- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-05 17:08:35
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ადამიანების უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, რომ ხალხი შიმშილით სიკვდილის პირას დგას. რა საფრთხის წინაშეა საზოგადოება და როგორ იყენებს „ოცნება“ პანდემიას სათავისოდ? _ ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ „ქართული ოცნების“ მომხრეები აცხადებენ, რომ ლეიბორისტები დაუნახავები ხართ, რადგანაც უკმაყოფილებას გამოთქვამთ იმ ღონისძიებების მიმართ, რაც ხელისუფლებამ ამ ჟამიანობისას გაატარა.
_ რით უნდა ვიყოთ კმაყოფილი?! ერთი მხრივ, მივიღეთ კორონადიქტატურა _ სახლში ჯდომა გვაქვს მისჯილი. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ საზოგადოებას სოციალური მხარდაჭერა არ მიეცა. ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაწირა ხალხი. როცა პანდემია გადაივლის, მერე არავინ დათვლის, კორონასგან განსხვავებით, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ შიმშილმა. არც იმ ადამიანების რაოდენობას დაითვლიან, ვისაც გამოუვალი მდგომარეობის ნიადაგზე ინსულტი ან ინფარქტი დაემართა.
საგანგებო მდგომარეობის დროს კარგად ვხედავთ, თუ როგორ მოხდა ბიზნესის სრული მონოპოლიზაცია. სათავისოდ გამოიყენეს პანდემიასთან ბრძოლა _ გადაკეტეს აგრარული ბაზრები, დაკეტეს მცირე მარკეტები და „კარფურს“ სასათბურე პირობები შეუქმნეს. გასულ წელს „კარფურმა“ 100 მილიონის მოგება ნახა. წელს ეს მოგება მილიარდამდე ავა.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ყველა სახის პროდუქტზე კატასტროფულად მოიმატა ფასებმა. ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სუპერმარკეტებს დოტაციას გაუკეთებდა, რათა არ გაეძვირებინათ პროდუქცია. ეს მონოპოლისტები, ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან იღბენ ფულებს, მეორე მხრივ, ხალხს აცლიან ჯიბიდან ბოლო კაპიკებს.
გვახარეს, შეზღუდვებს ვხსნითო და მხოლოდ ის ბიზნესები გახსნეს, სადაც თავად აქვთ წილები. მაგალითისთვის გამოდგება სამშენებლო ბიზნესი.
_ მშენებლობები არც შეჩერებულა.
_ მაგას როგორ შეაჩერებდნენ. მშენებლობები კალაძეს, ივანიშვილს, წულაიას ეკუთვნით. საკუთარ თავს ხომ არ დააზარალებენ. დანარჩენი შეზღუდვების მოხსნას როდის აპირებენ, არ ვიცით. გვეუბნებიან, პიკი რომ გადაივლისო.
_ პიკზე რას გვეტყვით? ხელისუფლება და ექიმები არ გვეუბნებიან, როდის იქნება ეს პიკი.
_ ექიმების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ისინი პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარნენ და პიკი ვერ დაასრულეს. ახმოვანებენ „ოცნების“ მითითებებს და კუბოებით გვაშინებენ. მათი დახმარებით ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება მოკლა. ციხიდან არ უშვებენ პოლიტპატიმრებს. როცა ასეთი რამე ხდება, ექიმები უკვე აღარ ტოვებენ კარგ შთაბეჭდილებას. ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც უშუალოდ ებრძვის ამ საშინელ ვირუსს.
ხელისუფლება ადამიანების უმწეო მდგომარეობას თავის სასარგებლოდ იყენებს და უნდა, ეს პროცესი როგორმე არჩევნებამდე გაჭიმოს. საგანგებო მდგომარეობით, ერთი მხრივ, ფულს აკეთებენ და, მეორე მხრივ, არჩევნებისთვის ემზადებიან _ ოპოზიცია ჩაკეტეს, თავად კი აქტიურობენ.
_ აქტიურობით ოპოზიციაც აქტიურობს?
_ ჩვენ ერთი დღეც არ გავჩერებულვართ, მაგრამ მათსავით თავისუფლად ვერ გადავაადგილდებით. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი იმიტომ ჩაკეტეს, რათა ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. ხალხი შეიძლება, შიმშილითაც მოკვდეს და არაერთი დაღუპულა ასე. არასათანადო კვების გამო ყოველ წელს რამდენიმე ასეული ბავშვი იღუპება. იმიტომ, რომ დედებმა ორსულობის დროს სათანადო საკვები ვერ მიიღეს, მათაც დაკარგეს ჩვილები. წელიწადში 600 ჩვილზეა საუბარი. ასე თუ გაგრძელდა, სოციალურ კოლაფსს მივიღებთ და მერე შიმშილით გარდაცვლილთა კუბოებს ვერ დავითვლით.
ხალხის დაზაფვრა და ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ხელისუფლება კარგს არაფერს აკეთებს. ჯერ სად იყო კორონა, რომ კალაძემ რამდენიმე ასეული კუბო შეუკვეთა. წამლებისა და პროდუქტებისთვის კი არ გამოყო თანხები, მაშინვე კუბოები შეუკვეთა. წამლების ყიდვა შეუძლებელია. აფთიაქები ოქრიაშვილს, კურტანიძესა და ივანიშვილს ეკუთვნით. როგორც უნდა, ისე აძვირებენ წამლებს. ამაზე პასუხს არავინ სთხოვს.
არ შეიძლება ხალხის დაზაფვრა და მათი უმწეო მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა. ეს გამოიწვევს სოციალურ კოლაფსს. თუ ეკონომიკა არ ამუშავდა, თავზე დაგვემხობა ყველაფერი.
შორენა მარსაგიშვილი