- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-04 15:57:50
ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის განახლებას ითხოვს. ხელისუფლებისთვის მათი მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა. მეოცნებეთა სახელით გამოსულმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, _ რა დროს მუშაობაა, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებულიაო.
რატომ არ აწყობს ხელისუფლებას პოლიტიკური ცხოვრების განახლება? როგორ სარგებლობენ საგანგებო მდგომარეობით? რა მოხდება, თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე:
_ ოპოზიციამ მოითხოვა, რომ პარლამენტმა მუშაობა განაახლოს. ამაზე ხელისუფლებამ მამუკა მდინარაძის პირით განაცხადა, რა დროს პარლამენტის ამოქმედებაა, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებულიაო. თქვენ რას იტყვით ამაზე?
_ „ქართულ ოცნებას“ მუშაობა არ უნდა, საგანგებო მდგომარეობა გაუტკბა. იმ დროს, როცა ოპოზიციას გადაადგილებაც კი აკრძალული აქვს, ისინი თავისუფლად დადიან და ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ. „აგროჰაბში“ იყიდება პარკები, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარდეს. მეც ვაპირებდი ამ პარკების შეძენას. დავხედე პარკს და აწერია: თბილისის მერია. თურმე, რა ხდება, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ მოქალაქეების შეწირულობას არიგებენ საკუთარი სახელით. გაქანებულ საარჩევნო კამპანიაში არიან. მაჟორიტარებმა ფონდი შექმნეს და 100-100 ათასი ლარი გადარიცხეს. პარლამენტში ოფიციალურად 29 მილიონერია. ფარული _ ერთი ამდენი. ამათ რა ენაღვლებათ 100.000 ლარი.
კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ბიძინამ და 30 მილიონი რამდენიმე პატიოსანმა ბიზნესმენმა ჩარიცხეს. ხალხმა შეწყვიტა ფონდში ფულის შეტანა. გაირკვა, რომ ამ ფონდში იმ ბიზნესმენებს შეაქვთ ფული, რომლებიც შემდეგ სახელმწიფო შეკვეთებიდან ამოიღებენ დანახარჯს. ტენდერების გარეშე მიიღებენ ბევრ პროექტში მონაწილეობას. ბიუჯეტიდან უამრავ ფულს მიითვისებენ. არადა, კონკურენციის შემთხვევაში მთელი ეს პროექტები ბიუჯეტს 15-20%-ით უფრო იაფი დაუჯდებოდა. ამ ფონდში შესულ თანხებს „ოცნების“ მაჟორიტარები იყენებენ და ხალხს პარტიის სახელით ურიგებენ დახმარებას. სრულიად გაუმჭვირვალე ფონდია. ბიზნესმენებმა გამჭვირვალობა მოითხოვეს. ერთმა სადაზღვევო კამპანიამ პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს გადაურიცხა ფული.
_ კარგად მოუფიქრებიათ.
_ რა თქმა უნდა, ასე პირდაპირი დახმარება სჯობია. სხვა შემთხვევაში „ქრთული ოცნება“ საკუთარ თავზე გაასაღებს სხვის შეწირულ დახმარებას. ივლიან სოფელ-სოფელ. შეეცდებიან, ოპოზიცია გამოკეტონ სახლებში
_ გამოუვათ თქვენი გამოკეტვა? სოფელ-სოფელ მართალია, ვერ დადიხართ, მაგრამ ეთერებში ხშირად ჩანხართ.
_ სადღა ვართ ხშირად. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის რაოდენობა სულ უფრო იზრდება. რეგიონულ მედიას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ და პატარა ტელევიზიებს, ვისაც არ ჰყავს ბიზნესმენი პატრონი. მაგალითად ისეთებს, როგორიც „კავკასიაა“. მეოთხედ საუკუნეზეა მეტია, რაც ეს ტელევიზია არსებობს და მხოლოდ რეკლამაა მათი შემოსავალი. ამ ფონზე საზმაუმ 45 მილიონი სესხი აიღო ტექნიკის განახლებისთვის. 75 მილიონს იღებენ ახალი ოფისის ასაშენებლად. ეს ფული ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს. 120 მილიონზეა საუბარი. საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლება მედიას აქტიურად გამოიყენებს და ის, რომ ახლა ჩვენ ვჩანვართ, ეს საკმარისი არ არის. საარჩევნო კამპანია გაძნელდება, კარდაკარ ვერ ვივლით, ვერც მიტინგებს მოვაწყობთ. ამიტომ აქვს ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა დამოუკიდებელ მედიას.
პარლამენტის მუშაობას რაც შეეხება, საკანონმდებლო ორგანომ აუცილებლად უნდა დაიწყოს საკომიტეტო მუშაობა. 10-15 კაცია კომიტეტში და დაკეტილ დარბაზში თუ ჩავატარებთ სხდომას, თავისუფლად დავიცავთ 5-მეტრიან დისტანციას. პლენარული სხდომის დარბაზში თუ ჩატარდება კომიტეტის სხდომა, მაშინ გინესის რეკორდს დავამყარებთ.
_ რაში დაამყარებთ გინესის რეკორდს?
_ პლენარული სხდომის დარბაზში 30-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება შესაძლებელი.
მდინარაძე რომ ამბობს, რაღა ახლა აუტყდათ მუშაობის ჟინი და რაღა ახლა გაგიჟდნენო, მას უნდა ვუთხრა, რომ დასავლურ ლექსიკაში უკვე დიდი ხანია, ღარ გამოიყენება სიტყვა გიჟი. წლებია, გიჟის ნაცვლად გამოიყენებოდა ფსიქიატრიულის პაციენტი. ახლა ტერმინ პაციენტსაც არავინ იყენებს. ამბობენ იუზერს, ანუ ფსიქიატრიული სერვისის მომსახურების მომხმარებელ ადამიანს.
პოლიტიკური ენა დროთა განმავლობაში იხვეწება და ზოგიერთი სიტყვის გამოყენება არაპოლიტკორექტულობისა და ჩამორჩენილობის ნიშანია. ზანგს ახლა არავინ ხმარობს. ჯერ ზანგს ამბობდნენ, მერე შავკანიანს, მერე აფროამერიკელს, მგონი, ახლა ესეც იცვლება.
გახსოვთ, ხომ, ერთმა ცნობილმა წამყვანმა დაუნი რომ უწოდა ვიღაცას. მერე მოიბოდიშა. იმას მოჰყვა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერის კამპანია და კულმინაცია იყო საოცრად საყვარელი ყმაწვილის ტელეშოუს წამყვანობა „რუსთავი 2-ზე“. „გიჟი“ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკოსმა; არც - „გაგიჟდა“. „სიყვარულმა შენ კი არა, გააგიჟა ტარიელიო“, თუ იტყვის, ეს ნაწარმოებიდან ციტატა იქნება და ეპატიება. „გიჟი თავისუფალიაო” რომ თქვას, ესეც ეპატიება, ერთი დიდი ფილოსოფოსის გამონათქვამია.
მდინარაძე ამბობს, როცა მსოფლიო მუშაობდა, ბოიკოტში იყვნენო. სწორად მოვიქეცით, რომ ბოიკოტში ვიყავით. სწორედ ბოიკოტისა და ქუჩის პროტესტის, ასევე ახალგაზრდების აქტიურობის წყალობით ვაიძულეთ ხელისუფლება, წასულიყო დათმობაზე _ არჩევნები 120-30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს. ახლა პოლიტპატიმრების განთავისუფლებაღა დარჩა.
_ „ქართული ოცნება“ მათ განთავისუფლებას არ აპირებს.
_ მოუწევს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ არსებობს ამერიკისა და ევროკავშირის გარეშე.
_ ამით რისი თქმა გინდათ? ფულს ვერ მიიღებენ?
_ იმ მოლაპარაკებებს, სადაც პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. აშშ და ევროკავშირი არიან წამყვანი ფიგურები სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. იქიდან მოზიდული თანხებით იწონებენ თავს „ქართულ ოცნებაში“. არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და ივანიშვილს პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ, ბიუჯეტში კი თანხებს ვერ ჩარიცხავენ. ამის გამო ქვეყანა და ხალხი დაისჯება. ხალხი არ აპატიებს ამას ხელისუფლებას. ივანიშვილს იმის რესურსი არ გააჩნია, რომ მსოფლიო მეორედ მოატყუოს. ამიტომ პოლიტპატიმრებს ისე გამოუშვებენ, როგორც დაგიბარებიათ. ასე რომ, ბოიკოტსაც თავისი დრო აქვს და - მუშაობასაც. საჭირო თუ გახდა, ისევ გადავალთ ბოიკოტზე. ახლა აქტიურობის დროა, უნდა ვიაქტიუროთ, რათა ხელისუფლებამ ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდინოს. საგანგებოს გამო ისედაც კონსტიტუციის ბევრი ნორმაა შეჩერებული. ამას ბოროტად იყენებს ხელისუფლება და ადამიანის უფლებებს არღვევს.
„ქართული ოცნება“ მწირ დახმარებას რომ ჰპირდება ხალხს საგადასახადო კოდექსსა და ბიუჯეტში ცვლილებების გარეშე, ეგ დახმარებები ვერ გაიცემა. ასე რომ, პარლამენტის მუშაობა საჭიროა. როდის ეს ცვლილებები განიხილება, როდის დამტკიცდება და როდის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ამასობაში ივნისიც მოვა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი უკვე დარიგებულია დახმარება, დასავლეთის ქვეყნებზე არაფერს ვამბობ, საქართველოში კი ჯერ არც დაუწყიათ.
საჭიროა ზეწოლა. თავის დროზე ზეწოლით ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ პანდემიის დროს კომუნალურები დაეფარა. ეს თავიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა იყო, მერე მთელი ოპოზიცია შემოგვიერთდა. მართალია, მხოლოდ კომუნალურების ნაწილს ფარავს ხელისუფლება, მაგრამ მაინც ხომ დავათმობინეთ რაღაც. სხვა საკითხებზეც ასე ერთიანად უნდა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა.
შორენა მარსაგიშვილი