- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-28 14:03:55
უკვე ყველამ ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის ბუნება უცნობია. სწორედ ამიტომაც, ინფიცირებულთა მკურნალობის მკაცრად გაწერილი გაიდლაინი არ არსებობს. ამას გარდა, თუ აქამდე ცნობილი იყო, რომ „მკვლელი ვირუსი“ მხოლოდ სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახლა უკვე იმის შესახებაც საუბრობენ, რომ კორონა თირკმლებსაც აზიანებს და ამასთან, გარკვეულ უარყოფით გავლენას ნაწლავებზეც ახდენს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც ეს „უხილავი მტერი“ ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, იმის შანსი და ალბათობა, რომ ყველა შინაგანი ორგანო გამოვიდეს მწყობრიდან, დიდია. სწორედ აქედან გამომდინარე, კორონასთან ბრძოლაში ვირუსოლოგებსა თუ ინფექციონისტებთან ერთად, ყველა პროფილის ექიმია ჩართული.
ისე, თუ გავყვებით ვერსიას, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში წვეთოვანი გზით ხვდება, ამ მხრივ ერთ-ერთ რისკფაქტორს სტომატოლოგიური კლინიკები წარმოადგენს. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე საქართველოში, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, სტომატოლოგიური კაბინეტები და კლინიკები დაიხურა, თუმცა აქვე ერთიც სათქმელია: ოფიციალურად არ არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ ვინმე კორონავირუსით სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს დაინფიცირდა.
ასეა თუ ისე, ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. შესაბამისად, „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, ქირურგ-ორთოპედი დავით პერტახია, რომელიც ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელია, თვეზე მეტია, არ მუშაობს. უფრო სწორად, იგი მხოლოდ მწვავე გადაუდებელ პაციენტებს ემსახურება. ყველაფერმა ამან კი მცირე მეწარმე სერიოზულად დააზარალა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელმა არ იცის, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა მასაც შეეხება თუ არა.
ამასთან, საგულისხმოა, რომ დავით პერტახიამ, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, იმთავითვე გამოთქვა სურვილი, გარკვეული გადამზადება გაევლო და კორონასთან ბრძოლაში ჩართულიყო, თუმცა მის სურვილს არავინ გამოხმაურებია.
- იწვევს თუ არა კორონავირუსი გართულებებს სტომატოლოგიური კუთხით?
- რადგან კოროვირუსი ახალია და მისი ეტიმოლოგია შეუსწავლელია, მსგავსი გამოცდილება პრაქტიკაში არ გვაქვს, ანუ უცნობია, იწვევს თუ არა გართულებას სტომატოლოგიური კუთხით. ამიტომ რთულია, პაციენტს სათანადო მკურნალობა დავუნიშნოთ, როდესაც არ ვიცით, რა ზემოქმედებას გამოიწვევს ესა თუ ის პრეპარატი.
- გასაგებია, რომ კორონას ბუნება ჯერ ბოლომდე არავინ იცის. შესაბამისად, ალბათ, იმის შანსიც არსებობს, რომ მომაკვდინებელი ვირუსის გადადება სტომატოლოგიური მანიპულაციების დროსაც მოხდეს, არა?
- რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი რისკი, რომ სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს კორონავირუსით მხოლოდ პაციენტი კი არა, ექიმიც დაინფიცირდეს.
- ისე, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა რამე განსაკუთრებული რეკომენდაციები თუ მიიღეთ, ლოკდაუნის მოხსნის მერე როგორ უნდა იმუშაოთ ან პერსონალს გადამზადება ხომ არ ჩაუტარდა?
- იმის შესახებ, ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ თუ როგორ ვიმუშავებთ, მცირე ინფორმაცია გვაქვს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, ეს რეკომენდაციები ძალიან ბუნდოვანი და დასახვეწია. მივესალმები, რომ ჩატარდეს მასტერკლასი, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რათა ექიმიც დაცული იყოს და - პაციენტიც.
- დავით, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, თუ გქონიათ სურვილი, რომ გარკვეული გადამზადება გაგევლოთ და კორონასთან ბრძოლაში ჩართულიყავით?
- კი, „ფეისბუქზე“ პოსტი გამოვაქვეყნე და შესაბამის უწყებებს მივმართე, რომ მზად ვიყავი გადამზადებისთვის. ასევე, როდესაც სტომატოლოგთა ჯგუფში გამოკითხვა ჩატარდა, მოხალისედაც ჩავეწერე.
- როგორც ვიცი, პანდემიის დროს ქველმოქმედებას ეწეოდით - მოხუცებს ეხმარებოდით...
- დიახ, შეძლებისდაგვარად, დავეხმარე, ანუ ხელთათმანების, ნიღბებისა და ეთილის სპირტის ის მარაგი, რაც კლინიკაში მქონდა, მოხუცებს დავურიგე. მერე, აფთიაქებში რომ აღარ იშოვებოდა და გაძვირდა, მეგობრებს ვთხოვე, ამ აქციაში ჩართულიყვნენ, ანუ ჰიგიენის საშუალებები შეგვეძინა და დაგვერიგებინა. ამ თხოვნას ბევრი გამოეხმაურა - ზოგმა თანხა ჩარიცხა, ზოგი ფიზიკურად დამეხმარა და საჭირო ნივთები ერთად დავარიგეთ. უღრმესს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ დროს გულისხმიერება გამოიჩინა.
- დავით, კორონაკრიზისმა თქვენი კლინიკა თუ დააზიანა და როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარება შეგეხოთ?
- რა თქმა უნდა, დავზარალდი, ანუ
მხოლოდ მწვავე გადაუდებელ პაციენტებს ვემსახურები. საჭირო მასალის შეძენა კი გაოთხმაგებულ ფასად მიწევს.
რაც შეეხება სახელმწიფოს დახმარებას, ძალიან დაუხვეწავი და ბუნდოვანი ანტიკრიზისული გეგმაა და ჯერ არ ვიცი, ამ კატეგორიაში შევალ თუ - არა. ისე, ის დახმარება, რასაც სახელმწიფო გამოყოფს, შეღავათს არ მოგვცემს.
გიორგი აბაშიძე