- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-03 16:43:24
ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ისევ აქტიურდება. ოპოზიცია მიხვდა, რომ ჟამიანობისას ხელისუფლებისთვის გამოხატული სოლიდარობა მმართველმა ძალამ სათავისოდ გამოიყენა. „ქართული ოცნების“ მიმართ სოლიდარობა არც კორონობისას გამოუჩენია ლეიბორისტულ პარტიას. მისი ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ეპიდემიას ივანიშვილი თავის სასარგებლოდ იყენებს.
როგორ სარგებლობს „ქართული ოცნება“ ეპიდემიით? დამყარდება თუ არა საქართველოში დიქტატურა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება:
_ უკვე დიდი ხანია გვეუბნებიან, რომ 2-3 კვირაში გვექნება პიკი. ეს 2-3 კვირა არ დადგა და რა ხდება, თქვენი აზრით?
_ როდის გვექნება პიკი, როდის გვექნება პლატო - ეს ყველაფერი არის ვარაუდები. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კორონავირუსი მსოფლიოში ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა და რაღაც კონკრეტულის თქმა ძალიან ძნელია. სერიოზული პრობლემაა ტესტირება. საქართველო უარს ამბობს მასობრივ ტესტირებაზე. ჩვენთან ძალიან ცოტას ჩაუტარდა ტესტირება. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სანდო პროგნოზიც არ არის. საქართველოში დღეისთვის ერთადერთი მიღწევა ისაა, რომ ეპიდემია შედარებით ნაკლები ტემპით მიმდინარეობს. სიკვდილიანობაც დაბალია. ეს ყველაფერი ჩვენი ექიმებისა და მოსახლეობის დამსახურებაა.
_ მთავრობას არ შეუტანია ამაში რამე წვლილი?
_ მთავრობის წვლილი არის მინიმალური. მას მხოლოდ ის შეგვიძლია ჩავუთვალოთ დამსახურებად, რომ ექიმებს უჯერებს. ის შედეგი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ეს ყველაფერი ჩვენი შეზღუდვის ხარჯზეა. გვზღუდავენ და ამის გარდა არაფერს აკეთებენ. სასაცილოა, როცა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ყველაფერი საკუთარ თავზე მიიწეროს.
ქვეყანაში დღეს ტოტალური შიმშილი და უიმედობაა. ბიზნესისთვის არანაირი ხელშესახები დახმარება არ გვინახავს, არც კი გვსმენია ამაზე. ისე ამთავრებენ საგანგებო მდგომარეობას, რომ მწყობრი ანტიკრიზისული გეგმაც კი ვერ დადეს.
_ საგანგებო მდგომარეობას ამთავრებენო და ეს როდის იქნება?
_ 22 მაისამდე გაახანგრძლივეს და იმედია, 22 მაისს დაამთავრებენ. ამდენია ხანია, საგანგებო მდგომარეობა გვაქვს და ამათი დახმარება არავის უნახავს. რაღაც სამარცხვინო თანხები გამოყვეს და ამას მოსახლეობის ნახევარზე მეტიც კი ვერ მიიღებს. 22 მაისს უნდა დამთავრდეს საგანგებო მდგომარეობა და ესენი დახმარების დარიგებას ივნისიდან იწყებენ.
_ რატომ გადაწიეს დახმარების გაცემის ვადები ასე შორს?
_ იმიტომ, რომ ასე აწყობთ. ხალხი შიმშილის პირასაა, ესენი კიდევ ცდილობენ, თავი სასწაულ არსებებად წარმოაჩინონ. თურმე, ტიკტოკის მოცეკვავე ივანიშვილი და თვალთხარია გახარია ყოფილან ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, ვისაც პანდემიის დამარცხება შეუძლია. იგონებენ რაღაც ლეგენდებს და ამ დროს საზოგადოება შიმშილობს. ბიზნესს ხელს უშლიან. მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ საქმიანობის უფლებას. ჩვენ ხარჯზე იღებენ სესხს და ამ სესხის პირობებშიც კი ნახევარი მოსახლეობა შიმშილისთვის ჰყავთ განწირული, დანარჩენი _ ნახევრად შიმშილისთვის. ამ კრიზისის დროს არც კაბინეტების გარემონტების რცხვენიათ და არც ახალი ავეჯის შეძენის, არც ახალ ავტომობილებზე ამბობენ უარს. ამ პანდემიის ხარჯზე გვარიანად გამდიდრდნენ და ახლა გადაწყვიტეს, მისი დახმარებით არჩევნებიც მოიგონ.
_ არჩევნების მოგების შანსი მართლა აქვთ. მაშინ, როცა ოპოზიცია სოლიდარულია ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნება“ სერიოზულად კუნტრუშობს.
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიცია გაჩერებულია. ლეიბორისტები არც ერთი დღით არ გავჩერებულვართ. იგივე შემიძლია ვთქვა რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერზე. ჩვენ სკაიპით არ ველაპარაკებით ხალხს. დავდივართ ყველგან, სადაც ხალხს დახმარება სჭირდება. ვიყავით გადაჭედილ ავტობუსებში, ბაზრობებზე. ივანიშვილის სასახლესთანაც გავმართეთ აქცია. მთავრობის ადმინისტრაციასაც კი მივუვარდი „კარფურის“ კიტრით.
_ ლობიოს გამო შარშან დაგიჭირეს და ახლა კიტრით მივარდნა გაპატიეს?
_ კიტრის გამო არ დავუჭერივარ, ეტყობა, „კარფურის“ კიტრის გამო შეიკავეს თავი. სამაგიეროდ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დააჯარიმეს. კანონით სამ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, ისინი კი სამნი იყვნენ. სამმა ახალგაზრდამ ჩაატარა გარეთ ბრიფინგი და ამის გამო დააჯარიმეს. ეს 3000-ლარიანი ჯარიმა ჩემზე დატესტა ხელისუფლებამ. პირველი ადამიანი მე ვიყავი, ვისაც ადმინისტრაციული წესით ამხელა ჯარიმის გადახდა დააკისრა. მერე ეტყობა, ეს ციფრი მოეწონათ და ახლა ყველას ამ ოდენობის ჯარიმას უწერენ.
ჩვენი ახალგაზრდების დაჯარიმებას დავუბრუნდები: ისინი მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეიბორისტული პარტია დისკომფორტს უქმნის. აშკარაა, რომ ამ ეპიდემიის დროს ივანიშვილი კორონადიქტატურის დამყარებას ცდილობს.
_ გამოუვა?
_ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ეპიდემიის შიშით არ შეიძლება, ჯალათებისა და კორუმპირებულების მიმართ ნოსტალგია და სიმპათია გაგიჩნდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი კორონათი მოკვდება თუ შიმშილით? რა, ჩვენთან ადამიანები არ იღუპებიან შიმშილით? ძალიან ბევრი იღუპება. ახლა კიდევ უფრო გაიზრდება ეს მაჩვენებელი. ხელისუფლებამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა.
ჩვენ დღეს ორ სენს ვებრძვით - ერთია კორონავირუსი და მეორე - ბიძინავირუსი, რომელსაც მეორე სახელიც ჰქვია - უსამართლობა. რამენაირად უნდა მოვერიოთ ორივეს. კორონათი დამფრთხლები მეორე ვირუსს არ უნდა ჩაეხუტონ. ამ ორი ვირუსიდან არც ერთი არაა ასარჩევი. ეს არაა ის შემთხვევა, როცა ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.
შორენა მარსაგიშვილი