- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-27 15:26:07
აშშ-ის პრეზიდენტი არაორდინალური განცხადებებით არის ცნობილი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპი ისეთი ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაშოკა. კერძოდ, მან თქვა, რომ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ შესაძლოა, სადეზინფექციო ხსნარები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ქიმია გამოვიყენოთ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს, ერთ წუთში. არის რამე გზა, რომ, მაგალითად, სადეზინფექციო ხსნარი შევიყვანოთ ორგანიზმში?.. რატომ არ იქნებოდა ამის ცდა საინტერესო?“ - განაცხადა საჯარო გამოსვლისას ტრამპმა და იქვე დასძინა, უფრო სწორად, ექიმებს შესთავაზა, რომ „მკვლელი ვირუსის“ წინააღმდეგ დასხივება გამოეყენებინათ.
„გთავაზობთ, სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ, რაიმე ძლიერი სინათლით“, - აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას, მსოფლიო მასშტაბით, როგორც აღვნიშნეთ, დიდი აჟიოტაჟი მოყვა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, ხსნარების გამოყენება მხოლოდ ზედაპირული დამუშავებისთვისაა განკუთვნილი და მათი დალევა ან ორგანიზმში სხვა გზით მოხვედრა მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშიაო.
ამას გარდა, ტრამპი, ექიმმა კაშიფ მაჰმუდმაც, ასე ვთქვათ, არაპირდაპირ გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა:
„როგორც ექიმს არ შემიძლია, კორონავირუსის მკურნალობისთვის რეკომენდაცია გავუწიო ფილტვებში სადეზინფექციო ხსნარების შეყვანას ან სხეულის ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას. არ მიიღოთ ტრამპისგან სამედიცინო რჩევა!“
ყველაფერ ამის შემდეგ ტრამპი იძულებული გახდა, საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, ანუ მან თქვა, რომ სადეზინფექციო საშუალებებზე, უბრალოდ, იხუმრა:
„მე ძალიან სარკასტულ შეკითხვებს ვუსვამდი ჟურნალისტებს მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რა მოხდებოდა“.
იქნებ, აშშ-ის პრეზიდენტმა მართლაც იხუმრა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას მხოლოდ აშშ-ში კი არა, მსოფლიოშიც ბევრი მიმდევარი და ფანი ჰყავს, შესაძლოა, ვინმემ მართლაც ჩათვალოს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმია კორონას კლავს და ამიტომ სადეზინფექციო ხსნარი დალიოს. ყველაფერ ამას კი სავალალო შედეგები მოყვება, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალება ადამიანის ორგანიზმისთვის ტოქსიკურია.
სხვათა შორის, ტრამპის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, როგორც დასავლური მედია იუწყება, მერილენდის შტატის სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე 100-მა მოქალაქემ დარეკა, რომელიც ამბობდა, რომ პრეზიდენტის რჩევით სადეზინფექციო ხსნარი დალია. სწორედ ამის გამო მერილენდის შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახური იძულებული გახდა, მოქალაქეები გაეფრთხილებინა, რომ სადეზინფექციო ხსნარის დალევა ან ინექცია დაუშვებელია.
„COVID-19-ის პანდემიის პირობებში სადეზინფექციო საშუალებებს უფრო ხშირად ვიყენებთ და ამ ფონზე განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევებმა იმატა, რაც სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მცდელობებს დაუკავშირეს. არასდროს გამოივლოთ, დალიოთ და შეისუნთქოთ ქიმიკატები! მოარიდეთ ისინი კანს და გახსოვდეთ, საყოფაცხოვრებო ქიმია ადამიანის ორგანიზმისთვის განკუთვნილი არ არის!“ - იუწყება საიტი „კოვიდ19ინფო“. იგი სპეციალურად კორონაპანდემიასთან საბრძოლველად შეიქმნა და საზოგადოებას არგუმენტებით განმტკიცებულ ინფორმაციებს აწვდის ახალ კორონავირუსსა და მის მიერ გამოწვეულ დაავადებაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, პაბმედიდან და სხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზებიდან.
ერთი სიტყვით, სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ კორონას პრევენციისთვის ან სამკურნალოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავლიოთ ისეთი სადეზინფექციო საშუალება, როგორიცაა, მაგალითად, მათეთრებელი, აბაზანის, ავეჯის, იატაკისა თუ სხვა ზედაპირების საწმენდი, ასევე ჭურჭლის სარეცხი ჟელე.
„ამ ქიმიკატების კანსა და ორგანიზმში, განსაკუთრებით, პირის ღრუში, ყელში, ფილტვებში ან თვალებში მოხვედრამ შესაძლოა, დამწვრობა და ქსოვილების შეუქცევადი, სასიკვდილო დაზიანება გამოიწვიოს.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ორგანიზმში კორონავირუსს ისედაც ვერ გაანადგურებს. ვირუსი უჯრედებში სახლობს და ეს საშუალებები მას ვერც დაასუსტებს და ვერც მოკლავს. სამაგიეროდ, ზიანს მიაყენებს ჩვენს ორგანიზმს.
თუ საყოფაცხოვრებო გამწმენდი კანზე მოგხვდებათ, კარგად ჩამოიბანეთ კანის ეს უბანი დიდი რაოდენობით წყლითა და ნაზი საპნით. სადეზინფექციო ხსნარის გადაყლაპვის შემთხვევაში არ გამოიწვიოთ ღებინება - ეს დამწვრობებს გააუარესებს. ამ შემთხვევაში დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა ქიმიკატი განზავდეს. ნებისმიერ ასეთ ვითარებაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ან დამწვრობის ცენტრს“, - ნათქვამია „კოვიდ19ინფო“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
საბედნიეროდ, საქართველოში ტრამპის რჩევა არავის გაუთვალისწინებია. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს ცნობა იმის თაობაზე, რომ ვინმემ სადეზინფექციო ხსნარი დალია. სამაგიეროდ, რამდენიმე კვირის წინ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა, კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით, ადუღებული წყალი დალიეს და... პირის ღრუს სერიოზული დამწვრობაც მიიღეს, რაც თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაადასტურა.
„სამი მოზრდილი პაციენტი გვაყვდა სხვადასხვა დროს, სამივე მათგანს დასჭირდა ამბულატორიული მკურნალობა, ჩაუტარდა პირველადი დახმარება და დანიშნულება მიეცა. სამივეს მდგომარეობა მსუბუქია. დაახლოებით, 4 სატელეფონო ზარი შემოვიდა ადუღებული წყლის დალევასთან დაკავშირებით, კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით“, - განუცხადა მაშინ მედიას თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ერთი სიტყვით, გასაგებია, რომ კორონავირუსს ყველა ვემალებით, მაგრამ მისგან ვერც სადეზინფექციო ხსნარის დალევა დაგვიცავს და ვერც - ცხელი წყლის. იქიდან გამომდინარე, რომ კორონას წინააღმდეგ, ჯერჯერობით, არც ვაქცინა არსებობს და არც - სამკურნალო პრეპარატი, უმჯობესია, დავრჩეთ სახლში და სპეციალისტების ისეთი რეკომენდაციები დავიცვათ ზედმიწევნით, როგორიცაა სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა!
გიორგი აბაშიძე