- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-27 14:17:28
ქართველი კომუნისტები შეიძლება, ბოღმისგან შოკში ჩავარდნენ _ ოსებმა ოკუპირებულ ქართულ ქალაქ ცხინვალს სტალინირი დაარქვეს. ამ შემთხვევაში ქართველი კომუნისტების შოკი არა ქართული ქალაქის ოკუპაციით იქნება გამოწვეული, არამედ იმით, რომ ვიღაცამ მათი ბელადის სახელი უკვდავყო.
ცხინვალისთვის სახელის გადარქმევის შესახებ ბრძანება ცხინვალის რეგიონის მოქმედმა ბელადმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს, 27 აპრილს გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ბიბილოვმა ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. ამ დღეს ოსები საზეიმო ღონისძიების ჩატარებასაც აპირებენ.
ოსებს სტალინი განსაკუთრებულად უყვართ. მოდი და ნუ გეყვარება კაცი, რომელმაც ორი ავტონომია შეუქმნა ოსებს: ერთი საქართველოს ტერიტორიაზე და მეორე - რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ ოსეთში სტალინი დიდად არ უყვართ და თავის დროზე მათ თავიანთ დედაქალაქ ვლადიკავკაზს ორჯონიკიძე დააქვეს. სერგო ორჯონიკიძეც კარგი მოღალატე იყო და ქართულ მიწებს უხვად ურიგებდა მეზობლებს.
ცხინვალელი ოსები კი სტალინზე დღემდე აბოდებენ. სტალინი რომ არა, შუაგულ ქართლს მათ ვინ მიაშავებდა. მისი სახელი ცხინვალს ოსმა კომუნისტებმა, ჯერ კიდევ, 1934 წელს დაარქვეს. ქალაქმა ძველი სახელი 1961 წელს დაიბრუნა.
ოსებმა სახელი ახალგორსაც შეუცვალეს და აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი კვლავ ლენინგორად მონათლეს. კომუნისტების დროს ახალგორს ასე ერქვა. არაა გამორიცხული, რომ ამ ქალაქს სახელი კიდევ ერთხელ შეუცვალონ. რამდენიმე ოსი პოლიტიკოსი წინადადებით გამოვიდა, რომ ახალგორს პუტინირი დაერქვას. სამხრეთელებმა ცხინვალსა და ახალგორში ზოგიერთ ქუჩას კი დაარქვეს პუტინის სახელი, მაგრამ ეს, ეტყობა, ეცოტავებათ და უნდათ, რომ ცოცხალ ბელადს ბოლომდე ფეხქვეშ გაეგონ.
ახლო მომავალში მკვდარ ბელადს, ალბათ, ძეგლსაც დაუდგამენ. ქართულ მხარეს ამ ამბავში ოსების პატივისცემა შეუძლია. გორში ჩამოგდებული ძეგლი მაინც ტყუილად არის წამოწოლილი და შეიძლება, ის ვაჩუქოთ ოსებს. ჩვენი კომუნისტები კი გადაირევიან, მაგრამ გადავიტანთ.
ამ ძეგლის გადაცემა ოსებმა ისედაც გვთხოვეს. გორში აღმართული მონუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოაგდო. ცხინვალელთა მაშინდელმა ლიდერმა, კომიკურმა ედუარდ კოკოითიმ შემოგვითვალა, ეგ ძეგლი ჩვენ გადმოგვეცით, თქვენ რა ღირსი ხართ სტალინისო.
ხმები იმის შესახებ, რომ სტალინი ოსი იყო, ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. ოსურ მედიაში ხშირად იწერება, რომ იოსებ ბესარიონის ძე თავისუფლად ლაპარაკობდა ოსურად და ოს გენერლებს, მათ შორის, ისა პლიევს, სულ ოსურ ენაზე ელაპარაკებოდაო. შემდეგი ეტაპი სტალინის ოსად გამოცხადება იქნება. არა მგონია, ქართველებმა ამის გამო ღაწვები დავიხოკოთ, მაგრამ სომხებთან შეიძლება გაუფუჭდეთ ცხინვალელებს საქმე - სომეხი ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტალინი სომეხი იყო და გენერალ ბაგრამიანს სომხურად ელაპარაკებოდა.
შორენა მარსაგიშვილი