QronikaPlus
სკანდალური ანგარიში - რა წერია 20-21 ივნისის მოვლენების გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტში?

სკანდალური ანგარიში - რა წერია 20-21 ივნისის მოვლენების გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტში?

2020-04-21 12:24:46

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სახალხო დამცველი სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შესახებ.

2019 წლის  20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობის მიმართ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, კერძოდ, რეზინის ტყვიები.

გამოძიება პარალელურად დაიწყო ორმა უწყებამ - შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესწავლას შეუდგა, სამართალდამცველთა მოქმედების კანონიერების შესწავლა კი გენერალურმა პროკურატურამ ითავა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით სახალხო დამცველი მიიწვია.

გამოძიების საწყის ეტაპზე დათვალიერდა მედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც მოწმეებიც მონაწილეობდნენ. დათვალიერების ოქმებში მითითებულია, რომ სპეცრაზმელთა ნაწილი მიზანმიმართულად ესროდა ჟურნალისტებს მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ოქმებში აღწერილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პოლიციელები ესროდნენ ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც არანაირ აგრესიას არ გამოხატავდნენ. დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი იდენტიფიცირებულია.

პარალელურად, გამოძიებამ გამოითხოვა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე  მდებარე დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების შენობებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც 20 ივნისის საღამოს 8 საათიდან 21 ივნისის დილის 9 საათამდე პერიოდს ასახავს. გამოძიებამ მოიპოვა პოლიციელთა ავტომანქანებზე დამონტაჟებული და სამხრე კამერების, დაკავებულთა მიყვანის ადგილებისა და შსს-ს ტერიტორიული ორგანოების შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ტელევიზიებიდან  და მოქალაქეების მობილური ტელეფონებიდან.

ახლა კი მთავარზე გადავიდეთ: პირები,  რომელთაც 2019  წლის 20-21 ივნისს თოფები გამოიყენეს, განმარტავენ, რომ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე მეთოფეებმა ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე. თანამშრომლები უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის. გარდა ამისა, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა მათთვის არ მიუციათ ბრძანება,  შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები:  კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე. მოგვიანებით,  სახალხო დამცველის წინადადების შემდეგ, დაიკითხა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავაც.  თავის ჩვენებებში მინისტრი და მინისტრის მოადგილეები - კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე,  განმარტავენ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე, შესაძლო რისკების გათვალისწინებით,  მინისტრმა მოადგილეების - კახაბერ საბანაძის, ვლადიმერ ბორცვაძისა და ლევან კაკავას თანხმობით, დაამტკიცა „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების გეგმა“, რომელსაც მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.

მინისტრი და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვები და წყლის ჭავლი გამოიყენეს მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

2 სექტემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 20-21 ივნისს გამოყენებული არალეტალური იარაღის ტყვიების იდენტური ნიმუშების ვაზნები დამზადებულია სინთეზური გზით მიღებული რეზინისგან, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს დამარბილებლებს. დამარბილებლების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ბიუროს მონაცემთა ბაზებში შესაბამისი სტანდარტული ნიმუშის არქონის გამო. აი, ეს კი უკვე სკანდალია და გენინსპექციის შესაბამის გამოძიებას მოითხოვს.

რაც შეეხება  გრიფით „საიდუმლოს“: იმდროინდელი  მინისტრი გახარია, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ჩვენებაში უთითებენ, რომ საიდუმლო გეგმა ითვალისწინებდა გაზის ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას.

რაციების ჩანაწერების შესწავლიდანაც ირკვევა, რომ მინისტრს ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუციათ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით, ბრძანება განმეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა.

02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორ ხელმძღვანელ კახაბერ საბანაძისგან უარი მიიღო, რაც დადასტურდა.

გამოძიების შუალედური დასკვნიდან ჩანს, რომ პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედეს და მიუხედავად ხელმძღვანელობისგან მიღებული უარისა, რეზინის ტყვიები მაინც გამოიყენეს. ასე და ამრიგად, კონკრეტულ პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია, თუმცა - არასაკმარისი.

და აი, რატომ! სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რაციის ჩანაწერების გაშიფვრისას (რითაც პოლიციელები ბრძანებებს იღებდნენ ) წყვეტა შეიმჩნევა. ეს ხელოვნური მონტაჟის ბრალია (საიდანაც ამოჭრილია წინადადებები) თუ ბუნებრივი მიზეზების, ამას ცალკე ექსპერტიზა დასჭირდება.

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება