QronikaPlus
გოგი წულაია:  „საქართველოში ადამიანების შიმშილით ამოწყვეტა არ უნდა დავუშვათ“

გოგი წულაია: „საქართველოში ადამიანების შიმშილით ამოწყვეტა არ უნდა დავუშვათ“

2020-05-04 14:23:51

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია „ქრონიკა+“-ს ქუთაისსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა:

_ ბატონო გოგი, როგორია თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და რა შეცვალა პანდემიამ თქვენს  ცხოვრებაში? 

_ ყველამ იცის, პანდემიის პირობებში, ორჯერ დამაჯარიმეს. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მაინც ვაქტიურობ და ჩემს სათქმელს ვამბობ. არ მომწონს ეს შეზღუდვები და იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. რა თქმა უნდა,  კორონავურუსმა შეცვალა ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი. ხალხთან ვერ გადავაადგილდები. ის, რომ ვირუსი მასობრივად არ გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ადამიანების მოწესრიგებულობისა და ქართველი ექიმების დამსახურება. ალბათ, კიდევ არსებობს სხვა ფაქტორებიც. ექიმები, რომლებიც მძიმე ავადმყოფებთან მუშაობენ და ღამეებს ათენებენ, გმირები არიან! კარგი იქნება, თუ მათ შესახებ  უფრო მეტს ვილაპარაკებთ და დავწერთ. ვინც ტელევიზიაში ჩანს, მხოლოდ ისინი ვიცით. სასურველია, ყველაზე ვიცოდეთ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის.

_ რა ხდება  ქუთაისში, რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა და როგორ აფასებთ მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას?

_ სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ხვალ ვაპირებ ბრიფინგის გამართვას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ათასობით სოციალურად გაჭირვებულ ადამიანზე, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ისე ეფექტიანად  ვერ იმუშავებს, როგორც ეს ადგილობრივ მთავრობას შეუძლია. ცოტა სასაცილოა, როცა ასეთ კრიზისულ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება რეაბილიტაციას უკეთებს ქუთაისში ცნობილ 100-საფეხურიან კიბეებს, რომლისთვისაც  ნახევარ მილიონზე მეტია გამოყოფილი. გვაქვს ახლა ამის დრო, როცა ქალაქში ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან? ასევე  მივმართავ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ის მივლინების თანხები, ბენზინის  და ა. შ., ეს მილიონები, ახლა უნდა ამოიღოს ბიუჯეტიდან და მიმართოს ბიზნესისა და ადამიანების გადასარჩენად. სანამ ამ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ჩვენ ამას ნათლად არ დავინახავთ, არაფერი გვეშველება. ხელისუფლება ახლა ცდილობს, კორონას დააბრალოს ხალხის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. სოციალურად დაუცველები დღეს არ გაჩენილან ამ ქვეყანაში, ისედაც გვყავდნენ კორონამდელ ცხოვრებაშიც. ახლა სხვა ქმედითი ნაბიჯების დროა და ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

_ ოპოზიციური პატრიის ლიდერები და ადამიანების გარკვეული ჯგუფი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის თემას წისაარჩევნოდ იყენებს, თქვენ რას ფიქრობთ?

_ რა თქმა უნდა, იყენებს და სწორედ ეს არის ტრაგედია.

_ კონკრეტულად, რა ფაქტები გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

_ შორს წაგვიყვანს ახლა ამაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ხელისუფლებამ ყველაფერი მოირგო საკუთარ თავზე და ყველა განსხვავებული აზრი მათ მუშაობაზე მათთვის მიუღებელია. გამოდიან ტელევიზიით და გვეუბნებიან: ჩვენ ვართ უძლეველები და ვამარცხებთ კორონას! ამით  შეცდომას უშვებენ და ეს არის სწორედ წინასაარჩევნო კამპანია, პროპაგანდა, თითქოს უძლეველები არიან და  პროცესებს მართავენ. რის ხარჯზე? ადამიანების შიმშილით? ეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმაც წინასაარჩევნოა, მხოლოდ თავიანთი აგიტატორების დაფინანსებაზეა  მიმართული. ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, არის მძიმე სიტუაცია, უიმედობა, აპათია და გულგატეხილობა.  ადამიანებში ყველაზე მძაფრად იგრძნობა მომავლის შიში, რაც ყველაზე დრამატულია. ეს ყველაფერი რა კატასტროფებს გამოიწვევს, ცალკე ინტერვიუს თემაა. ახლა ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა: არ უნდა დავუშვათ  საქართველოში ადამიანების შიმშილით ამოწყვეტა!

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება