- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-03 16:09:36
საფრანგეთი vs რუსეთი - რას აპირებს ავთო აბესლამიძე პანდემიის დასრულების შემდეგ?
დღესდღეობით კორონავირუსი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს და ჩვენი ყოველი დილაც სწორედ ამ პრობლემაზე ფიქრით იწყება, რადგან ამ პანდემიამ შეცვალა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა მომღერალ ავთო აბესლამიძის ცხოვრებასა თუ მოღვაწეობაზე.
როგორი იყო პანდემიამდე მომღერლის ცხოვრება? რა გეგმები ჰქონდა მას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს ავთო აბესლამიძე პასუხობს:
_ პანდემიამდე, ისევე როგორც ყველა, ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმით ვცხოვრობდი. აქტიურად ვმუშაობდი და საქართველოს 10 ქალაქში საკონცერტო ტურნე მქონდა დაგეგმილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აუცილებლად განვახორციელებ ჩემს გეგმებს. ასევე ვმუშაობდი ორ ახალ სიმღერაზე და ბევრი კარგი ამბავი მქონდა მსმენელისთვის.
_ ფაქტია, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე უარყოფითად აისახა. დადებით მხარეზე რამეს იტყვი?
_ დადებითს რაც შეეხება, თვითიზოლაციაში ყოფნის დროს დავწერე ახალი სიმღერა. ბევრი დრო დავუთმე საკუთარ თავს, გადავაფასე რაღაცები, როგორც ცხოვრებისეულად, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში, დავიწყე აქტიური ფიზიკური ვარჯიში, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარეგნობის გაუმჯობესებას.
_ ავთო, როგორც ვიცი, საფრანგეთის „ვოისიდან“ მოგივიდა მოწვევა. მოგვიყევი ამის შესახებ.
_ დიახ, მოწვევა მომივიდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი გადაიდო. როგორც მითხრეს, თუ კორონავირუსის პრობლემა მალე დასრულდა, კონკურსის შიდა ეტაპები ზაფხულში დაიწყება. ასევე შემოთავაზება მაქვს რუსეთის ერთ-ერთი სატელევიზიო კონკურსიდან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დალაგდება და, უფლის წყალობით, ნაკლები მსხვერპლი გვეყოლება. ვფიქრობ, ესაა მთავარი პრობლემა, რომ კორონა დავამარცხოთ.
_ პანდემიის დასრულების შემდეგ პირველი რას გააკეთებ?
_ პანდემიის შემდგომი პირველი ეტაპი, რასაც გავაკეთებ, ჩემს ახალ სიმღერებს ჩავწერ და პრემიერა მექნება. არ გავჩერდები, რომ სწორად ვიბრძოლო მიზნის მისაღწევად.
გიორგი საკარული