QronikaPlus
გახდება თუ არა კიმ ე ჩჟონი მსოფლიოში პირველი დიქტატორი ქალი?

გახდება თუ არა კიმ ე ჩჟონი მსოფლიოში პირველი დიქტატორი ქალი?

2020-05-01 15:58:27

ჩრდილოეთ კორეაში კიმების დინასტიაში მიმდინარე ამბებმა მსოფლიოს ცოტა ხნით დაავიწყა კორონა. მართალია, ფხენიანი ამტკიცებს, რომ მათი ლიდერი კიმ ჩენ ინი მოზვერივით ჯანმრთელია, მაგრამ დასავლეთში უკვე მის შემცვლელზე ლაპარაკობენ. ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ოფიციალურ ფხენიანს ცოცხალი ლიდერის ახალი ფოტოები არ აუფრიალებია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფხენიანი კიმის მამის გარდაცვალების ამბავსაც რამდენიმე დღე მალავდა.

კიმ ჩენ ინი თუ მართლაც ცოცხალია, ალბათ, გამოჩნდება. თუ არადა, უკვე ვიცით, ვინ ჩაუდგება სათავეში ჩრდილოეთ კორეას. ეს კიმ ჩენ ინის უმცროსი და კიმ ე ჩჟონი იქნება. მას კიმ იო ჯონგადაც მოიხსენიებენ. ეს ქალი  ცოტა ხნის წინ დასახელდა ქვეყნის მეორე პირად.

კიმ ე ჩჟონის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. აღსანიშნავია, რომ სამყარომ არც ის უწყის, თუ როდის დაიბადა მისი დიქტატორი ძმა. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, კიმ ე ჩჟონი 1989 წლის 26 სექტემბერს ფხენიანში დაიბადა; სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით კი ის 1987 წელს მოევლინა ქვეყნიერებას.

კიმ ე ჩჟონი კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილია. დიქტატორს ის იაპონური წარმოშობის ბალერინა კო ენ ხისგან შეეძინა. როგორც დასავლურ და ჩინურ მედიაში წერენ, კიმ ე ჩჟონი მამას შვილებიდან ყველაზე მეტად უყვარდა. იაპონელი მზარეული, რომელიც დიქტატორის ოჯახში  რამდენიმე წელი მუშაობდა, იხსენებს, რომ კიმ ჩენ ირი გოგონას პრინცესას ეძახდა. მამა ხშირად ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი პოლიტიკით არის დაინტერესებული და სურს, ჩრდილოეთ კორეის მთავრობაში იმუშაოს.

1996 წელს ის თავის ძმასთან ერთად შვეიცარიაში გააგზავნეს სასწავლებლად. კიმ ჩენ ინი და კიმ ე ჩჟონი სხვა სახელებით სწავლობდნენ ბერნის პრესტიჟულ კოლეჯში. გოგონა ბალეტზე დადიოდა და  გერმანულ ენას ეუფლებოდა. 2000 წელს ის ფხენიანში დაბრუნდა და  კიმ ირ სენის სახელობის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, შემდეგ  უკვე ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

წლების მანძილზე ის საჯაროდ არ ჩნდებოდა. საზოგადოებაში ის პირველად მამის დაკრძალვაზე გამოჩდა. 2018 წელს  ის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზეც ვიხილეთ.  ის ძირითადად ჩრდილშია და როგორც დასავლური მედია წერს, ყველაფერს აკეთებს მისი ძმის იმიჯის შესაქმნელად. კიმ ჩენ ინი დას ძალიან ენდობა.

მამას პრინცესა და ბალერინა გოგონა ამერიკამ შავ სიაში შეიყვანა. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა 2017 წელს მიიღო.

როგორც ჩინურ და დასავლურ მედიაში წერენ, კიმ ე ჩჟონი გათხოვილია და ჰყავს შვილი. მისი მეუღლე ადგილობრივი მაღალჩინოსნის ვაჟია. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, კიმ ე ჩჟონს შვილი არა ქმრისგან, არამედ პირადი მცველისგან შეეძინა.

დასავლური, ჩინური და სამხრეთ კორეული მედია ბევრს წერს მომავალ დიქტატორზე, თუმცა მასზე ბევრი ვერაფერი გაიგეს. იმასაც კი ვერ აზუსტებენ, მართლა ჰყავს თუ არა ქმარ-შვილი მამას გოგოს. ამას, ძიროთადად, იმით ვარაუდობენ, რომ ყოფილ ბალერინას ხელზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

ერთი შეხედვით კაფანდარა გოგოს ძალიან დაუნდობელი გამოხედვა აქვს. დასავლეთში ჯერ არ იციან, დაიკავებს თუ არა ის ძმის ადგილს (ამისთვის კიმ ჩენ ინი ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ გარდაცვლილად), მაგრამ თუ კიმ ჩენ ინი მართლა მოკვდა, ის და მისი წინაპრები შეიძლება, სანატრელი გაუხდეს ჩრდილოეთ კორეას. კიმ ე ჩჟონის დაუნდობლობაზე ბევრს წერენ. მის სახელს უამრავი ცუდი ფაქტი უკავშირდება და ეს ყველაფერი თუ მეორე კაცად ყოფნის დროს გააკეთა, ადვილი წარმოსადგენია, რას იზამს, თუ მართლა გახდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. დასავლურმა მედიამ მას უკვე უწოდა პირველი დიქტატორი ქალი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება