QronikaPlus
რატომ გახსნეს და ისევ დახურეს თელავის აგრარული ბაზარი?

რატომ გახსნეს და ისევ დახურეს თელავის აგრარული ბაზარი?

2020-04-27 13:03:28

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის ადმინიტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი წესების და რეკომენდაციების მასობრივი დარღვევა სახელდება, რის გამოც სააგენტომ ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

"რამდენიმე მოვაჭრეს პიბადე ნახევრად ეკეთა, ერთ მოვაჭრეს ხელთათმანის  გაკეთება დაავიწყდა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ათასლარიანი ჯარიმა დაგვიწერა", - აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. სამკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს დილიდან თელავის აგრარული ბაზარი მხოლოდ რამდენიმე საათით გაიხსნა.

„თელავის აგრარული ბაზარი მხოლოდ დღის ბოლომდე იქნება ღია. ჩვენ მოვაჭრებს დღეს აღებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - ამის შესახებ თელავის მერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ბაზარი ადმინისტრაციამ თვითნებურად გახსნა და ეს გადაწყვეტილება არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და არც საკოორდინაციო საბჭოსთან არ იყო შეთანხმებული, ამიტომ დაჯარიმდა ბაზრის ადმინისტრაცია  წესების დარღვევის გამო.

„ბაზარი გარუკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაციას წესებისა და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიზაცია უზრუნველყონ“, -აღნიშნა თელავის მერმა.

თელავის აგრა ბაზრის დახურვას ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი:

„აგრარული ბაზრის დახურვა გვპასუხობს ორ კითხვაზე:

პირველი, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ის თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც გუშინ საკუთარი გაზრდილი მსხვილფეხა საქონელი დაკლეს, რათა ორი კაპიკი შეეტანათ ოჯახებში.

მეორე: ბაზრის ადმინისტრაციასთან არ საუბრობს ხელისუფლება და არ ცდილობს, ერთად მოაგვარონ არსებული პრობლემები, თუ ამას პრობლემას ვეძახით, როცა პირბადის ვითომ არასწორად გაკეთებისთვის მოვაჭრე გლეხი და ბაზრის ადმინისტრაცია დააჯარიმეს.

ხალხს შია! ადამიანები ვერც სურსათს ყიდულობენ,  გლეხებმა, ვინც საქონელი გუშინ დაკლა რეალიზაციის მიზნით, დღეს სახლში უფუჭდებათ ხორცი, რადგან ბაზარი სურსათის უვნებლობამ დაკეტა.

მოვუწოდებ საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება და გახსნას თელავის ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ხორცს მივიტანთ სურსათის უვნებლობის სამსახურის შენობასთან და თავად უზრუველყონ რეალიზაცია სრული წესების დაცვით“. თელავის აგრა ბაზრის დახურვას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ენმ- კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველიც:

„თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა და ისევ დაიკეტა!

სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაკეტა.

სწორედ ეს არის როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის (გუბერნიის) რეალური სახე.

მხოლოდ კამერებთან დგომა და კეკლუცი არ არის საქმის კეთება. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, წინა დღეებში უნდა ჩაბრძანდე, ჩაიყვანო სპეციალისტები და დარწმუნდე, რომ ყველაფერი დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს!!!“

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება