QronikaPlus
წვრილმანი ბოღმა ბოროტების სიმბოლოს წინააღმდეგ

წვრილმანი ბოღმა ბოროტების სიმბოლოს წინააღმდეგ

2020-04-24 10:28:43

საქართველოს ხელისუფლებას  ახალი მტერი გამოუჩნდა, ყველაზე დიდი და საძულველი - უარესი, ვიდრე პუტინის რუსეთი, რომელიც უკვე არც, მაინცდამაინც, დიდი მტერია; უარესი, ვიდრე სიღარიბე, გაჭირვება, აფხაზი სეპარატისტი და ოსი მაროდიორი; უარესი ვიდრე, თქვენ წარმოიდგინეთ, კორონავირუსი.

ხვალ რომ მარსელებმაგამოუცხადონ ომი მთელ დედამიწას - ისინიც ვერ იქნებიან ქართული ოცნებისთვისასეთი მტრები.

მალე - ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისა და ქაჯურ-სოფლური წყევლა-კრულვის მთავარი საგანია - უკრაინა.

ზელენსკიმ  უკადრებელი იკადრა. პირდაპირ სულში ჩააფურთხა ფაქიზ და ნაზ „ქოცებს“ - გაბედა და  ქვეყნის ვიცე-პრემიერად დანიშნა სატანის მოციქული, აბსოლუტური ბოროტება, კაციჭამია და 26 000 გულანთებული ვაჟკაცის გამაუპატიურებელი - მიხვდით, ალბათ, ვინც.

„ქართული ოცნება“ არის მისი უფროსის, ბიძინა ივანიშვილის შიშების, არასრულფასოვნების კომპლექსისა და წვრილფეხა ბოღმების გამახმოვანებელი  - ამიტომაც მისთვის ეს ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური საჭირბოროტო საკითხები.

ადამიანმა შეიძლება იშოვოს ძალიან დიდი ფული, თუმცა ეს არ შველის მთავარს - ხასიათი და მენტალობა არ იცვლება. ის, ვინც სიღარიბეში იყო ბოღმა-მეწვრილმანე,  ასეთივე დარჩება სიმდიდრეშიც.

უკრაინა უკვე იყო საქართველოს უბოროტესი, დაუნდობელი და ვერაგი მტერი, „ტელე-იმედის“ უბადრუკი, სოფლური პროპაგანდის მთავარი ობიექტი - მაშინ, როდესაც იმდროინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა  სატანის მოციქული, აბსოლუტური ბოროტება და 26 000 გულანთებული ვაჟკაცის გამაუპატიურებელი ოდესის ოლქის გუბერნატორად.

„ქოცები“ და მათი სატელიტები „პატრიოტთა ალიანსიდან“ არ იღლებოდნენ პოროშენკოსა და მთლიანად უკრაინის ლანძღვა-გინებით.

ეგ არაფერი, რომ კიევი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და ჩვენი ბედის გამზიარებელი. სახელმწიფო ინტერესები ხომ მეორე პლანზეა, მთავარია - წვრილფეხა ბოღმის ახირება აბსოლუტურ ბოროტებასთან მიმათებით.

შემდეგ სამართლიანობამ გაიმარჯვა, უკრაინამ აღიდგინა შელახული ღირსება - პეტრო პოროშენკომ გააგდო ბოროტების სიმბოლო ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და აღმოჩნდა რომ, თურმე, უკრაინა არცთუ ისე ცუდი ქვეყანაა, ხოლო მისი პრეზიდენტი  - ნამდვილი ვაჟკაცი და ათასნაირი სიკეთით დაჯილდოებული რაინდი.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ არ გაუმართლა - ამჯერად სატანისტებისა და კაციჭამიების კლუბს შეემატა ვლადიმერ ზელენსკი...

წესით, „ქართულ ოცნებას“   მინიმალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები რომ ხელმძღვანელობდნენ, ისინი ამას არც მიაქცევდნენ ყურადღებას. ხელისუფლებას ბევრი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმე უნდა ჰქონდეს, ვიდრე წვრილმანი ბოღმების ნთხევა.

ხოდა, კიდევ, დაივიწყეთ ეს თქვენი არგუმენტი - „ძებნაში მყოფი დანიშნეს ვიცე-პრემიერად“.

ეს თქვენი ჯიბის სასამართლოს და პირადად ბიძინასთვისაა ძებნილი, თორემ დანარჩენ სამყაროში „საშინელი 9 წელი“ უკვე დიდი ხანია, არაა აქტუალური თემა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქოცურ „8 წელიწადზეც“ საკმაოდ დაგროვდა სალაპარაკო.

„ქართული ოცნება“ 8 წელია ხელისუფლებაში, თუმცა ვერაფრით გამოდის მუდმივი ოპოზიციის როლიდან. არ გამიკვირდება, ხვალ რომ ჩაატაროს მიტინგი მოთხოვნით: „ძირს პირსისხლიანი ხუნტა!“...

რაც შეეხება თავად აბსოლუტურ ბოროტებას - ძნელი სათქმელია, როგორ გაგრძელდება მისი უკრაინული კარიერის მეორე ეტაპი, მაშინ როდესაც პირველი იყო ძალზე წარუმატებელი, არა მხოლოდ უკრაინული პოლიტიკური ცხოვრების ზედმეტად ველური წესების, არამედ საკუთარი სულსწრაფობისა და ნეგატიური ემოციების გამო.

სააკაშვილი ჩქარობს. მისთვის უკრაინაში წარმატება არის პირადი გამოწვევა. ის ცდილობს,  ყველა თავის მოწინააღმდეგეს დაანახოს, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. მას სურს  საკუთარ ქვეყანას დაანახოს, რამდენად შეცდა ის 2012 წელს.

ამიტომაც ის ჩქარობს. მისი საქმიანობა უკრაინაში არის ზედმეტად ემოციური და პიროვნული, ის გაბრაზებულია თავის მოწინააღმდეგეებზე როგორც კიევში, ასევე - თბილისში.

გაბრაზება, სულსწრაფობა და აჩქარება - ეს არის ნებისმიერი პოლიტიკოსის მთავარი სისუსტეები. არაერთი პოლიტიკური კარიერა შეეწირა პირად წყენას და საკუთარი სიმართლის დამტკიცების გადაჭარბებულ სურვილს.

დღეს მიშას სწორედ ეს თვისებებია მისი მტრების მთავარი იმედი.

ის ისევ იჩქარებს, ირბენს მატარებლის წინ, გადაიკიდებს უკრაინული ელიტის დიდ ნაწილს, იჩხუბებს, დაიწყებს ხელების ქნევას და ბოლოს - ზელენსკი გაიზიარებს პოროშენკოს გამოცდილებას და გახდება „ქართული ოცნების“ საუკეთესო მეგობარი.

უკრაინული პოლიტიკა არის შხამიანი გველებით სავსე გალია და ის ძალიან განსხვავდება ქართულისგან - ქართული პოლიტიკაც არანაკლები გალიაა, თუმცა სხვა ტიპის.

კიევში ძალაუფლების რამდენიმე ცენტრია, დიდი ფულით, ტელევიზიებით, ეკონომიკური გავლენებით, ძალოვანი სტრუქტურებით. უკრაინული სახელმწიფო ძალიან სუსტია, ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ქართული, რომელიც თავადაც არ გამოირჩევა დიდი ძალით.

უკრაინულ გალიაში საჭიროა აუჩქარებელი, თანმიმდევრული და მშვიდი მუშაობა იმისთვის, რომ ერთმა შხამიანმა გველმა აჯობოს სხვებს.

აუჩქარებლობა და სიმშვიდე კი,  როგორც ცნობილია, არ იყო მიშას ძლიერი მხარე მაშინაც კი, როდესაც ის ხელისუფლებაში გახლდათ, რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელ დღეზე, როდესაც ის დამძიმებულია 8-წლიანი მარცხების უწყვეტი ისტორიით.

ზელენსკიმ  მას დიდ პოლიტიკაში დაბრუნების ბოლო შანსი მისცა და თუ ის ამ შანსს ვერ გამოიყენებს - სულ მალე უკრაინის პრეზიდენტი გახდება „ქართული ოცნების“ საუკეთესო მეგობარი, ხოლო მიშა აწი უკვე დიდი ხნით დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება