QronikaPlus
ვინ არის კახეთში  „ევექსის“ ექიმის დაინფიცირების წყარო?

ვინ არის კახეთში „ევექსის“ ექიმის დაინფიცირების წყარო?

2020-05-02 11:07:50

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი ან რა დამატებითი რეგულაციების გატარება იქნება საჭირო, ეს საღამოს სწრაფი ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც გუბერნატორმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა: „პირველ მაისს კახეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო პისიარ ტესტირებები, - მოწყვლადი ჯგუფების, პირველ რიგში კი, ექიმების კვლევა.

ტესტირების შედეგად ყვარელში 1 ადამიანს  ვირუსი დაუდასტურდა, რომელიც უკვე გადაყვანილია თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში.

ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი  ყველა კონტაქტის დადგენაზე მუშაობენ. დაინფიცირებული ქალბატონი „ევექსის“ ექიმია, მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც.

დაახლოებით ერთ საათში უკვე დავიწყებთ ყველა ამ მოძიებული კონტაქტის სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. დაზუსტებით ძნელია თქმა,  ვინ არის წყარო.

ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული 60 პაციენტთან იმყოფებოდა გამოძახებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იგი გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი.

ამ შემთხვევის გამო რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს  კარანტინში,  მკაცრ თვითიზოლაციაში გადავიყვანთ. საკარანტინე სივრცე უკვე მზად გვაქვს. ჯერჯერობით ქალაქის ან მისი რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვა არ იგეგმება“.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება