- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-05 15:45:32
როგორია „იმედის“ რეიტინგული გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანისა და ცნობილი მსახიობის ცხოვრება პანდემიის დროს? როგორ და სად აპირებს ის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასვენებას?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს გიორგი გასვიანმა უპასუხა:
_ გიორგი, როგორია შენი ცხოვრება პანდემიის პირობებში? ხომ არ შეგაშინა კორონავირუსმა?
_ პირველ დღეებში ვაფიქსირებდი, თუ როგორ მოედო კორონავირუსის საკითხი აბსოლუტურად ყველაფერს. არ დაუტოვებია არც ერთი შრე და ეს იყო ცოტა დამთრგუნველი. პარადოქსია, როდესაც ადამიანი კოსმოსში მიფრინავს, უმაღლეს ტექნოლოგიებს იგონებს, შეუძლია შექმნას საოცარი ფერწერა, პოეზია... დიდი სულიერების პატრონია და უცებ ვხედავთ, რომ პატარა ვირუსი მთელ დედამიწას აჩერებს. ნავთობის ფასი დავარდა, თეატრები გაჩერდა. ვერსად წახვალ და ფანჯარაში გახდევაც კი დიდ სიამოვნებას განიჭებს. ფაქტობრივად, შიდაპატიმრობა მოგვესაჯა. დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, უკან იხევს ვირუსი და აღარ არის ისეთი ისტერიკა, რაც იყო. მართალია, ჯერ კიდევ ვიცავთ წესებს, მაგრამ შინაგანი შფოთი აღარ გვაქვს. ხშირად ამბობენ, სამყარო შეიცვალა და ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც კორონამდე იყოო. არ მჯერა ამ მოსაზრების. ძალიან კარგადაც ჩადგება ყველაფერი თავის კალაპოტში და ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
_ რა გენატრება კორონამდელი ცხოვრებიდან და რისი გაკეთება გინდა ახლა ყველაზე მეტად?
_ ახლა ძალიან მინდა შემეძლოს მოძრაობა, სიამოვნებით წავიდოდი ჩემს მეგობართან სტუდიაში, რომელიც სიმღერას წერს... შეზღუდვები, რა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნის, მაგალითად, გაზაფხულია და ძალიან მინდა ახლა ქალაქგარეთ გავიდე, ბევრი რამის გაკეთება მინდა და ვერ ვაკეთებ. სულ ვფიქრობ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ რომ გითხრა, დარდი, მწუხარება და ფსიქოზი დამემართა-მეთქი, მოგატყუებ. პანდემიის დროსაც ბევრი საინტერესო ლაივი მქონდა. ჩემი გადაცემაც, რაც მთავარია, ეთერში გადის და დღესაც ჩავწერე (ორი გადაცემა) ჩვენივე ტელეკომპანიის წამყვანები შიდა რესურსებით. მთავარია, ეკრანზე დავრჩი, ოღონდ სახლშიც გამოვიკეტე. ასევე თეატრის დანაკლისი მაქვს ძალიან. ჩემთვის თეატრის რეპეტიციები იმდენად დიდი სიამოვნებაა, ცოტა მიჭირს მის გარეშე. მთელი ცხოვრება თეატრში ვარ და ასე არაფერს შეუფერხებია მისი მუშაობა.
_ „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანი ხარ და საინტერესოა, მსოფლიოს ლიდერებიდან, დედამიწაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვინ იქნებოდა ყველაზე სასურველი სტუმარი შენი გადაცემისთვის?
_ საინტერესო იქნებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელძღვანელის ჩაწერა, რადგან მის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვაა. სიმართლე გითხრათ, ყველას სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ჩინეთის ლაბორატორიიდან სიამოვნებით შევთავაზებდი რომელიმე მეცნიერს წითელ სკამზე დაჯდომას. ასევე ბილ გეითს დავსვამდი და იცით, რატომ? - შესანიშნავი „წინასწარმეტყველება“ ჰქონდა ამ ვირუსის შესახებ. მან თქვა: „21-ე საუკუნის ატომური იარაღი დღეს არის ვირუსი, იგი შეიძლება დაემართოს მრავალ მილიონ ადამიანს, ძალიან სწრაფად მოედოს დედამიწას, გაანადგუროს ადამიანების სიცოხლე და ყველაზე მთავარი - მას შეუძლია, შეცვალოს მსოფლიო“.
_ როგორია შენი პოზიცია მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობაზე?
_ ტაშის დაკვრის ფონზე მათ მუშაობას დიდი კრიტიკაც ახლავს და ეს მომწონს. აღარ ვართ ჩვენ ისეთი სახელმწიფო და ხალხი, როცა მარტო ტაშს ვუკრავდით და რაც არ მოგვწონდა, იმაზე ვჩუმდებოდით, რომ სამსახური არ დაგვეკარგა. ამას უდიდესი მნიშნვნელობა აქვს. არ შეიძლება იყოს მხოლოდ კრიტიკა ან - პირიქით. როდესაც დავინახავთ კარგ შედეგებს და ამას ობიექტურად ვაფასებთ, შეგვიძლია ტაში დავუკრათ და მადლობა ვუთხრათ, ეს არ არის ცუდი. რასაც მთავრობა და ხელისუფლება აცხადებდა და ადგენდა, ხშირად ოპოზიციაც კი შეისმენდა ხოლმე. მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მათ ძალისხმევა არ დაუშურებიათ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რთულია, ერთი ხელით პაციენტს მკურნალობდე და მეორე ხელით დადგენილებებს აკეთებდე, როგორ და რანაირად დააწესო მასობრივი კანონები, რომლითაც არიდებული იქნება პანდემიის გავრცელება და მიბაძო რომელიმე წარმატებულ ქვეყანას ან არ მიბაძო ქვეყანას, რომელმაც ვერ შეძლო პანდემიის გაკონტროლება.
_ როდესაც შეზღუდვები მოიხსნება და სატელევიზიო სეზონსაც დახურავ, რა გეგმები გაქვს, როგორი იქნება შენი ზაფხული?
_ როგორც კი მოვრჩები სატელევიზიო სეზონს და ქვეყანაში ეს შეზღუდვები მოიხსნება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ზღვაზე წავიდე. სიამოვნებით დავისვენებდი ისე, როგორც ზაფხულს შეეფერება, რადგან გაზაფხულის სეზონი ჩაგვივარდა კორონავირუსის გამო. ვითომ დასვენებულები ვართ, სინამდვილეში კი ძალიან დავისტრესეთ. როგორც კი სეზონს დავამთავრებ, ვაპირებ, ზღვაში ჩავხტე და მზეს მივეფიცხო. უცხოეთში, სავარაუდოდ, კარგა ხანს, ვეღარ წავალთ და ვფიქრობ, წელს ყველა საკუთარ ქვეყანაში მოახერხებს დასვენებას -შევიგრძნობთ ჩვენი ქვეყნის კულტურას და თვითონვე ვიქნებით საქართველოს ტურისტები. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება.
ლევან ქემოკლიძე