QronikaPlus
დღეიდან კაბალელი ფერმერები პროდუქციას სოფლიდან გაუსვლელად გაყიდიან

დღეიდან კაბალელი ფერმერები პროდუქციას სოფლიდან გაუსვლელად გაყიდიან

2020-04-30 12:04:49

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში ბოსტნეულის ორი საბითუმო ბაზარი დღეს დილით გაიხსნა.

ფერმერები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კიტრის, პომიდვრისა და კარტოფილის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობდნენ, დაკმაყოფილდნენ - დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

მოსახლეობის თქმით, პროდუქციის გაყიდვას ახლა თავისუფლად ახერხებენ. ადგილზე მკაცრად კონტროლდება საგანგებო მდგომარეობით ამოქმედებული რეგულაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი მერიის თანამშრომლები მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებს დისტანციის დაცვისკენ ხმოვანი გამაძლიერებლებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებენ. ობიექტზე შესვლამდე ყველა ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, თითოეული ადამიანი კი გადის თერმოსკრინინგს. დილიდან ვითარებას ადგილზე ეცნობა ლაგოდეხის მერი. ჯონდი მდივნიშვილის განცხადებით, ბაზრის ტერიტორიაზე ვერ შევა მოქალაქე, რომელსაც არ ექნება პირბადე და არ დაიცავს დადგენილ რეკომენდაციებს.

„ადგილზე სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. არავინ არღვევს წესებსა და რეკომენდაციებს. უახლოეს დღეებში ამავე სოფელში მესამე ბაზარი გაიხსნება, სადაც, ამ ეტაპზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ კვირას ფერმერების ნაწილი კიტრის რეალიზაციას ვერ ახერხებდა, თუმცა ბაზების გახსნის შემდეგ სულ სხვა რეალობაა. ახლა ყველა ფერმერს საკუთარი პოროდუქციის გაყიდვა სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია“, - ამბობს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება