდით. თუმცა, პრინციპში, მომზადების პერიოდი გერმანიამ უკვე იანვარშივე დაიწყო, საკმაოდ  ადრეულ  ფაზებში. იტალიის კრიზისით შეწუხებულებმა  მაქსიმალური მობილიზება გააკეთეს გერმანიაში. პირველ რიგში, ეს ითვალისწინებდა  იზოლაციურ ღონისძიებებსა  და ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ინტენსიური განყოფილების მოცულობა 15-ჯერ  გაიზარდა: დეკემბრის ბოლოს, პანდემიამდე, გერმანიის მასშტაბით 28 000 რეანიმაციული ინტენსიური საწოლი გვქონდა, რომელიც გათვლილია 83 მილიონ მოსახლეზე, ამ 28 000-დან  მხოლოდ 1200 იყო თავისუფალი. ე. ი. იანვარში რომ დაგვწყებოდა პიკი, მაქსიმუმ, 1200 პაციენტს ავიყვანდით ინტენსიურ  განყოფილებაში. დღევანდელ დღეს გერმანიაში ინტენსიური საწოლების რაოდენობა 40 000-ს შეადგენს, ასევე არსებულ რესურსს შეემატა 10 000 სასუნთქი აპარატი. ამ 40 000 საწოლიდან 15 000 თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ პიკი დაიწყება, 15 000 პაციენტს  უპრობლემოდ ავიყვანთ ინტენსიურ განყოფილებაში. შეფარდებისთვის: დეკემბრიდან 15 -ჯერ გაიზარდა ინტენსიური განყოფილებების რესურსი. ამასთანავე, გაიზარდა ექიმების რაოდენობაც. რა თქმა უნდა, ინტენსიური ექიმების რაოდენობა გერმანიაშიც  შეზღუდულია. გერმანული და ქართული სამედიცინო სკოლები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. აქ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გადიხარ ზოგად თერაპიას, ანუ 5 წლის განმავლობაში მუშაობ სხვადასხვა ინტერნისტულ განყოფილებაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩააბარებ გამოცდას შინაგანი სნეულებების მედიცინაში და გახდები ექიმი ინტერნისტი, შეგიძლია დაიწყო ინტენსიურ მედიციინაში მუშაობა.

ეს  ძალიან მაღალი კლასის  განათლებაა  და, რა თქმა უნდა, შეზღუდულია ასეთი ექიმების რაოდენობაც. თუმცა ამ ექიმების რაოდენობა სხვა სპეციალობის ექიმების ხარჯზე გავზარდეთ, ანუ სხვა სპეციალობის დარგებიდან დამწყები ექიმები  ჩვენთან გადმონაწილდნენ და ინტენსიურის ექიმების (რეანიმატოლოგების) ხელმძღვანელობის ქვეშ გაინაწილეს სხვადასხვა მოვალეობა. კორონავირუსის მართვაში ძირითადი როლი ეკუთვნის პულმონოლოგიას, ინტენსიურ მედიცინასა და ინფექციოლოგიას. ელექტიური ოპერაციები  და გამოკვლევები გაუქმდა.  ექიმებს იმდენი დატვირთვა სხვა სპეციალობებში აღარ აქვთ და ისინი  ჩვენს განყოფილებაში გადმონაწილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პიკი არ გვაქვს, ექიმების ადაპტაცია მაინც ხდება, რადგან თუ ეს ახლა არ მოხდა, იმ დროს,  როდესაც უკვე ძალიან ბევრი საქმე გვექნება,  დაგვიანდება და რთული იქნება.

რაც შეეხება მეცნიერებასა და  კვლევებს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ჩემს კლინიკაში არც ერთი სპეციფიკური  ანტივირუსული მედიკამენტი კვლევის გარეშე  არ დანიშნულა, მიუხედავად იმისა, რომ შარიტეს  ინტენსიური მედიცინა ყველაზე მძიმე პაციენტებს იღებს. შექმნილია ე. წ. ბერლინის კორონას  ქსელი, სადაც ბრანდენბურგის მასშტაბით არსებული ყველა კლინიკა ჩართულია და თუ ამ კლინიკების ინტენსიურ განყოფილებაში რომელიმე პაციენტი დამძმდა, მივდივართ ჩვენი გუნდით, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გადაგვყავს ECMO-ზე (ხელოვნური ფილტვი) და მოგვყავს ეს პაციენტი. ასეთ პაციენტებშიც კი კვლევის გარეშე არც ერთი ანტივირუსული მედიკამენტი არ ინიშნება. გერმანიის სახელმწიფომ 150 მილიონი ევრო გამოყო სწორედ ამ კვლევებისთვის. თანხას შარიტე ანაწილებს კვლევაში მონაწილე სხვადასხვა კლინიკაზე. შეიქმნა სამეცნიერო ბორდი, რომელიც ამ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს.

_ რუსთან ბრძოლის დაწყების პირველ ეტაპთან შედარებით, დღეს რა ინფორმაციას ფლობთ კოვიდზე?

_ დღეს გაცილებით  მეტი ვიცით. იანვარში, ფაქტობრივად,  ბრმად ვუყურებდით ამ ვირუსს და გვეგონა,  ის მხოლოდ პნევმონიას იწვევდა და მარტივი სამართავი იყო. დღეს ვიცით, რომ ეს ვირუსი კომპლექსურ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში: პირველადად  აავადებს არა თვითონ ფილტვის ქსოვილს, არამედ სისხლძარღვების ენდოთელიუმს, - სისხლძარღვების შიდა  შრეს. სისხლძარღვები კი ყველა ორგანოშია და, შესაძლებელია, ყველა ორგანო დაზიანდეს.

ამით აიხსნება  ის ცვლილებები, რაც დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ: ეს არის კარდიოლოგიური და ნევროლოგიური ცვლილებები, ასევე კანზე გამოხატული ცვლილებები. რაც შეეხება ფილტვის ყველაზე ხშირ დაზიანებას, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ვირუსი სასუნთქი გზებიდან იჭრება ორგანიზმში.

არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდი მუტაციას განიცდის, თუმცა ეს დაზუსტებული არ არის. დადებითი ის გახლავთ, რომ დღეს  გაცილებით მეტი ვიცით ახალ ვირუსზე და მისი მართვა შეგვიძლია. ის, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთი ზღვა ინფორმაცია დაგროვდა, ეს მედიცინის განვითარებაზე მიუთითებს და აუცილებლად პოზიტიურად უნდა შევაფასოთ.

_ განმეორებით თუ არის შესაძლებელი ადამიანის დაინფიცირება?

_ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ, გერმანიის მასშტაბით, არც ერთი განმეორებითი ინფექცია არ დაფიქსირებულა. სამხრეთ კორეამ   91 პაციენტზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი აზრით, ხელმეორედ დაინფიცირდნენ. ამ მოსაზრებას ევროპის ექიმები და ვირუსოლოგები არ იზიარებენ. ვფიქრობთ, გაუგებრობას აქვს ადგილი და კვლევის პროტოკოლებს ველოდებით.

_ საქართველოში ექსპერტები ხშირად საუბრობენ და ხელისუფლებას მიანიშნებენ პირველადი ჯანდაცვის ხარვეზებზე, ასევე ოჯახის ექიმების  გადამზადების აუცილებლობასა და ა. . რა უპირატესობა აქვს პირველად ჯანდაცვას და ოჯახის ექიმს არსებულ ვითარებაში?

_ საკმაოდ რთული და ფართო თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყოთ მსუბუქი და საშუალო ფორმებით, ანუ პაციენტები, რომლებიც ჟანგბადს არ მოიხმარენ, რჩებიან სახლში. იმ პრინციპით, რომ ჩვენ ანტივირუსული მედიკამენტი არ გვაქვს, შესაბამისად, საწყის ფაზაზე ამ პაციენტებს მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას ვთავაზობთ, რაც სახლის პირობებშიც შეიძლება ჩატარდეს.  ოჯახის ექიმს ევალება მუდმივ ხაზზე ყოფნა და ამბულატორიული პაციენტის გაკონტროლება. პირველ რიგში, აუცილებელია პაციენტის ფსიქოლოგიური მართვა პანდემიის დროს: პაციენტის დაწყნარება და მისი დარწმუნება, რომ  სახლში დარჩენით არაფერი მოუვა. მაგრამ ექიმი ჯერ თავად უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. სწორად უნდა მიხვდეს ჩივილებს და ზუსტი რეაგირება მოახდინოს. წამყვანი სიმპტომია სუნთქვის გახშირება! ოჯახის ექიმმა პაციენტს უნდა დაათვლევინოს, წუთში სუნთქვის სიხშირე. გერმანიაში ოჯახის ექიმები დატრენინგებულები არიან და უწყვეტ რეჟიმში აქვთ სემინარები, ისინი ყოველდღიურად იღებენ ახალ ინფორმაციებს.

რაც  შეეხება ჰოსპიტალს, მისი სტრუქტურა  მთლიანად შეიცვალა. ბერლინში ცხოვრობს 4 მილიონზე მეტი ადამიანი და წარმოიდგინეთ, რა ხდება მიმღებში ამ დროს? სწორედ ამიტომ დაიყო მიმღები და მთლიანი საავადმყოფო ზონებად. გამოიყო ე. წ. მიმღები განყოფილებები, სადაც პაციენტების იზოლირება ხდება და მეორე დღეს, თუ დადებითი პასუხი მოვიდა, მიმღები განყოფილებიდან პაციენტები გადადიან იზოლირებულ კოვიდგანყოფილებაში, ნეგატიურის შემთხვევაში კი ნონ-კოვიდ-განყოფილებაში.

_ ბოლო დროს საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ფაქტები გახშირდა და მან 14% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რა ხდება ამ მიმართულებით გერმანიაში? თუ არსებობს სტატისტიკა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შესახებ?

_ 16 აპრილის მონაცემებით, გერმანიის მასშტაბით კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შორის მედპერსონალის რაოდენობა იყო, დაახლოებით, 4%. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მედპერსონალის დაინფიცირება მთლიანად მათ სამედიცინო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ, რასთან აქვთ საქმე და რატომ სჭირდებათ თვითიზოლაცია. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად რთულია საიზოლაციო ტანსაცმლით და პირბადით მუშაობა. ჰიპოქსიური ხდები, თავად გრძნობ თავს შეუძლოდ, ამ დროს მძიმე პაციენტის წინ დგახარ და იმაზე გეფიქრება, თავად არ დაკარგო გონება, რომ როგორმე დაეხმარო მას. თუ გააზრებული არ გაქვს, რისთვის გჭირდება დაცვის საშუალებები, არა მარტო იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვა, არამედ  იმისთვისაც, რომ ვირუსი არ გაავრცელო და სხვა ადამიანებს არ ავნო, უბრალოდ, ვერავინ გაიძულებს ამის ჩაცმას, ეს უბრალოდ, ძვალ-რბილში უნდა გქონდეს გამჯდარი. იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, არც ერთი ექიმი ან ექთანი არ არის დაინფიცირებული. ეს ის განყოფილებაა, რომელიც ებოლასთვის მომზადდა და ასეთი მძიმე ინფექციების მისაღებად გადაკეთდა თავისი ბოქსებით. არა მარტო პანდემიის დროს, პანდემიამდეც გვიტარდებოდა რეგულარული ტრენინგები, ამ ტანსაცმლით ჩვეულებრივად ვმუშაობდით. შარშანაც კვარტალში ერთხელ გვიტარდებოდა ინსტრუქტაჟი ინფექციურ პაციენტებთან მკურნალობაში ჩართულ ყველა ექიმსა და ექთანს. ამდენად, ამგვარი ეკიპირებით მუშაობა ჩვენთვის ახალი არ არის.

_ როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

_ ჩემი შეფასებით, პირველი ფაზა კარგად გავიარეთ. ძალიან კარგად იმუშავა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ძალოვანმა სტრუქტურებმა. ძალიან კარგად მოახერხეს ხალხის გამიჯვნა, იზოლაცია და ინფორმირება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მადლობა მათ ამისთვის! რაც შეეხება მეორე ფაზას, ანუ ჰოსპიტალურ სექტორს, ვფიქრობ, გულახდილნი უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ჰოსპიტალების უმრავლესობა დღემდე მოუმზადებელია.

ოჯახის ექიმების გადამზადებას რაც შეეხება, ჯერ მათ იმის გამოცდილება არ აქვთ, თუ როგორ უნდა დატოვონ პაციენტი სახლში და როგორ მართონ დისტანციურად მკურნალობა. ეს ფაზა რამდენად განვითარდება და რამდენად ეფექტიანად გაუძღვებიან  ისინი ამ გამოწვევას, არ ვიცით.  მესმის, რომ საქართველოში  სხვანაირი სამედიცინო სკოლაა, გერმანიასთან შედარებით, მაგრამ ახლა გადამზადებაზე ფიქრს არანაირი აზრი არ აქვს, სხვა სპეციალობის ექიმებიდან რეანიმატოლოგებს ვერ შევქმნით. იმ რესურსის მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რაც გვაქვს. თუმცა რეანიმაციაშიც არის ბევრი საქმე, რომელიც სხვა სპეციალობის ექიმმა შეიძლება შეითავსოს, რაც რეანიმატოლოგს განტვირთავს და მეტი პაციენტის მიხედვვის საშუალებას მისცემს. პასუხისმგებლობა  და მოვალეობები უნდა გადანაწილდეს. უწყვეტი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა აუცილებელია. ექიმი კერძო სექტორში მუშაობს  თუ - სახელმწიფოში, ყველა ერთნაირად უნდა დატრენინგდეს. სამინისტრომ უნდა შექმნას გამოცდილი/პროგრესული ექიმების ჯგუფი, რომელიც ყოველდღე ივლის სხვადასხვა კლინიკაში და ჩაატარებს ტრენინგებს, მისცემს ინსტრუქციებს, დაესწრება სამუშაო პროცესს და ადგილზევე გასცემს რეკომენდაციებს.

_ როდის დასრულდება ეს ყველაფერი? როდემდე შეიძლება ვიცხოვროთ ასეთი შეზღუდვებით და თუ ვაქცინის შექმნა დროში გაიწელა ან შეფერხდა, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ?

_ რატომ უშვებთ საერთოდ იდეაშიც კი, რომ ვაქცინა   შეიძლება არ შეიქმნას?! რომ არ ვიოცნებოთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას, ვაქცინა იქნება მომავალი წლის დასაწყისში,  თუ ძალიან  გაგვიმართლა, უფრო ადრეც. უნდა ვენდოთ წამყვან მეცნიერებს და დავუჯეროთ მათ. პრინციპში, ვაქცინა შექმნილია, ერთი კი არა, რამდენიმე ვაქცინა არსებობს და კვლევის ბოლო ფაზაშია და რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაქცინა არ გვექნება? ამას არც დავუშვებ. ორმოცამდე პროექტია გახსნილი და  მუშაობა დაწყებულია. ბევრი სხვადასხვა მედიკამენტი და ვაქცინა იტესტება. გვექნება მედიკამენტიც და ვაქცინაც. ადრე თუ  ძლიერი გადარჩებოდა, დღეს ჭკვიანი გადარჩება. ანუ კოვიდ ინფიცირებულებიდან, დაახლოებით, 1% დაიღუპება,  99% კი გადარჩება. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, 1%-ში მოვხვდებით თუ - 99%-ში! ნუ ავყვებით პანიკას, - ვაიმე, მედიკამენტი  არ მექნება! ვაქცინა არ მექნება! ვაი, სოციალური იზოლაცია!.. ხალხო, რამდენიმე თვეზეა საუბარი, არ ჯობია, უბრალოდ გავუძლოთ და დავუჯეროთ იმ ადამიანებს, რომელთაც მართლა იციან, რას აკეთებენ?!

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება