QronikaPlus
ეპიდემიოლოგიური ლატარია

ეპიდემიოლოგიური ლატარია

2020-04-17 08:14:45

საქართველო ემზადება გრანდიოზული სოციალურ-ეპიდემიოლოგიურიიისთვის  - მასობრივი რელიგიური ღონისძიების ჩასატარებლად ეპიდემიის პერიოდში.

ეს სწორედაც საყოველთაო-ეროვნული ლატარიის გათამაშებაა, რადგანაც არავინ იცის, რა მოყვება ეკლესიებში ადამიანთა დიდი რაოდენობის შეკრებას - შესაძლოა, ეს იყოს ეპიდემიის მძლავრი აფეთქება ან დაავადებულთა რაოდენობის მხოლოდ მცირე ზრდა. არც ისაა გამორიცხული, რომ გაგვიმართლოს  და საერთოდაც არაფერი მოხდეს.

ჩვენს შემთხვევაში ამაზრზენი არის სულ სხვა - ის საოცარი, წარმოუდგენელი გულგრილობა საკუთარი ხალხის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისადმი, რომელსაც ავლენს ეკლესია. მას არ აღელვებს არც ხელოვნური სუნთქვის აპარატებთან მიერთებული თანამოქალაქეების ბედი და არც - ექიმთა განწირული თხოვნები.

ეს არც არის გასაკვირი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს ემსახურებოდა არც ქართველ ხალხს და არც -  სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ქართულ ეკლესიას ამ ქვეყანაში ადარდებს მხოლოდ ერთი რამ - საკუთარი თავი, მეტი არაფერი.

ერთხელაც ეპიდემია დასრულდება და, ალბათ, მოვა განკითხვის ჟამი, როგორიც, მაგალითად, აუცილებლად მოდის ომების დასრულების შემდეგ - ვინ და როგორ გამოავლინა საკუთარი თავი, ვინ როგორ იქცეოდა და როგორ ეხმარებოდა ქვეყანას ძნელბედობის პერიოდში?

როგორც არ უნდა დასრულდეს აღდგომა, ფაქტია, რომ ეკლესიის ირგვლივ სამსჯელო ძალიან ბევრია.

მთავარი და ფუნდამენტური კითხვა, - როგორ მივიღეთ ჩვენ ასეთი რეალობა? როგორ გახდა შესაძლებელი, რომ სრულიად შეშლილი, დროსა და სივრცეში დაკარგული სექტა დღეს  ქვეყანას სრულმასშტაბიანი ეპიდემიით ემუქრება - და აკეთებს ამას ისე მშვიდად და აუღელვებლად, თითქოს საუბარია რაღაც უმნიშვნელო რუტინაზე?

როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყნის ყველა ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ამ სექტანტების გულის მოგებას, აფინანსებს მათ, უწევს ანგარიშს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს და საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავრობა მზადაა, ფართოდ გაუხსნას კარი ეპიდემიასაც კი, ოღონდ არ შევიდეს ღია კონფლიქტში საპატრიარქოსთან?!

ამ უკუღმართობას საფუძვლად უდევს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ეკლესია არის ძალიან გავლენიანი ინსტიტუტი, რომელსაც ჰყავს უზარმაზარი და მორჩილი მრევლი და მას შეუძლია არჩევნების ბედისა და ძალაუფლების საკითხის გადაწყვეტა.

სინამდვილეში, ეკლესიის 95%-იანი რეიტინგი არის ფეიკი - ისეთივე, როგორც ტრადიციული ქართული „ოჯახისა და მშობლების პატივისცემა“, ისეთივე, როგორც „ქართველთა 70% მზადაა წავიდეს საომრად“  ან „ქართველი მამაკაცების 90% მიიჩნევს, რომ ცოლად უნდა შეირთოს მხოლოდ ქალიშვილი“.

ქართული რელიგიურობა და ეკლესიის პატივისცემა არის ისეთივე ზედაპირული და ზერელე, როგორც  ოჯახური ფასეულობები ქვეყანაში, სადაც წყვილთა უმრავლესობა განქორწინებულია და დედების პატივისცემა ნულზეა იქ, სადაც მამაკაცების დიდი ნაწილი ამბობს: „ ჩემი დედას შ...ი“...

რეალურ ცხოვრებაში არავითარი გავლენა ეკლესიას არ გააჩნია - მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ის არის ერთგვარი რიტუალების სამინისტრო, რომელიც არ თამაშობს არავითარ როლს რეალურ ცხოვრებაში.

ვინმეს ახსოვს, რა თქვა ამ კვირის ქადაგებაში პატრიარქმა? იცნობთ ვინმეს, ვინ ზედმიწევნით ასრულებს  მის ყველა რეკომენდაციას? 

როდესაც მან მოუწოდა ქალებს, ფეხები ბანონ მეუღლეებსო - რა, გავარდნენ კუდაბზიკა ქართველი ქალები საპნით ხელში?

ან როდესაც პატრიარქმა მოუწოდა ახალგაზრდებს, არ ატაროთ დანებიო  - რა, იმ დღეს დასრულდა მკვლელობები „შელაპარაკების ნიადაგზე“?

ან როდესაც მან ერთ-ერთ ეპისტოლეში დაგმო ქართველების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში - რა, შეწყვიტეს ქართველებმა ევროპის ლტოლვილთა ბანაკებში ჯგუფურად ჩაბარება თავშესაფრის თხოვნით?

ეკლესია ქართველთა უმრავლესობისთვის არის სრულიად პარალელური სამყარო, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შეხება რეალურ ცხოვრებასთან, მათ შორის, საარჩევნო საკითხებში.

მეტიც: „ეკლესიის რეიტინგი“, სინამდვილეში, არის  პატრიარქის პირადი რეიტინგი; ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის ან „ნაცმოძრაობის“ - პირადად მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი.

ვინმეს შესაძლოა, ეს შედარება უადგილოდ მოეჩვენოს, თუმცა ისიც ცხადია, რომ საქართველოში ყველაფერი უკიდურესად პერსონიფიცირებულია და არც ეკლესიაა გამონაკლისი.

ცალკე თემაა ილია მეორის სრულიად ირაციონალური და ალოგიკური მასობრივი გაფეტიშება, რომლის ასახსნელად დაგჭირდებათ არა სოციოლოგი ან პოლიტოლოგი, არამედ მაღალი დონის ფსიქოანალიტიკოსი.

ასეა თუ ისე, წარმოდგენა, თითქოს ეკლესია იგებს არჩევნებს, მცდარია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებების გასაღები არის არა ეპისკოპოსებთან მეგობრობა, არამედ დიდი ფული, ადმინისტრაციული რესურსი და პროპაგანდის მიერ საზოგადოებაში დანერგილი ნიჰილიზმი - ეკლესია აქ არაფერ შუაშია.

პრაქტიკამ დაგვანახა, რომ საპატრიარქოსთან შეუძლებელია ვაჭრობა და მოსყიდვის მცდელობა. სააკაშვილის ეპოქამ ეს ნათლად დაადასტურა - მიშა მათ ფულსაც აძლევდა, ჯიპებიც უყიდა, უძრავი ქონებაც აჩუქა, თუმცა მათ ეს ყველაფერი უყოყმანოდ მიიღეს, მაგრამ ხელისუფლების ლანძღვა-გინება არ შეწყვიტეს.

ეკლესია იღებს ყველანაირ საჩუქარს და შეღავათს, მაგრამ არა თავისი სტატუსის სანაცვლოდ - ის მიიჩნევს, რომ ეკუთვნის ისიც და ისიც.

თვისობრივად საპატრიარქო არის მაფიოზური დაჯგუფება და იგი შესაბამისადაც აზროვნებს - აკეთებს იმდენს, რამდენიც გაუდის. თუ თქვენ იჩენთ მის მიმართ შიშს ან მოწიწებას -  თავზე დაგაჯდებათ და კიდევ აქეთ მადლობას მოგთხოვთ.

ერთადერთი ენა, რომელიც  ქართულ ეკლესიას ესმის, ეს  არის ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი და მტკიცე პოზიცია სახელმწიფოსგან.

როგორც კი მთავრობა იწყებს ლაპარაკს, რომ „ეკლესიის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ“, „ ტაძრები არ უნდა დაიხუროს“, „პატრიარქი ბრძენია და მისი კეთილგონიერების იმედი გვაქვს“ - ჩათვალეთ, რომ წაგება გარდაუვალია.

ასე იქნება ახლაც - ზომების მორიგი გამკაცრება არ იმუშავებს, რადგანაც ხელისუფლებამ  მთავარი შეცდომა დაუშვა -  სისუსტე გამოავლინა ავაზაკების წინაშე.

ამიტომაც  საქართველოს  დღეს ერთადერთი იმედი დარჩა, რომ ეპიდემიოლოგიურ ლატარიაში მომგებიანი ბილეთი შეხვდეს...

თენგიზ აბლოთია

გაზიარება