- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-02 12:48:42
ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა უწყებამ გამოავლინა ქვეყანაში იმპორტირებული ოთხი სხვადასხვა მოდელის პირბადე, რომელიც სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. იმპორტიორებს დაევალათ, ამ პირბადეებზე შესაბამისი გაფრთხილებები გააკეთონ და ისე შეიტანონ ბაზარზე.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც ქვეყანაში შემოსული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხს იკვლევს, აცხადებს, რომ ასეთი მოდელის პირბადეები, არ არის გამორიცხული, საქართველოშიც იყოს შემოტანილი, ამიტომაც ცენტრმა ყველა ინფორმაცია მოიპოვა ხსენებულ პროდუქციაზე და ფოტოებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს მთავრობას. აქვე დავძენთ, რომ „ქრონიკა+“-მა ეს ინფორმაცია მოიძია ასევე ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო ნაწარმის სწრაფი განგაშის სისტემის ვებსაიტზე. თანდართულ დოკუმენტაციაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული პირბადის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით წერილი გაეგზავნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა აფთიაქები და მომხმარებლები სასწრაფოდ გააფრთხილონ. წერილს ხელს აწერდა ცენტრის ექსპერტი, პროფ. ვახტანგ კობალაძე.
მარტივ კითხვას ვსვამთ! - საქართველოს რომელიმე მოქალაქეს თვალით უნახავს სადმე ან ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება, მითითება, განკარგულება? პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო აფთიაქების შემოწმება და მოსახლეობის მასობრივი გაფრთხილება.
ასე რომ, ის, რაც არ გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, ეცდება გააკეთოს „ქრონიკა+“ და „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ გაგზავნილ წერილს დოკუმენტაციებით და ფოტოებით ჩვენ გამოვაქვეყნებთ.
ყველას! ყველა კლინიკამ და აფთიაქმა, რიგითმა მოქალაქემ თუ ექიმმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს პირბადეები. მათი ჩამონათვალი ხუთია. აქედან ოთხზე ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა განცხადება გაავრცელა 23 აპრილს, ხოლო პირველ მაისს ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების მიერ კიდევ ერთი უხარისხო მოდელის პირბადის აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. ამჯერად უკვე პირბადეების მყიდველებისგან გამოთხოვა მიმდინარეობს... ბელგიაში, რა თქმა უნდა, თორემ საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი გასული საუკუნის 50-იანი წლების ვარცხნილობებით უფრო არის დაკავებული, ვიდრე მოსახლეობის ჯანმრთელობით.
მოკლედ, იმას ვამბობდით, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, ამ პირბადეების არსებობასაც არ შეამოწმებენ. ასე რომ, უმჯობესია, გავფრთხილდეთ და თვითონ დავიცვათ თავი.
თამარ როსტიაშვილი