- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-02 16:05:08
ქართველებს ერთი დარდით ნაკლები გვაქვს _ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც სამყაროს მკვდარი თუ არა ცოცხალმკვდარი ეგონა, გამოჩნდა. ჩრდილოკორეული მედია ამტკიცებს, რომ მათმა ლიდერმა პირველ მაისს ფხენიანის სიახლოვეს სასუქის მწარმოებელი ქარხანა გახსნა, ერთი დღით ადრე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ლიდერის ფოტო გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, სულ ახალი გადაღებულიაო. ამ ფოტოს არავინ მიაქცია ყურადღება.
ჩრდილოეთ კორეის გაცოცხლებული ლიდერის მიერ სასუქის მწარმოებელი ქარხნის გახსნის ამსახველი ფოტომასალა ადგილობრივ მედიაში დიდი ზარზეიმით გამოქვეყნდა. ამ ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიქტატორს სახეზე ავადმყოფობის კვალი არ ეტყობა. არადა, ჩინური მედია ამტკიცებდა, რომ მან გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციას გართულებები მოყვა. კორეელი კოლეგების დასახმარებლად ფხენიანში ჩინელი ექიმების რამდენიმე ბრიგადა ჩავიდა.
ახლა მართალია, ამტკიცებენ, რომ კიმი მოზვერივით ჯანმრთელია, მაგრამ ფაქტია - მას რაღაც სჭირდა. ის დღის სინათლეზე 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. საკუთარი ბაბუის, დიდ დიქტატორ კიმ ირ სენის დაბადების დღეზეც კი არ ჩანდა. ის კაცი 15 აპრილსაა დაბადებული და კიმი ყოველთვის გრანდიოზულ ღონისძიებებს, მათ შორის, სამხედრო აღლუმებს აწყობს ხოლმე ამ დღეს. წელს კი მის გარეშე ჩაიარა დაბიდუბმა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ის სააქაოს აღარ იყო.
კიმ ჩენ ინის გაცოცხლებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან მედიას უთხრა, რომ ამ თემაზე კომენტარს შესაფერის დროს გააკეთებს.
მართალია, ფხენიანმა გაცოცხლებული დიქტატორის ვიდეოც გაავრცელა, მაგრამ დასავლეთში მაინც ეჭვობენ. ფხენიანის ვერსიას ბოლომდე არც სეული ენდობა.
დასავლურ მედიას მხედველობიდან არ გამოჰპარვია, რომ ერთ-ერთ ფოტოზე კიმ ჩენ ინს სახეზე ძალიან სქლად უსვია გრიმი. სავარაუდოდ, ამ გრიმის უკან რაღაც იმალება.
დასავლური გამოცემები ვიდეოკადრებზეც ამახვილებენ ყურადღებას. სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიალს კიმის და კიმ ე ჩჟონიც ესწრებოდა. სწორედ მან მიუტანა ძმას მაკრატელი წითელი ლენტის გასაჭრელად. ამ დროს გამოჩნდა, რომ კიმი მარცხენა ხელს ძლივს ხმარობდა.
დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ ის კაცი, რომელიც ფხენიანმა კიმად გაასაღა, ნამდვილად კიმია, მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კიმი ასეთი მსუქანი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, მის ორეულს გაახსნევინეს ფხენიანის სიახლოვეს ქარხანაო. მაგრამ კორეაში ასეთი მსუქანი და დასაჩქმეტ ლოყებიანი მეორე არ დადის.
შორენა მარსაგიშვილი