QronikaPlus
საგანგებო ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით დაამტკიცა

საგანგებო ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით დაამტკიცა

2020-04-30 12:14:08

COVID-19 პანდემიის გამო აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. რის გამოც, აჭარის მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა შემცირდება 23 მილიონ 370 ათას 300 ლარით. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. მინისტრმა საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. ბიუჯეტის ცვლილებას უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე დღეს უყარა კენჭი. 13 ხმით ორის წინააღმდეგ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი დამტკიცდა. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ცვლილებები შეეხო მთელ რიგ სამთავრობო უწყებებს. 90 ათასი ლარით შემცირდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა 9 762 600 ლარით. 250 ათასი ლარით შემცირდა აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 9 454 700 ლარით შემცირდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი 2,9 მილიონი ლარი. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება