QronikaPlus
კორონასგან შეშინებული ოსები ვლადიკავკაზიდან ცხინვალში გარბიან

კორონასგან შეშინებული ოსები ვლადიკავკაზიდან ცხინვალში გარბიან

2020-04-13 17:34:03

კორონავირუსმა ჩრდილოეთ კავკასიაშიც სერიოზულად მოიკიდა ფეხი. აქ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში. ინგუშებმა არასერიოზულად მიიჩნიეს საფრთხე და შედეგმაც არ დააყოვნა. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინგუშეთის მუფტი აბდუერახმან მარტიზანოვი გარდაიცვალა. ის 63 წლის იყო. როგორც ადგილობრივი და რუსული მედია იუწყება, მარტიზანოვი საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

13 აპრილის მონაცემებით, ინგუშეთში კორონავირუსით დაავადების 45 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 46 ადამიანის ანალიზები კი დამატებით ტესტირებაზე გადააგზავნეს. პირველადი ტესტირების შედეგად მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. აქაური ექიმები ფიქრობენ, რომ პასუხების მოსვლის შემდეგ დაავადებულთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.  ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით, 13 აპრილის მონაცემებით, 10 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ინგუშებს სათანადო აღჭურვილობა და მედიკამენტები ჩეჩნეთიდან გაუგზავნეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

ინგუშებზე მძიმე მდგომარეობა აქვთ ჩრდილოეთ ოსეთში. აქ მართალია, დაავადებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ  ორი პაციენტი გარდაიცვალა: ერთი მათგანი 85 წლის ქალი იყო, მეორე - 83 წლის მამაკაცი. ექიმებმა, ჯერჯერობით, სამი დაინფიცირებულის გამოჯანმრთელება შეძლეს.

დღეის მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით 34 ადამიანია ინფიცირებული, 648 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჩრდილოეთ ოსეთში უამრავი ცხინვალელი ცხოვრობს. ისინი ე. წ. ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს დაბრუნებულიყვნენ უკან, მაგრამ ისინი „დამოუკიდებელ“ ცხინვალში წასვლას ვლადიკავკაზში ცხოვრებას ამჯობინებდნენ. კორონავირუსმა კი მათ დამოკიდებულება შეაცვლევინა - მათი ნაწილი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. არაა გამორიცხული, რომ ცხინვალელები რაღაცას მალავდნენ. შეუძლებელია,  ვირუსი მთელ კავკასიას იყოს მოდებული და მხოლოდ ცხინვალში ვერ შეაღწიოს. რუსებს კარგად კი აქვთ იქაურობა გამაგრებული, მაგრამ რუსული ჩექმა და ტანკი კორონას რომ იჭერდეს, კრემლში არ შეეპარებოდათ.

ოსური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნების სურვილი უკვე 20-მა ადამიანმა გამოთქვა. მათ ცხინვალში სპეციალური ავტობუსით ჩაიყვანენ, სადაც ორ კვირას კარანტინში გაატარებენ. კორონასგან გამოქცეულებს მხოლოდ კარანტინის შემდეგ შეეძლებათ ოკუპირებულ ქართულ მიწაზე ლაღად კუნტრუში.

ვლადიკავკაზში 10.000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათ უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. რამდენიმე მათგანი, ჯერ კიდევ, მარტის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში, როცა საზღვრებზე შეზღუდვები დაწესებული არ იყო. ამ ეტაპზე სხვებს საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გამოუთქვამთ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება