- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-01 14:37:17
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები ჟამიან ჟამსაც დაჩაგრულები აღმოჩნდნენ. მათ ისედაც ძვირი უჯდებათ ავტომობილის განბაჟება. შეღავათები არც საყოველთაო პანდემიის დროს შეხებიათ. დათო ქაჯაია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა შეიძინა. იმის გამო, რომ მან ავტომობილი პირველი აპრილის შემდეგ გამოიყვანა ფოთის გეზ-იდან, ორ თვეში უნდა განაბაჟოს მანქანა, არადა, პირველ აპრილამდე ჩამოსული ავტომობილების მფლობელებს განბაჟების ვადები პირველ სექტემბრამდე გადაუწიეს.
რა პრობლემების წინაშე დგანან ავტომფლობელები და რას ითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს დათო ქაჯაია ესაუბრება:
_ დაახლოებით ორი თვის წინ გიორგი გახარიამ განაცხადა: ვინც ფოთის გეზ-იდან ავტომანქანებს პირველ აპრილამდე გაიყვანს, მას შეღავათები შეეხება და განბაჟების ვადები პირველ სექტემბრამდე გადაეწევაო. ის გემი, რომელზედაც ჩემი მანქანა იყო, ფოთის პორტში შემოვიდა 29 მარტს, კონტეინერი კი, რომლითაც გამოაგორეს მანქანა, პირველ აპრილს გაიხსნა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მანქანა 10 აპრილამდე ვერ გამოვიყვანე. ამის გამო 300 ლარი გადავიხადე ჯარიმა. მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხე, - პირველ სექტემბრამდე განბაჟების შეღავათი თუ შემეხებოდა? მან განმიმარტა, რომ მანქანა სტანდარტულ ვადებში უნდა განმებაჟებინა.
_ სტანდარტული ვადა რამდენია?
_ ორი თვე. ვერ გავიგე, რით ვართ განსხვავებული იმათგან, ვინც პირველ აპრილამდე გამოიყვანა ავტომიბილი? არ მესმის, მათ რატომ მიეცათ შღავათები და ჩვენ - არა? იქნებ ჰგონიათ, რომ ვინც პირველი აპრილის შემდეგ გამოვიყვანეთ მანქანები, კოვიდ-19-მა ფულები ჩაგვირიცხა.
როგორც ვუყურებ და თავადაც აღიარებენ, პირველი აპრილის შემდეგ კორონავირუსი არ გამქრალა და არც ქვეყანაში დამდგარა საამური ცხოვრება, შესაბამისად, არც ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესებულა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, - რატომ არ შეგვეხო ჩვენ შეღავათები? ან იქნებ, დავაშავეთ რამე, რომ მანქანები პირველი აპრილის შემდეგ გამოვიყვანეთ? მარჯვენასაჭიანი ავტომობილების პატრონები ისედაც დაჩაგრულები ვართ.
_ ისედაც დაჩაგრულები რატომ ხართ?
_ გაცილებით ძვირს ვიხდით განბაჟების თანხას. მე, მაგალითად, 4000 ლარის გადახდა მიწევს. ამ თანხის ჩამოჭრას ან განახევრებას ხომ არ ვითხოვ? ვითხოვ იმას, რომ ჩვენც მოგვეცეს შეღავათი და პირველ სექტემბრამდე მოგვცენ ვადა, რომ მანქანა განვაბაჟოთ. მარჯვენასაჭიან მანქანებზე დაწესებული მაღალი გადასახადი სერიოზული თემაა, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია და ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
_ ეს შეღავათები მხოლოდ მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს არ შეგეხოთ, თუ ყველას?
_ არავის შეეხო, ვინც მანქანა პირველი აპრილის შემდეგ გამოიყვანა. ეს არის ჩვენი დისკრიმინაცია. მეტიც: ფაქტობრივად, პანჩურის ამორტყმაა.
_ პირველ აპრილამდე შემოყვანილ მანქანებზე რატომ დაწესდა შეღავათები?
_ არ ვიცი! სავარაუდოდ, გახარიამ წაიმარიაჟა, - ხალხო, თქვენ გვერდით ვარ და გეხმარებითო. არც უფიქრიათ იმაზე, რომ ადამიანები პირველი აპრილის შემდეგაც შემოიყვანდნენ მანქანებს. ალბათ, ეს საკითხი სერიოზულად არც განუხილავთ და ნაუცბათევად გაკეთდა განცხადება. იმედი მაქვს, ამ ამბის გახმაურების შემდეგ ხელისუფლება შეცვლის გადაწყვეტილებას. არ შეიძლება, ადამიანებს მხოლოდ იმიტომ არ დაუწესო შეღავათები, რომ მან პირველი აპრილის შემდეგ მიიღო ავტომობილი. ეს შეღავათი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს, თანაც ახლა, როცა პანდემიის გამო ადამიანები სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„ქრონიკა+“-ის მეშვეობით მივმართავ ხელისუფლებას, რომ გაცილებით სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს. ნუ ახდენენ ჩვენს დისკრიმინაციას და იგივე შეღავათები დაგვიწესონ, რაც პირველ აპრილამდე ჩამოყვანილი ავტომობილების პატრონებს აქვთ.
შორენა მარსაგიშვილი