- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-25 15:40:39
ჩრდილოეთ კორეის თავს დიდი ამბები ტრიალებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი ლიდერი ან უკვე მოკვდა, ან სიკვდილის პირასაა. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩაკეტილი ქვეყანაა, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ცნობების მიღება შეუძლებელია. ამ თემაზე არ საუბრობს ოფიციალური ფხენიანი. მათ 2 დღის წინ, 23 აპრილს, მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელეს. გვიმტკიცებდნენ, რომ დიქტატორი ღრმა მედიტაციაში იმყოფება. რა იგულისხმება ამ სიღრმეში, არ კონკრეტდება.
როიტერის ცნობით, ჩინეთმა ფხენიანში დიქტატორის დასახმარებლად ექიმების ჯგუფი გააგზავნა. როიტერს ეს ინფორმაცია ჩინეთში სამმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. მათი მტკიცებით, ჩინელი მედიკოსები კორეელ კოლეგებს დიქტატორის გადარჩენაში უნდა დაეხმარონ.
ჩინური გამოცემების ნაწილის ცნობით კი კიმ ჩენ ინი მოკვდა. ამის შესახებ აქტიურად წერენ ჩინურ სოციალურ ქსელ ვეიბოში, რომელიც ფეისბუქის ნაირსახეობას წარმოადგენს.
დიქტატორის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჰონ-კონგის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც. აღნიშნული ტელეკომპანია ჩინეთში მაუწყებლობს.
ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინმა გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა და მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა, მეორე ვერსიით კი მას კორონავირუსი შეეყარა.
ხმები დიქტატორის შეუძლოდ ყოფნის შესახებ აპრილის პირველ ნახევარში გავრცელდა. 15 აპრილს ის არ გამოჩენილა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც მისი დიქტატორი ბაბუის, კიმ ირ სენის პატივსაცემად გაიმართა. ჩინური მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიმი მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებას არ დასწრებია.
ბოლოს საჯაროდ კიმ ჩენ ინი 11 აპრილს გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველი წლის აპრილში რაკეტებს ცდიან, რომელსაც დიქტატორი ყოველთვის ესწრება. ამ ღონისძიებას ფართოდ აშუქებს ადგილობრივი მედია. წელს მსგავსი მოვლენა არ გაშუქებულა.
მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტო ჩრდილოკორეულ პრესაში მარტში დაიბეჭდა. ეს ფოტო კიმმა სამხედროებთან ერთად გადაიღო. სამხედროებისგან განსხვავებით, ფოტოზე დიქტატორი პირბადის გარეშეა. არის ვერსია, რომ კორონავირუსით კიმი სწორედ მაშინ დაავადდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამან დაამძიმა. ამ ინფორმაციას სომაგ ნიუსი ავრცელებს.
არადა, ოფიციალური ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის შესახებ, რაც ცოტა საეჭვოა, რადგანაც ეს ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება - იმ ჩინეთს, სადაც იშვა ეს საშინელი ჭირი.
მართალია, ჩინური პრესა აქტიურად იუწყება კიმის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ პენტაგონს ჯერ არ სჯერა, რომ დიქტატორი აღესრულა. ამის არც როიტერს სჯერა.
კიმ ჩენ ინი რომ ცუდად იყო, ეს იქიდანაც მტკიცდებოდა, როცა მან მემკვიდრე დაასახელა. დიქტატორმა ქვეყნის მეორე კაცად საკუთარი და - კიმ ეჩ ჟონი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ დიქტატორის მსგავსად, კიმ ეჩ ჟონმაც განათლება შვეიცარიაში მიიღო.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეას 2011 წლის ბოლოდან მართავს. მამამისი, ასევე დიქტატორი კიმ ირ სენი, 2011 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ის ბევრად ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ფხენიანმა ბელადის სიკვდილი საკმაოდ გვიან დაადასტურა. არაა გამორიცხული, რომ კიმის სიკვდილიც კარგა ხანს დაიმალოს.
შორენა მარსაგიშვილი