QronikaPlus
ქართული პირბადე დაცულია CE და ევროსერტიფიკატით

ქართული პირბადე დაცულია CE და ევროსერტიფიკატით

2020-04-17 08:12:02

„უმაღლესი ხარისხის სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანია „რესპირატორის“ დირექტორმა სერგო გალუსტიანმა. მისივე თქმით, მათ ლუგარის ლაბორატორიისგანაც მიიღეს წარმოების ნებართვა და დასტური, რომ პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს. „დღეში ერთ ხაზს შეეძლება აწარმოოს 110 000 პირბადე. 20 აპრილს  მეორე ხაზს ველოდებით, შესაბამისად, რაოდენობა გაორმაგდება და დღე-ღამეში დამზადდება, დაახლოებით, 220 000-250 000 პირბადე. თანამშრომლები იმუშავებენ სამ ცვლაში, 24-საათიანი რეჟიმით. თავად პირბადე არის სამშრიანი და დამზადებულია ყველა სტანდარტის დაცვით. ყველაზე მთავარი! - პირბადეში არის ფილტრატორი შრე, რომელსაც ჰქვია melt blown. დღეს ამ მასალის  ბაზარზე მოძიება მსოფლიოში ძალიან რთულია, რადგან ყველა ქვეყანას საზღვრები ჩაკეტილი აქვს - აღნიშნული ნედლეული კი გარეთ ვერ გადის. ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ჩვენ ეს შევძელით. მუდმივად ვმუშაობდით და  წარმოების დასაწყებად დღეს გარკვეული მარაგი გვაქვს. პირბადე დაცულია CE და ევროსერტიფიკატით. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება 5 ინგრედიენტი, 3-ზე  სერტიფიცირება გავლილია აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც ჩვენს პირბადეში გამოიყენება, თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებთან. ლუგარის ლაბორატორიის ნებართვით, პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია ქართულ ბაზარზე შეგვიძლია“, – განაცხადა შპს „რესპირატორის“ დირექტორმა.

გიორგი საკარული

გაზიარება