QronikaPlus
დათო გამცემლიძე: „პანდემიამ მსოფლიო „სამხეცედ“ გადააქცია - პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება და არა - ეკლესიას“

დათო გამცემლიძე: „პანდემიამ მსოფლიო „სამხეცედ“ გადააქცია - პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება და არა - ეკლესიას“

2020-04-10 10:44:41

კოკა წერეთელი

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ჟურნალისტსა და ისტორიკოს დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

- მსოფლიო გაჩერებულია. გახსოვს ხომ: „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“. კი გაჩერდა, მაგრამ სად ჩავიდეთ? მოკლედ, რიტორიკული კითხვით დავიწყოთ, - რა ხდება, მსოფლიო შეიშალა თუ საფრთხეს აფასებს ადეკვატურად?

_ გმადლობ. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ არავითარი გადაჭარბება არ არის შეფასებაში: „ის, რასაც მსოფლიო შეეჩეხა, ყველაზე დიდი გამოწვევაა კაცობრიობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.

მსოფლიო ლიდერთაგან ეს პირველმა  ანგელა მერკელმა თქვა და გერმანელი ლიდერის „გახმოვანებით“, თეზისი კიდევ უფრო ავისმომასწავებლად ჟღერს. მიზეზის ახსნა, ალბათ, არც არის საჭირო.

აქვე გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომიც კი არ შეხებია ასე ტოტალურად მთელ მსოფლიოს. მაგალითად, აზიის, აფრიკის ან სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრი ქვეყანა იმ ომში საერთოდ არ მონაწილეობდა, ამდენად მსხვერპლიც არ გაუღია.

დღეს კი საფრთხე ემუქრება აბსოლუტურად ყველას. ვირუსოლოგთა მტკიცებით, თუ კაცობრიობამ უახლოეს მომვალში ვაქცინა ან ქმედითი წამალი ვერ შექმნა, ანუ „მასობრივი იმუნიტეტის“ იმედადღა დარჩა (ძალიან ცუდად ჟღერს „ჯოგური იმუნიტეტი“, თუმცა მეცნიერული ტერმინია), მაშინ ამ მზაკვარი და სწრაფად გავრცელებადი ვირუსის შედეგად შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. განა, ისტორიული მაგალითი მუდამ  თვალწინ არ გვაქვს?

- „ესპანურ გრიპს“ გულისმობ?

- დიახ, 1918-1920 წლების „ესპანურას“ პანდემიის დროს, მარტივად თუ ვიტყვით, ეს იყო „ჩიტის გრიპი-1“, ევროპაში, დაახლოებით, 50-70 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე ან დაბომბვების დროს დაღუპულთა რიცხვი.

სხვათა შორის, იმ  „გვირგვინა-ვირუსის“ გავრცელების პირველწყარო, ანუ „ნულოვანი ავადმყოფი“ იყო ამერიკელი ფერმერი, რომელსაც ფრინველების ფერმა ჰქონდა, ანუ აქტიურად კონტაქტობდა მათთან, პირველ რიგში, ბატებთან და იხვებთან. მათგან გადაედო, დაავადდა, იმავე დროს, ჯარში გაიწვიეს, გემით გადაკვეთა ატლანტის ოკეანე, ჩავიდა ევროპაში, დასახლდა ყაზარმაში და... სწორედ ასე დაიწყო საზარელი პანდემია, რომელიც ჯერ სამხედრო დანაყოფებში, შემდეგ კი მოსახლეობაშიც გავრცელდა უკვე მშვიდობიანობის დროს.

- ის პანდემია დიდხანს გაგრელდა...

- დიახ, საინტერესო და ნიშანდობლივია მეცნიერთა დასაბუთებული მტკიცება, რომ ის პანდემია,  დაახლოებით, ორ წელიწადს გაგრძელდა. იმედი ვიქონიოთ, დღევანდელი მსოფლიო ბევრად უფრო სწრაფად შეძლებს, ამ გამოწვევას უპასუხოს!

მაგრამ შენს კითხვაში არანაკლებ საინტერესო სხვა აქცენტი იყო: მართლაცდა „რა ხდება?“ ჰქონდა კი კაცობრიობას გლობალური კატასტროფის ამგვარი აღქმა წარსულში? ბოლოს და ბოლოს, არც პირველი, არც მეორე მსოფლიო ომი რამე „ახალი ხილი“ არ ყოფილა, რადგან ადამიანთა მოდგმის ისტორია, სამწუხაროდ, ომების ისტორიაა. ხოლო „ისპანკის“ პანდემიისას მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო ისე „კომუნიცირებული“, ისე გლობალიზებული სატელეკომუნიკაციო თუ სხვა თვალსაზრისით, რათა ის პანდემია ადეკვატურად აღექვა, როგორც პლანეტარული მასშტაბის  ეგზისტენციური საფრთხე! აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვითარება მართლაც ფილოსოფიურ სიმაღლეს აღწევს და ისეთ კითხვებს წარმოშობს, რომელიც ადრე წარმოუდგენელიც იყო. ძმები სტრუგაცკების ერთ-ერთ ფანტასტიკურ რომანში  პერსონაჟი ამბობს: „ვეძებთ და ვპოულობთ პასუხს კითხვებზე, რომელთა დასმაც არ ვიცითო“. ანუ ადამიანი გრძნობს, - ის, რასაც შეეჩეხა, „პასუხია“, ოღონდ პასუხია იმ „კითხვებზე“, რომელთა ფორმულირებაც არ ძალუძს!

შეიძლება თუ არა ასე მოხდეს? აღმოჩნდა, რომ თურმე  შესაძლებელია.

ე. ი.საკაცობრიო საზრისის მთელი პარადიგმა იცვლება: ადამიანი ეძებს არა პასუხს კითხვებზე, არამედ ცდილობს კითხვის ფორმულირებას უკვე აღმოჩენილი „პასუხის“ შესაბამისად.

- ერთი ნათელი პასუხი რაც გვაქვს ის არის, რომ საფრთხე, გნებავს, მტერი - უხილავია...

- ახლა მეორე კუთხით შევხედოთ პრობლემას და სხვაგვარდ ვთქვათ: ადამიანური საზრისის ევოლუცია ეგუება ეგზისტენციურ საფრთხეს, როდესაც საფრთხე ხილულია.

ანუ მისთვის  მიუღებელია(!), თუმცა „გასაგებია“, როდესაც რომელიმე კაცთმოძულე რეჟიმი - ვთქვათ, ნაცისტური რეჟიმი გერმანიაში ან კომუნისტური რეჟიმი საბჭოთა კავშირში - მილიონობით ადამიანს ჟლეტს მათი ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალური კუთვნილების გამო ან/და მილიონობით ადამიანი იღუპება ომის შედეგად, მაგრამ... ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური ცობიერება ვერაფრით ეგუება იმას, რასაც ვერ ხსნის, როდესაც ეს „აუხსნელი“ ასეთივე ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის, თუმცა ვერ „საგნდება“.

და რამდენჯერაც არ უნდა ვაჩვენოთ ტელევიზიით ელექტრო-მიკროსკოპით ათასგზის  გადიდებული „გვირგვინა-ვირუსი“ ან ის, თუ როგორ ანადგურებს იგი უჯრედებს, ეს აღქმა მაინც ვერ შეიცვლება, რადგან ადამიანური მენტალობა ინსტინქტურად ეწინააღმდეგება მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა ასეთ ტრანსფორმაციას: თითქმის „უხილავი“ არსება, რომელიც მილიონობით ადამიანს უქმნის ეგზისტეციურ საფრთხეს.

- გეთანხმები, ადამიანების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს საფრთხეს სწორედ ამ მიზეზით...

- და ყველაზე მთავარი პარადოქსი: XIV საუკუნის ევროპაში ბაქტერიულმა ინფექცია „შავმა ჭირმა“ კინაღამ მთლიანად ამოწყვიტა კონტინენტის მოსახლეობა. მაშინ არც მიკროსკოპები არსებობდა, არც - განვითარებული მედიცინა, ხოლო ადამიანები ყველაფერს ღვთის რისხვით ხსნიდნენ - „შევცოდეთ და უფალი გვსჯისო“. ამგვარი  ახსნა მტკივნეული იყო, თუმცა „კოგნიტიურ დისონანსს“ მაინც არ ქმნიდა. აი, დღეს კი, როდესაც მეცნიერება ასე განვითარდა, ხოლო ადამიანმა  სამყაროს ცენტრად წარმოიდგინა თავი, როდესაც იგი ხედავს მიკროსკოპით „მტერს“, ხოლო შუა საუკუნეების ადამიანი ბაქტერიას ვერ ხედავდა, თანამედროვესთვის  განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ასეთი „დისონანსი“!

- რატომ?

- შავი ჭირის დროს ადამიანს არ სჭირდებოდა მიმართების დადგენა უფლის ნებასა და კონკრეტულ მკვლელ-არსებას - ბაქტერიას შორის. დღეს კი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ეს ვირუსი უფლის შექმნილად მიაჩნია, თვით ვირუსისადმი უმწეობა მაინც უნადგურებს მსოფლაღქმას და პირველად, აღორძინების ეპოქის შემდეგ, ეჭვს უჩენს საკუთარ ძალმოსილებაში.

ამავე კონტექსტში, დავაკვირდეთ ჰოლივუდის „ფილმ-კატასტროფებს“, როდესაც დედამიწა ლამის დაიღუპოს, თუმცა ბოლო მომენტში გამოჩნდება გმირი (ან გმირები), ვინც კაცობრიობას იხსნის უცხოპლანტელთაგან, ასტეროიდთან შეჯახებისგან, მსოფლიო ცუნამისგან და ა. შ.

მთავარი აქ ის კი არ არის, რომ ყველა ეს საფრთხე ვირტუალურად  „გასაგნებულია“, არამედ ამ აღქმის სრულიად მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული „გადმოტანა“ რეალურ სამყაროში. ამიტომაც ამბობენ, დავაკვირდეთ: „კინო მგონია ეს ყველაფერიო“.  ან „სიზმარში მგონია თავი“, რაც შინაარსობრვად იგივეა: გამოხვალ კინოთეატრიდან ან გამორთავ ტელევიზორს ან გაიღვიძებ და ყველაფერი მთავრდება, გეღიმება კიდეც: „როგორ შეიძლება, ფილმი ასე განმეცადა, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ კინოა?“ იწყებ ცხოვრებას ჩვეულებრივ. იტალიური ქალაქის მერიც ამიტომ კიოდა ლამის ტელემიმართვისას: „იტალიელებო, გაიგეთ, ის, რაც ახლა ხდება, კინო არ არის!“

აი, ზუსტად ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი გამოწვევა კაცობრიობისთვის მეორე მსოფლიო ომიც კი არ ყოფილა და ამ საკითხზე, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ეპიდემიოლოგები ან ვირუსოლოგები, არამედ ფილოსოფოსებიც უნდა დაფიქრდნენ.

- იცი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით იმეორებენ, - ეს არის ომი უხილავ მტერთან, ადამიანის ფსიქიკისთვის ცოტა ძნელი აღსაქმელია ომი სროლების, აფეთქებების გარეშე...  ან რატომ აღმოჩნდა მსოფლიო ასე მოუმზადებელი ამ უხილავ მტერთან საბრძოლველად?

- მსოფლაღქმის თაობაზე ჩემი აზრი მოგახსენე. ახლა რაც შეეხება მოუმზადებლობას: არა მგონია, ამ მოუმზადებლობის მიზეზი პარადიგმის ხსენებული ცვლილება ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები დიდი ხანია, წინასწარმეტყველებდნენ იმგვარი პანდემიის საფრთხეს, რაც გლობალიზებულ მსოფლიოში ბევრად სწრაფად და  უფრო საშიშად გავრცელდებოდა, ვიდრე წინა ვირუსები ან ბაქტერიული ინფექციები. მაგრამ აქ უკვე წმინდად ტექნოლოგიური პრობლემა წარმოიშობა: მე რამდენადაც ვიცი, თანამედროვე მეცნიერებამაც კი ვერ „ამოხსნა“ ბევრი საიდუმლო, რაც ვირუსს უკავშირდება. ანუ ვერ უპასუხა მტკიცედ არსებით კითხვებს: „რა“ და „როდის“. მეცნიერებმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ის იციან, რომ ვირუსი, როგორც ასეთი, დედამიწის არა უბრალოდ ბიოლოგიური, არამედ გეოლოგიური ევოლუციის პროდუქტია და მილიარდობით წლის წინათ გაჩნდა, როგორც არაცოცხალი მატერიიდან - ცოცხალ მატერიაზე გარდამავალი საფეხური, ერთგვარი „აქტიურ ნივთიერება“.  

ერთ სერიოზულ გამოცემაში შემხვდა ჰიპოთეზა, რომ ვირუსი დედამიწაზე ასტეროიდმა ან კომეტამ „შემოიტანა“ მილიარდობით წლის წინათ და თითქოს სწორედ იგი იქცა სიცოცხლის წარმოშობის პირველწყაროდ.

როგორც სპეციალისტები წერენ, „მოუმზადებელნიც“ სწორედ იმიტომ აღმოვჩნდით სამედიცინო თვალსაზრისით, რომ არ არსებობს არანაირი „წამალი“ არც ერთი სახეობის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ჩვეულებრივი „გრიპის ვირუსიც“ კი მარცხდება არა წამლის წყალობით, არამედ ჩვენივე ორგანიზმის იმუნური სისტემით. როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი, რაც მედიცინას შეუძლია ამ და ნებისმიერი სხვა ვირუსის საწინააღმდეგოდ, არის ადამიანის იმუნური  სისტემის გაძლიერება და მის იმედად ყოფნა. ან უშუალოდ ამ ვირუსის დასუსტებული შტამის თუ ბაქტერიის - ვთქვათ BCG ვაქცინის გამოყენება.

ოღონდ  მე რაც წავიკითხე ამ დღეებში, მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან იმაზე, თუ როგორ „მუშაობს“ ეს ყველაფერი.

ვირუსული ინფექციის ინვაზიური „განკურნება“, რამდენადაც მე მივხვდი, არ ხდება: მხოლოდ ადამიანის იმუნური სისტემა ამარცხებს მას, - ეს არის ვირუსის „მოხდა“ და „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყვნენ მზად მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები ამ გამოწვევისთვის და რატომ არ ეყოთ ელემენტარული აღჭურვილობა ან მოწყობილობა, ასევე რატომ აღმოჩნდა იტალიის, ესპანეთის ან ბრიტანეთის ჰოსპიტალური სექტორი ასე მოუმზადებელი, ასეთი უმწეო პასუხი ძალიან „არაკომფორტულია“: როგორც ჩანს, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობები არ ითვალისწინებდნენ - „პანიკურად“ მიიჩნევდნენ ეპიდემიოლოგთა გაფრთხილებებს -  არ სურდათ დიდძალი თანხების მიმართვა იმ საფრთხის მოსაგერიებლად, რომლის ალბათობა თითქოს იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება.

ამ თვალსაზრისითაც დავაკვირდეთ, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო, ჩინეთი, ბევრად უკეთ აღმოჩნდა მზად, რადგან ამ სახელმწიფოს მიერ ვირუსის ესოდენ სწრაფად დამარცხება, ჩემი აზრით, მხოლოდ მობილიზაციით და დრაკონული საკარანტინო ზომებით ვერ აიხსნება: მნიშვნელოვანი რესურსები მათ უკვე ჰქონდათ მობილიზებული, რაკი ჩინურ კომპარტიას არ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც მმართველ პარტიას „დაამუნათებდა“: „რა სისულელეებზე ხარჯავთ ფულს, როდესაც ბევრად აქტუალური სოციალური პრობლემები არსებობსო“.

ახლა ნამდვილად „იკადრა“ დასავლეთმა მილიარდობით დოლარის გამოყოფა არა მხოლოდ ეკონომიკის გადასარჩენად, არამედ სამეცნიერო კვლევებისა და აღჭურვილობა-ეკიპირებისთვის, მაგრამ ვაითუ, გვიან იყოს!

- გვერდს ვერ ავუვლით შეთქმულების თეორიებს, სადაც სამი მთავარი მოთამაშე გამოიკვეთა: ჩინეთი, აშშ და რუსეთი.  განვიხილოთ ეს თეორიები და როგორღაც შევძლოთ სიმართლესთან მიახლოება. მით უფრო, ნებისმიერ ქმედებას უნდა ჰქონდეს მიზანიც.

- ძალიან საინტერესო თემაა. პირველ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდები და კვლავ ვიტყვი, რომ ხსენებულმა „კოგნიტიურმა დისონანსმა“ და პარადიგმულმა ცვლილებამ გააასკეცა „კონსპიროლოგია“, რაც გასაკვირი არ არის. ანუ ბევრი ამაში ეძებს ახსნას, მაშასადამე - ხსნასაც.

ზოგადად, „კონსპირაცია“, როგორც სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი,  მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხშირად იძენს პოლიტიკურ „ღირებულებას“. სოციო-ფსიქოლოგთა აზრით, კონსპირაციისადმი მიდრეკილება არა  ინტელექტუალური, არამედ მენტალური ფენომენია. ე. ი. სულაც არ არის დამოკიდებული ადამიანის ინტელექტზე: შეიძლება შეგხვდეს სრულიად ჯანმრთელი, განათლებული, მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გულდაჯერებით დაგიწყებს მტკიცებას, თითქოს პრეზიდენტი კენედი „ამერიკის სპეცსამსახურმა“ მოკლა. ვერანაირი არგუმენტით და ფაქტებით ვერ გადაარწმუნებ, რაკი  მენტალობა არის არა ის, რას ვფიქრობთ, არამედ ის, თუ „როგორ ვფიქრობთ“ - კოორდინატთა რომელ სისტემაში ვფიქრობთ. და თუ ფაქტები ეწინააღმდგება, ისევე როგორც ეწინააღმდეგება ელემენატარული საღი აზრი, მაშინ მით უარესი საღი აზრისა და ფაქტებისთვის.

- ამაში აბსოლუტურად გეთანხმები - მით უარესი ფაქტებისთვის...

- საბოლოოდ, მაინც ღირებულებებზე დაიყვანება: თუ ამგვარი მენტალობის მატარებელს ამერიკა „სატანის ბუდედ“ მიაჩნია, იგი იოლად დაიჯერებს, თითქოს სწორედ ამერიკის დაზვერვამ მოაწყო ეს ყოველივე ჩინურ ქალაქ ვუჰანში, ხოლო თუ პროამერიკელია და ანტიკომუნისტი, რასაკვირველია, იოლად დაიჯერებს ჩინეთის ბოროტ ნებას, იმის მიუხედავადაც კი, რა ურჩხულებიც არ უნდა იყონ ჩინეთის კომუნისტი ლიდერები, თუმცა არც „პოლ პოტები“ არიან მაინც და აღარც „კიმები“, უბრალოდ, წარმოუდგენელია, საკუთარი ქვეყნისთვის ასეთი  „ტერაქტი“ მოეწყოთ: დასავლეთში უკვე სერიოზულად განიხილავენ წარმოების ჩინეთიდან გატანას, რაც ამ ქვეყნისთვის კატასტროფად იქცევა, რაკი „ჩინური სასწაული“ სწორედ დასავლურმა ინვესტიციებმა და დასავლურმა წარმოებებმა განაპირობა.

ჩემი აზრით, აქ უნდა განვასხვავოთ მიზეზი - შედეგისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ერთია, როგორ წარმოიშვა პრობლემა ან „ვისი ხელი ურევია“ და მეორეა, უკვე დამდგარ რეალობაში როგორ მოქმედებენ და პოლიტიკის, მათ შორის, გეოპოლიტიკის უმოწყალო, ცინიკური კანონებიდან გამომდინარე, რამდენად „იყენებენ“ ამ რეალობას დიდი მოთამაშეები.

აბსოლუტურად გეთანხმები, რომ შექმნილმა ვითარებამ დაადასტურა ბევრისთვის უსიამოვნო რეალობა: ამჟამად მსოფლიოში სამი ძირითადი აქტორია: ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ამ აზრს უამრავი ოპონენტი ჰყავდა, თუმცა როგორც კი ეგზისტენციური პრობლემა წარმოიშვა, თეზისი მთლიანად დადასტურდა! - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ახლა ამ სამი აქტორის ურთიერთდამოკიდებულება იმას ჰგავს, სამი მოჭადრაკე სამ საჭადრაკო დაფაზე ერთმანეთს რომ ეთამაშებოდეს ისე, ყოველი მათგანი ერთდროულად ორ მეტოქეს ეპაექრებოდეს, თანაც სხვა  დაფაზე არსებული „დისპოზიციის“ გათვალისწინებით.

- მეტად განმარტე ეს პასაჟი...

- მაგალითად, ჩინეთმა სწორედ რუსეთს მიაწოდა პირველს ახალი „გვირგვინას“ გენომი შესასწავლად, ამერიკას კი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა,  ამაში არც რუსეთი ჩამორჩა. იმავდროულად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რთული „პარტია“ მიმდინარეობს ნავთობის საკითხზე და, კვლავ, აქაც „მესამე აქტორი“, ანუ ჩინეთი ცდილობს, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიულად მას აწყობს ნავთობზე ფასის დაცემა, რუსეთს კი - პირიქით. დღეს ამერიკული ნავთობკომპანიები მზად არიან, თავად გადაუხადონ ფული მსურველს, თუ „წაიღებს“ ნავთობს და  ნავთობსაცავებს გამოუთავისუფლებს. ჩინეთი ამით სარგებლობს და საკუთარ ნავთობსადენებს ავსებს თითქმის უფასოდ მიღებული სტრატეგიული რეზერვებით, ხოლო რუსეთი ტაქტიკურად იგებს, რაკი ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც „ფიქალის ნავთობს“ მოიპოვებდნენ, ენერგომატარებლებზე ფასის დაცემის გამო გაკოტრების პირას არიან.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ „კონსპირაციული“ თეორია, ფაქტებსაც თუ თავს დავანებებთ, ლოგიკურ წინააღმდეგობას აწყდება: განა, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის „მოგებული“ ამ სამეულში შექმნილი ვითარების შედეგად? ერთმა თუ ამ მიმართულებით მოიგო, სხვა მიმართულებით წააგო და ა. შ. ეს არ არის „ნულოვანი ჯამის“ თამაში.

აქვე: ჩემთვის, როგორც ევროკავშირის დიდი გულშემატკივრისთვის, საწყენი ისაა, რომ „სამთა თამაშში“ ევროპა ვერანაირად ჩაერთო და ვერ იქცა „მეოთხე აქტორად“ - გასაგები მიზეზების გამო. 

- ამ ეტაპზე რა არგუმენტებიც არ უნდა მოვისმინოთ, ერთი რამ ცხადია: თუნდაც ჰყავდეს ამ ყველაფერს დამგეგმავები, ისინი საკმაოდ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ შედეგებისთვის. „გვირგვინი“ მზად არის, ყველას „დაედგას“ და არავის არჩევს - არც მდიდარს და არც ღარიბს, არც პრეზიდენტს, მონარქს და არც ჩვეულებრივ ადამიანს. და აქვე, მდიდარზე გამახსენდა - რუსი ბლოგერები ხშირად ახსენებენ G5-ს და ბილ გეითსს. ამაზე რას იტყვი?

- ისევ და ისევ, ჩემი აზრით, „თვალ“ და „თავ“ შესაქცევი კონსპირაციული თეორიაა. აქ კვლავ უნდა ვცადოთ შედეგის გარჩევა მიზეზისაგან. ანუ არ დავუშვათ მათი „ადგილჩანაცვლება“: ის, რომ ჩინეთმა ნამდვილად მიაღწია ბრწყინვალე შედეგებს G5 ტექნოლოგიის გამომუშავება-განვითარებაში - დიდწილად იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დასავლეთისგან... „ისესხა“, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ წარმოუდგენელია ეს ძალიან უხაროდეს ბილ გეითსს ან გახარებოდა სტივ ჯობსს ან ამით ბედნიერი იყოს ილონ მასკი თუ სხვა გენიალური ტექნოლოგიური ინოვატორები, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს,  თითქოს სარწმუნოა ალბათობა, რომ მათ შეუკვეთეს ამერიკულ სპეცსამსახურებს ამგვარი ტერაქტის მოწყობა.

- სკეპტიკოსები გკითხავენ: ვითომ რატომ?

- რადგან ამერიკა სწორედაც ასჯერ მეტად დაზარალდა ამ უბედურებით, ვიდრე - თავად ჩინეთი.

G5 ტექნოლოგია და პეკინის მცდელობა, ეს ტექნოლოგიური მიგნება გლობალური დომინანტობის ერთ-ერთ ფაქტორად აქციოს, ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხო თემაა. მან უკვე გამოიწვია სერიოზული განხეთქილება დასავლეთში, რადგან დიდმა ბრიტანეთმა, განსხვავებით ევროკავშირისა და ამერიკისგან, თვალი დახუჭა იმ სრულიად აშკარა საფრთხეზე, რასაც ჩინური ზეტექნოლოგიის დასავლურ სისტემებში, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემაში დანერგვა შეიცავს.

რაც შეეხება, ზოგადად, მოუმზადებლობასა და მოულოდნელობას, რას ვიზამთ, შავი გედი - შავი გედია.

ხოლო ინსპირატორებს რომ შედეგი არ ჰქონოდათ გათვლილი, ჩემი აზრით, გამორიცხულია. თუ ეს ყოველივე, დავუშვათ, ხელოვნურია, მაშინ ამ ოპერაციის მომზადებაში ისეთი „ინტელექტუალური რესურს-ცენტრები“ იქნებოდნენ ჩართულნი, შედეგებსაც გათვლიდნენ საკუთარი ქვეყნებისთვის.

- პოლიტიკას შევეხოთ. როცა ამბობენ, სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყოო, აქ საინტერესოა შენი ხედვა: რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკურ კონტექსტში, თუნდაც მსოფლიო წესრიგის ჭრილში?

- ყველაზე ცუდი, რაც ამ „გვირგვინა-ვირუსმა“ და მისმა პანდემიამ მოიტანა, არის უძლიერესი დარტყმა გლობალურ წესრიგზე. სწორედ იმ წესრიგზე, რასაც მსოფლიოში დასავლეთი ამკვიდრებდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ.

ამ გლობალური წესრიგის სიტემური საფუძველი იყო საერთო პასუხისმგებლობა და/ანუ პლანეტარული სოლიდარობა.

დასავლეთი რაკი ამკვიდრებდა უპირველესად საკუთარ სივრცეში, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო მაგალითის მიმცემი ამ თვალსაზრისით ყველასთვის, ვინც კი  წესრიგის დანგრევასა და მსოფლიოს კვლავ XIX საუკუნის ნაციონალისტურ-იმპერიულ-აგრესიულ ეგოიზმში ჩაფვლას ცდილობდა.

და რა ვიხილეთ რეალურად? ევროპის სახელმწიფოებმა ერთმანეთს კრიტიკულ მომენტში დახმარება არ აღმოუჩინეს - დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს რესპირატორებსა და ნიღბებს სტაცებდნენ...

თუ რეტროსპექტულად შევხედავთ, ასეთი რამ დასავლეთს არათუ მეორე მსოფლიო ომის, არამედ პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც არ „დამართნია“. ვგულისხმობ ღირებულებით საკითხს: მეორე მსოფლიო ომში ლიბერალურმა ევროატლანტიკურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვა - დაამარცხა ნაციზმი და ფაშიზმი სწორედ თავისი ერთიანობით, სოლიდარობით და საერთო ღირებულებათა გარშემო კონსოლიდირებით. შემდეგ, იმავე სოლიდარობითა და კონსოლიდაციით, გაიმარჯვა ცივ ომში კომუნისტური იმპერიალიზმის წინააღმდეგ და მიკროსკოპულმა „გვირგვინამ“ შეარყია...

„შავი გედი“... ისევ და ისევ „შავი გედი“, რასაც ჯიუტად და ბრმად არ ითვალისწინებდა ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა, როდესაც დასავლური სამყაროს ძლევამოსილებით აღფრთოვანებული „ისტორიის დასასრულზე“ წერდა.

არადა, ქართულად თუ ვიტყვით, „სად ხარ, თურმე!“.

- და რა იქნება შედეგი?

- „იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა“ და მაინც იმედი ვიქონიოთ, ასეთი  „ფეხის დაცდენა“ ევროატლანტიკურ ცივილიზაციას საბოლოოდ ვერ დასცემს, ხოლო ეს უბედურება იქნება სტიმული არა საბოლოო დაშლის, არამედ მეტი კონსოლიდაციისთვის. მაგალითად: ის, რაც ევროპაში მოხდა ამ „კორონასთან“ დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ და ყველა ნაციონალურ ნაჭუჭში ჩაიკეტა, ევროკავშირის ბრალი კი არ არის, როგორც ზოგიერთი დემაგოგი ამტკიცებს, არამედ პირიქით, იმის შედეგია, რომ ევროპის დიდმა ლიდერებმა, - ვალერი ჟისკარ დესტენმა, ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა -  ბოლომდე ვერ მიიყვანეს (არ მიაყვანინეს) ერთიანი ფედერაციული ევროპის პროექტი, რომელიც მაასტრიხტში დაფუძნდა.  „ევროპული ფედერაციის“ კონსტიტუცია ნაციონალისტებმა „ჩააგდეს“. მათ შორის, იტალიელმა ნაციონალისტებმა, ვინც ახლა ყველაზე მეტს ყვირის, „ევროკავშირი არ დაგვეხმარაო“.

ევროპა რომ ფედერაციული ზესახელმწიფო ყოფილიყო, „ცენტრი“ (ბრიუსელი) მოიპოვებდა ბერკეტებს რესურსების სამართლიანი და მიზანშეწონილი გადანაწილებისთვის.

სამწუხაროდ, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ფანატიკოსი (მე ვიტყოდი, პათოლოგიური) „ევროსკეპტიკოსები“ ამ უბედურებას ევროკავშირის  კიდევ უფრო დასასუსტებლად არ გამოიყენებენ

- ჩემი მოსაზრება მომავლის მსოფლიოსთან დაკავშირებით ასეთია: გლობალიზაცია დაეყრდნობა სხვა ფორმულას, ანუ ნაციონალური სახელმწიფოების მიერ გაღებულ და მისაღებ სიკეთეებს და არა ბირთვული იარაღის ფლობის უპირატესობებს ან თუნდაც ეკონომიკურ სიდიადეს. სამომავლოდ, მე ასე ვუყურებ, ნაციონალურ სახელმწიფოებს უჩნდებათ თვითრეალიზების მეტი შანსი, მაგრამ ეს მოუწევთ საკუთარი იდენტობის განსაზღვრის საფუძველზე. აქ დავკონკრეტდები. მაგალითად, საქართველო ქვეყანაა თუ სახელმწიფო, რა უფრო პრიორიტეტულია - სახელმწიფოს მოქალაქე თუ ქვეყნის ეროვნული უმრავლესობა და სხვა უამრავი პარამეტრი? შენი მოსაზრება ამ საკითხზე, ანუ როგორ მოგვიწევს ცხოვრება ხვალ და როგორი იქნება გამოწვევები და პასუხი მასზე?

- ძალიან კარგად ჩამოაყალიბე. განურჩევლად იმისა, ვინ გეთანხმება ან ვინ - არა, ვის დადებითად მიაჩნია ამგვარი ალგორითმი და ვის - არა, წარსული გლობალური წესრიგის ნაცვლად რაღაც ალტერნატივის შემუშავება ნამდვილად დადგება დღის წესრიგში.

როგორი იქნება ეს ალტერნატივა, უახლოესი წლები გვიჩვენებს. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, დასავლეთი აქ უკვე ვეღარ შეასრულებს  „პირველი ვიოლინოს“ პარტიას, როგორსაც არათუ ათწლეულების, არამედ საუკუნეების  მანძილზე ასრულებდა. საქმე ისაა, რომ  ამ კრიზისმა მეტისმეტად გააძლიერა გლობალური გავლენის სხვა ცენტრები.  ეჭვი არ შეგვეპაროს, მოსკოვი და პეკინი აუცილებლად შეეცდებიან ისარგებლონ დასავლეთის ამ ძალიან სევდიანი მარცხით.

რაც შეეხება ჩვენს პატარა და სუსტ ქვეყანას, სამწუხაროდ, საქართველოს ისეთი სახელმწიფოებრივი პრობლემები აქვს გადაუწყვეტელი, ჩვენთვის მეტისმეტი ფუფუნება იქნებოდა ახლა ნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის „ბალანსზე“ მსჯელობა. ჯერ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს საზღვრები და/ანუ აკმაყოფილებს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ნიშანს: სუვერენიტეტს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებისა და ძალაუფლების განუყოფელი ერთობა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ ტერიტორიაზე.

სანამ ეს უმთავრესი ნიშანი არ გაგვაჩნია, ვრჩებით „ჯერვერშემდგარ“ სახელმწიფოდ, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას პირდაპირ არასდროს გვეტყვიან.

აქედან გამომდინარე, ის დარტყმა, რაც „სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის“ ღირებულებამ განიცადა, უდიდესი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა თუ ჯერ არ არის მთლიანად დაპყრობილი - იოტისოდენად არ ვაჭარბებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, „დასავლური სოლიდარობის“ შედეგია.

როგორც კი ეს სოლიდარობა „ღირებულებად“ აღარ ჩაითვლება, არა მხოლოდ მსოფლიო, შემდეგ დასავლეთი, მათ შორის, ევროპა ჩაეფლობა „განცალკევების ჭაობში“, არამედ მოსკოვსაც ხელ-ფეხი გაეხსნება სამეზობლოში აგრესიისა და „ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს“ აღსადგენად.

კვლავ იმედი ვიქონიოთ, ასე არ მოხდება.

- დიახ, რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა საკითხავი ის არის, ვინ და რამდენი ადამიანი ფიქრობს ამაზე, თორემ ერს რომ ამაზე ფიქრისთვის არ სცალია, ამას ნათლად ვხედავთ. გავაგრძელებ... ვერ ვიტყოდი, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, მაგრამ კრიზისი სახეზეა და თითქმის ყველა სახელმწიფოში რეცესიას უნდა ველოდოთ. ვხედავთ, რა ხდება ენერგომატარებლების ფასებთან მიმართებით. ამ ვითარების ანალიზი ხომ არ იძლევა იმაზე დაფიქრების უფლებას, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ახალ კრიზისში შევალთ და მსოფლიოს რომელიმე ან რამდენიმე წერტილში  ახალი საომარი მოქმედებები იფეთქებს? პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში? ომი ხომ ეკონომიკას აძლიერებს და სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს ჯერაც ის ლიდერები ჰყავს, რომელთაც კუნთების დემონსტრირება უყვართ, ამ ლიდერების უკან კი საკმაოდ ძლიერი ფინანსური თუ სხვა სახის კორპორაციებია.

- გმადლობ, ამ კითხვისთვის. არის ასეთი გამოთქმა: „პოლიტიკა არასდროს მთავრდება“. ერთი შეხედვით, თითქოს, მარტივი თეზისია, პრიმიტიულიც კი. ანუ მისი „დეკონსტრუქცია“, წესით, იმაზე იოლი უნდა იყოს, ვიდრე თეზისებისა - „ისტორია არასდროს მთავრდება“ ან „ისტორია წარსული არ არის“... მაგრამ პირველ თეზისს თუ დავაკვირდებით, უამრავი წახნაგი აქვს.

აი, მაგალითად, ის, რაც მოხდა ნავთობთან დაკავშირებით უშუალოდ პანდემიის დროს.

როგორც ცნობილია, რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, ვლადიმირ პუტინმა, ბევრისთვის,

გაზიარება