QronikaPlus
რატომ გაწირა ოპოზიციამ ოქრუაშვილი?

რატომ გაწირა ოპოზიციამ ოქრუაშვილი?

2020-04-12 16:49:53

ხვალ, 13 აპრილს, 20 ივნისის საქმეზე სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს გამოაცხადებს. ოპოზიცია, რომელიც მარტში აჟიტირებული იყო პოლიტპატიმრების თემაზე, ახლა საერთოდ არ იღებს ხმას. არადა, მარტის დასაწყისში იზეიმეს _ ხელისუფლება პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე დაგვთანხმდაო. „ქართული ოცნება“, თავის მხრივ, პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ თემაზე არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი არც მემორანდუმში წერია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის  6 მარტს გაფორმდა.

ახლა მთელი ქვეყანა კორონავირუსის რელსებზეა გადასული და ოპოზიციაც ცდილობს, ხელისუფლება არ გააკრიტიკოს. თუმცა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მათი დუმილი მაინც საეჭვოა. ისინი  არც გიგი უგულავაზე იღებენ ხმას, არც გიორგი რურუაზე და არც - ოქრუაშვილზე, რომლის საქმის განხილვაც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. 25 აპრილს იწურება 9-თვიანი ვადა და თუ ამ დრომდე მას არ მიუსჯიან, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის განთავისუფლება მოუწევთ.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის გამო არც კორონობამდე იკლავდა თავს. გასული წლის ბოლოს მისმა თანაპარტიელმა მიშა კაჭკაჭიშვილმა „ქრონიკა +“-სთან განაცხადა, რომ მთელი რიგი ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ თავდაცვის ყოფილი ლიდერი საპატიმროში დარჩეს.

არავისთვის უცხო არაა, რომ ეს უკანასკნელი ოპოზიციას არ უყვარს. ამისთვის ბევრი მიზეზი აქვთ: პირველ რიგში ის, რომ მან ბევრზე ბევრი რამე იცის და მისი რეიტინგულობაც არავის მოსწონს. მართალია, ოქრუაშვილი თავაზიანობის ფორმულა არაა, მაგრამ ბევრი ადამიანის აყოლიება შეუძლია. ეს ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აწყობს.

„გამარჯვებულ საქართველოში“ უჭირთ იმის თქმა, რა განაჩენს გამოაცხადებს ხვალ მოსამართლე. 20 ივნისის საქმეზე შეიძლება, ოქრუაშვილი გამართლდეს კიდევაც, მაგრამ ბუტა რობაქიძის საქმეზე მიუსჯიან. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ის დროებით მაინც გამოკეტოს ციხეში.

რობაქიძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ უკვე მისცეს ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ. მიშა ქარელის მიცემული ჩვენება იმდენად კომიკური გამოდგა, რომ მას ჩვენი პროკურატურაც კი არ დაეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილი ერთადერთია, ვინც 20 ივნისის საქმეზე საპატიმროში რჩება. ამასთან, ის იმ ოთხეულში შედის, ვისაც 20 ივნისის საქმეში ბრალი არ უღიარებია. ბრალი მის გარდა აღიარებული არ აქვს ბაჩო თამლიანს, ვატო გელაშვილსა და ლევან ლორთქიფანიძეს.

სასამართლო პროცესი დილის 11 საათზე დაიწყება. ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. ოპოზიციის ქმედებაც საინტერესო იქნება. სასამართლოს წინა დღეებში დიდად არავის გამოუდევს თავი. ახლა საგანგებო მდგომარეობის გამო აქციას ვერ გამართავენ, მაგრამ ამისთვის 25 ივლისიდან მოყოლებული დიდი დრო ჰქონდათ. მათ, ფაქტობრივად,  თანამებრძოლის დაკავება გაატარეს. არადა, შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ ოპოზიციონერის ნაცვლად იხდის სასჯელს, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე იდგა. ამ მხრივ გამონაკლისი შალვა ნათელაშვილია.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება