- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-13 13:32:59
გვირგვინოსანი ჟამის ჟამს ქართულმა სასამართლომ თავი გამოიჩინა და „გავრილოვის ღამის“ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ხელისუფლება ციხეში მის დასატოვებლად რომ ყველაფერს გააკეთებდა, აშკარა იყო, მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდნენ, არავის ეგონა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა კაჭკაჭიშვილი, „ქრონიკა+“-სთან განმარტავს, რომ საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც იმედიანად არის განწყობილი და სჯერა, რომ „ოცნებას“ ოქრუაშვილის გამოშვება მოუწევს. რა აძლევს ამის თქმის საბაბს, ინტერვიუდან შევიტყობთ:
_ „20 ივნისის საქმეზე“ სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ელოდით ასეთ გადაწყვეტილებას?
_ ველოდი. ეს არის პირადი შურისძიება. „გავრილოვის ღამეს“ რუსთაველზე 40.000 ადამიანი ვიდექით და, რატომღაც, მხოლოდ ირაკლის მიესაჯა პატიმრობა. მე არავის დაჭერა არ მინდა, მაგრამ კითხვა თავისთავად ჩნდება. იმ ღამეს უამრავმა ძალოვანმა ჩაიდინა დანაშაული, ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ და თვალებს თხრიდნენ. არც ერთი მათგანი არ დაუსჯიათ.
_ სამი სპეცრაზმელი დააკავეს და ძალიან მალე გამოუშვეს.
_ გამოუშვებდნენ, აბა, რას იზამდნენ?! ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და ამაზე საუბარი უკვე ამოვიდა ყელში, მაგრამ ასეა და რა ვქნათ?! შერჩევითი სამართლის განხორციელებისთვის ხელისუფლებას ახლა ძალიან კარგი დრო აქვს და სათავისოდ იყენებს კარანტინსაც, კომენდანტის საათსაც და პანდემიასაც. მოკლედ რომ ვთქვა, თავისუფალი ცურვის საშუალება აქვთ. მათაც დრო იხელთეს და ირაკლის 5 წელი მიუსაჯეს. იფიქრეს, ვის სცალია ან ოქრუაშვილისთვის, ან სხვა შეთანხმებებისთვისო. იმას კი აღარ ფიქრობენ, ეს ამბები რომ გადაივლის, მერე რას იზამენ. ეს უბედურება ძალიან მალე გადაივლის.
ბევრი ლაპარაკი გვესმის, მაგრამ გეგმა ვერ ვნახეთ, თუ რას აპირებს ხელისუფლება. ეს ყველაფერი რომ მორჩება და ხალხს ცარიელი მაცივრები დარჩება, ბანკები ქონების დაყადაღებას რომ დაიწყებს, მერე იცით, რა მოხდება? გამოვა მშიერი ხალხი გარეთ და მათ უკვე ვეღარ შეიყვანენ სახლში.
„ქართულ ოცნებას“ არ ახასიათებს, რომ მომავალზე იფიქროს. მათ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ერთი დღის იქით არ იყურებიან. მათთვის მთავარია, ამ მომენტისთვის ჩააქრონ ხანძარი და ხვალეზე ხვალ იფიქრებენ. როცა იქნება, ეს ძაფი გაწყდება და როცა გაწყდება, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად გაწყდება. საშინლად სამარცხვინო იყო 13 აპრილს გამოტანილი განაჩენი. ლაპარაკიც კი არ მინდა, იმდენად ამაზრზენად მოიქცნენ. ყველაფრის ღირსია „ქართული ოცნება“.
_ ზემოთ თქვით, ოქრუაშვილთან დაკავშირებით პირადი ანგარიშსწორებააო და ვისგან მოდის ეს, ბიძინა ივანიშვილისგან?
_ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის ანგარიშსწორება თუ მასთან დაახლოებული პირისგან, ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მის გარეშე რომ ეს ამბავი არ მოხდებოდა, ღრმად ვარ დარწმუნებული. ბიძინას რომ ეთქვა, ეს ასე არ იყოსო, ირაკლის არავინ მიუსჯიდა 5 წელს. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პირად ანგარიშსწორებასთან.
_ ოპოზიციაზე რას მეტყვით? ახლა მესმის, რომ აქციას ვერ გამართავენ, მაგრამ ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს და არც მაშინ შეუწუხებიათ დიდად თავი.
_ ახლა ყველაფრის ლაპარაკი არ მინდა. არც ის მინდა, რაღაც განხეთქილებები შევიტანო. მხოლოდ პატარა დეტალებს გეტყვით. ის, რომ მოლაპარაკებებზე სხვა ლიდერებთან ერთად ირაკლის განთავისუფლების საკითხი დადგა, მხოლოდ ოპოზიციის ინიციატივა არ ყოფილა _ იქ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებმა დააყენეს ეს საკითხი. ოპოზიციამ ბოლოს დაიწყო მასზე საუბარი, რასაც ვერ დავუკარგავ. ცოტა ადრე რომ დაეწყოთ, ჯობდა, მაშინ არც უგულავას დაიჭერდნენ და არც _ გიორგი რურუას. როცა ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან და ხმას არ ამოიღებ, მაშინ უსამართლობა ყველას კართან მივა. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
_ ახლა რა იქნება? აქცია ვერ გაიმართება. აქციებით აქამდეც არ მოუკლავს თავი ოპოზიციას.
_ აქცია არც განიხილება. უბრალოდ, ხელისუფლებასთან არანაირი შეთანხმება აღარ იქნება. სანამ პოლიტპატიმრები არ გამოვლენ, შეთანხმების შესრულებაზე არც იფიქრონ. ახლა ჯობია, იმ ბერკეტებზე იფიქრონ, თუ როგორ გამოუშვან ირაკლი. მისი გამოშვება მაინც მოუწევთ და ტყუილად ჩაიგდეს თავი უხერხულ მდგომარეობაში.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მოუწევთ მისი გამოშვება?
_ ეჭვიც არ მეპარება.
_ ვინ აიძულებს?
_ აიძულებენ. მესმის, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცალია, მაგრამ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. მსოფლიო პანდემია კია, მაგრამ აშშ-ში საგარეო კურსი არ იცვლება, იქ ჩვეულებრივად მუშაობენ. ეს პანდემია რამდენიმე თვეში გადაივლის. უარესი ეპიდემიებიც გადაუტანია სამყაროს. „ქართულ ოცნებას“ არავინ აპატიებს, რომ საქართველოში უსამართლობა და დესტაბილიზაცია იყოს. ასე რომ, მათ მოუწევთ ირაკლისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვება. რაც უფრო ადრე გააკეთებენ ამას, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
შორენა მარსაგიშვილი