- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-24 11:33:41
მიუხედვად იმისა, რომ ყველანი თვითიზოლაციაში ვიმყოფებით და ბოლოც არ უჩანს ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას, მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ცდილობს, სახლის პირობებში დაკავდეს ბევრი საქმით და სწორად დაგეგმოს ყოველი დღე. ამაში კი, როგორც თავად ამბობს, ფსიქოლოგებმა გაუწიეს დიდი დახმარება.
რატომ მოენატრება ეს დრო, რაზე ოცნებობს და რა აღმოჩენები გააკეთა მან საკუთარ თავში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს თვითიზოლაციაში მყოფი მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ესაუბრება:
_ პირველ რიგში, როგორ ხართ და რამდენად რთულია თქვენთვის თვითიზოლაციაში ყოფნა?
_ თავიდან არ მიჭირდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შვებულებაში ვიყავი და ყველაფერი მინდოდა, რომ მომესწრო. ახლა ცოტა უფრო გამიჭირდა, რადგან აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ მალე ჩავდგეთ ჩვეულ რეჟიმში. ადამიანებთან ურთიერთობა მენატრება, ამიტომ ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან ერთად დილით ყავა დავლიოთ ონლაინ და მათ ჩემი რეცეპტები გავუზიარო.
_ როგორ გაგყავთ დრო? როგორია თქვენი ერთი დღე?
_ თავიდან ძალიან არეული მქონდა დღის რეჟიმი. ახლა ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს, თუ რას ვაკეთებ.
_ და რას აკეთებთ ხოლმე?
_ დილით ვდგები, საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ დღეში მხოლოდ ერთხელ, ყავას ვსვამ, მერე ძაღლი გამყავს გარეთ და ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ოღონდ ეს ჩემი მოგონილი არ არის. ფსიქოლოგი მეგობრები მყავს, რომლებსაც დავურეკე და დახმარება ვთხოვე, რომ სანამ გავგიჟდებოდი და სახლს არ გადავდგამდი, იქამდე ეშველათ, თუ როგორ მოვქცეულიყავი ასეთ დროს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ დღე დავგეგმოთ.
_ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობთ, სამზარეულოში ფუსფუსებთ და საინტერესო ვიდეოებს დებთ. საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინეთ?
_ სხვადასხვა სახის რეცეპტს ვიგონებ, შემდეგ ამას ვწერ და ჩემს ფეისბუქ მეგობრებს ვუზიარებ. იუთუბზეც დავდე რამდენიმე ვიდეო. ვცდილობ, გავახალისო როგორც საკუთარი თავი, ისე - სხვები. გარდა ამისა, საკმარისი თავისუფალი დრო მაქვს და ძალიან საინტერესო პროექტების წერა დავიწყე. ერთადერთი, რაც არ მეხერხება, ქსოვა და კერვაა. რემონტის გაკეთებაც შემიძლია და ბევრი სხვა რამ. ახალი ნიჭი არ აღმომიჩენია. ახალი რეალობის დასაძლევად ჩემი სიყვარული მეხმარება მცენარეებისა და ცხოველებისადმი.
_ თვითიზოლაციაში ყოფნამ რა დაგანახათ, როგორ შეიცვალა ცხოვრება?
_ ყოველთვის ვამბობდი, რომ რაღაცა ხდება რაღაცის გამო. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ომიც გამოიარა, ცუდი სიტუაციებიც, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ძალიან ბევრი რამ მაჩვენა, თუნდაც ადრე რომ ადამიანები რაღაცნაირად ვექცეოდით ერთმანეთს, ახლა ჩახუტება გვენატრება. ურთიერთობების გადაფასება მოხდა. შეიძლება, ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ეს დრო მომენატრება.
_ კერძოდ, რა მოგენატრებათ?
_ სიწყნარე, სუფთა ჰაერი, ნაკლები მანქანები ქუჩაში და სხვანაირი სიმშვიდე. მთელი ცხოვრება ოცნება მქონდა და ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიგიჟემდე მინდა მქონდეს კერძო სახლი და ძალიან მინდა სოფელი. აივანზე პომიდვრებსა და რაღაცებს ვთესავ. ადამიანი, ადრე თუ გვიან, ხვდება, რომ ბუნებასთან ახლოს უნდა იყოს. უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. კოსმოსი ჩვენ სიგნალს გვაძლევს, რომ ცოტა ხანი რესტარტია საჭირო და ვხედავთ კიდეც საოცრებას, - ჰაერი გასუფთავდა. განსაცდელის დროს ვხვდებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რამდენად ძვირფასია ის ყველაფერი, რაც გვაქვს.
გიორგი საკარული