- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-13 17:00:58
covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. გამონაკლისი არც აღდგომის დღესასწაული აღმოჩნდა და, შესაბამისად, 12 აპრილს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კათოლიკური აღდგომის ლიტურგიები მსოფლიოს მრავალ ეკლესიაში დახურულ კარს მიღმა აღევლინა.
რა წესების დაცვით იზეიმეს აღდგომის დღესასწაული იტალიაში? „ქრონიკა+“-ს იტალიასა და, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრება ისტორიკოსი ვასიკო ბალიაშვილი:
- ვასილ, აღდგომის დღესასწაული კათოლიკურმა სამყარომ უკვე იზეიმა. თქვენ რომში იმყოფებით და საინტერესოა მოგვიყვეთ, რა წესების დაცვით აღინიშნა აღდგომის დღესასწაული იტალიაში?
- აღდგომის დღეს რომში, ისევე როგორც მთელ იტალიაში, ყველაფერი დაკეტილი იყო. პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა მოქალაქეების გადაადგილებას. აღდგომის ღამისთევები და აღდგომის დღის ლიტურგიებიც ეკლესიებში დახურულ კარს მიღმა აღავლინა სამღვდელო დასმა. ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურებებს ასიათასობით მორწმუნე ესწრება ხოლმე, პაპმა ფრანცისკემ მოკრძალებულად, ყოველგვარი ზეიმის გარეშე, აღავლინა წირვა. წმინდა წირვას სულ ათიოდე კაცი დაესწრო, ისინიც რომის კურიის წარმომადგენლები.
- როგორი უნდა იყოს პანდემიის პირობებში ეკლესიის პოზიცია და რას ფიქრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე?
- როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სპეციალური დეკრეტით, „მე ვრჩები სახლში“, ქვეყნის მთელ ნაციონალურ ტერიტორიაზე სავალდებულო მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, იტალიის კათოლიკე ეკლესიაც ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ანუ ეკლესიების დაკეტვის, უფრო სწორად, საჯარო ღვთისმსახურებების აკრძალვის, იძულება არ ყოფილა. ადგილობრივი ეკლესია გაგებითა და პასუხისმგებლობით შეხვდა საერო ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საყოველთაო აკრძალვებს. კერძოდ, გამოიცა იტალიის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურის, კარდინალ ბასეტის სპეციალური დეკრეტი, რომელიც სამღვდელოებას ავალებდა, ტაძრებში მორწმუნე ერის გარეშე ეწირათ. თავად მორწმუნეებს კი ეკლესია ღვთისმსახურებების ონლაინ რეჟიმში თვალის დევნებასა და სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს. იტალიის სახელმწიფოსა და იტალიის ეკლესიის ურთიერთობების შესაფასებლად საუკეთესო დოკუმენტია ამონარიდი იტალიის პრემიერის სააღდგომოდ გაგზავნილი წერილიდან იტალიის კათოლიკე ეკლესიის ყოველთვიურ ორგანო, გაზეთ „ავენირეს“ რედაქციისადმი, სადაც ის მადლობას უხდის ეკლესიას ამ რთულ პერიოდში მის მიერ გაღებული დიდი ღვაწლის გამო, განსაკუთრებით ღარიბების, უსახლკაროებისა და მოხუცების მიმართ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება იმისთვის, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას (მორწმუნეთა გარეშე ლოცვების აღვლენის შესახებ) გაგებით მოეკიდეთ ჩვენი ერის ისტორიის ამ რთულ მონაკვეთში. კათოლიკე ეკლესიამ კიდევ ერთხელ აჩვენა დიალოგისა და სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის თავისი ბუნებრივი მოწოდება და მისი უნარი - სიბრძნითა და გამჭრიახობით განჭვრიტოს დროის ნიშნები“. მართლაც, ეკლესიის საქველმოქმედო დახმარებამ, როგორც იტალიის ჯანდაცვის სისტემის, ისე ზოგადად საზოგადოების, განსაკუთრებით უმწეოების მიმართ, რამდენიმე მილიონ ევროს გადააჭარბა.
რაც შეეხება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეკლესიების დახურვას მათ არავინ სთხოვს, არამედ ხალხის გარეშე წირვა-ლოცვების აღსრულებას, რასაც არ აკეთებენ სოციალური უპასუხისმგებლობისა და ფანატიზმის გამო. სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენთან ძალიან სუსტია, ხელისუფლებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს ისეთ გავლენიან და მდიდარ ინსტიტუციას, როგორიც საპატრიარქოა, მაშინაც კი, როდესაც აშკარად ირღვევა საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული კანონის მოთხოვნები.
- ისტორიას თუ გადავხედავთ, ცნობილი პანდემიების პირობებში ტაძარში მრევლის მისვლა არ არის გარანტი იმისა, რომ დაცული ხარ ვირუსისგან. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არის განსხვავებული მოსაზრებები ქართულ ეკლესიაში?
- ეს კითხვაც, პრაქტიკულად, მეორე კითხვის გაგრძელებაა. წესით, ქართულ ეკლესიაში უნდა გაეზიარებინათ საერო ხელისუფლების მითითებები, მეტიც, თავად უნდა ჩართულიყვნენ ამ პროცესებში სპეციალური ბრძანებით ან სინოდის გადაწვეტილებებით; უნდა აეკრძალათ საჯარო ღვთისმსახურებები გარკვეული დროის განმავლობაში, ისე, როგორც ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი საზღვარგარეთ დაფუძნებული ეპარქიები ემორჩილებიან ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და კანონებს. სამწუხაროდ, იმდენად უპასუხისმგებლო და უმეცარია მათი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, რომ მათ სასწორზე შეაგდეს როგორც საკუთარი, ასევე უამრავი მორწმუნის ჯანმრთელობა. მაშინ, როდესაც ამ განსაცდელის ჟამს ეკლესიას შეეძლო, ერთი მხრივ, საქველმოქმედო საქმიანობითა და, მეორე მხრივ, ხალხის გარეშე აღვლენილი ლოცვებით, ქართველ საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნება, ის პირიქით აკეთებს, თავისი გაუაზრებელი და სახელმწიფოსადმი მტრული გადაწყვეტილებებით, ზრდის ისედაც დაძაბულ ვითარებას. ამ დღეებში, პრაქტიკულად, ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ შეწყვიტა საჯარო მსახურება, ვიმეორებ: საჯარო მსახურება და დახურულ კარს მიღმა ლოცვაზე გადავიდა. სამწუხაროდ, საქართველოში ეკლესიას არ გამოუჩენია ასეთი მაღალი ზნეობრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა საზოგადების წინაშე.
- დაბოლოს, რა პირობებში გიწევთ ცხოვრება და როგორია თქვენი ერთი დღე პანდემიის დროს?
- დღეისთვის მოქმედი აკრძალვების მიხედვით, სახლიდან გასვლა შეგიძლია შემდეგი მოტივებით: თუ მიდიხარ სუპერმარკეტში ან აფთიაქში; თუ მუშაობ ან ექიმთან მიდიხარ; ან აუცილებელი საჭიროება მოითხოვს გადაადგილდე ქალაქის ერთი ნაწილიდან - მეორეში, საჭიროა შეავსო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი სპეციალური ფორმულარი, რომელსაც წარუდგენ გადაადგილების დროს პოლიციას. სხვა მხრივ, მკაცრად სავალდებულოა სახლში ყოფნა ყოველგვარი სტუმრების მიღების გარეშე.
ლევან ქემოკლიძე