- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-10 07:51:28
Stop covid 19 - დარჩი სახლში! - სწორედ ამ თემის გარშემო გააერთიანა სოფო ბედიამ ქართველი მომღერლები და ერთობლივი ჰიმნიც ჩაწერეს, თუმცა ვიდეორგოლის გამოსვლისთანავე სოციალურ ქსელში დიდი აურზაური ატყდა. საზოგადოება ამჯერადაც, ისევე როგორც სხვა დროს, ორად გაიყო. ნაწილს მოეწონა, ნაწილს კი, რბილად რომ ვთქვათ - არა.
კლიპში 20-მდე მომღერალი მონაწილეობს. აზრთა სხვადასხვაობა, ალბათ, იმანაც გამოიწვია, რომ მომღერლების გარკვეული ნაწილი ხალხმა ვერ იცნო. ესეც ერთგვარ ქილიკის საგნად იქცა, თუმცა რამდენად მოელოდა საზოგადოების მსგავს რეაქციას სოფო ბედია და რა იყო მისი მთავარი მესიჯი, ამ და სხვა დეტალებაზე „ქრონიკა+“ ჯერ სიმღერის ავტორს, კომპოზიტორსა და მომღერალ კაკი ბოლქვაძეს გაესაუბრა, შემდეგ კი სოფო ბედიას დაუკავშირდა.
_ კაკი, ვისი იდეა იყო, რომ კოვიდ 19-ზე ჩაგეწერათ ჰიმნი და კლიპი გადაგეღოთ?
_ ეს სიმღერა დავწერე და მივუძღვენი დღევანდელ ვითარებას - „კოვიდ 19“-ს. სოფო ბედიამ გუნდი შეკრა და ეს პროექტი გააკეთა. სიმღერის ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, კლიპი ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა და არანჟირება ცირა ბზიშვილმა გააკეთა.
_ კლიპის ჩვენებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში დიდი აურზაური ატყდა და საზოგადოების რაღაც ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ იგივე შეკითხვა შემიძლია დაგისვათ თქვენც. ახლაც ვზივარ, ვუყურებ კლიპს და ვერ გავარკვიე, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი?! სიმღერას არაფერი დაეწუნება. მართლა არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ ყველაფერმა აგრესია?! ხალხნო, არაფერ შუაშია აქ პოლიტიკა. ეპიდემიაზე დაიწერა ეს სიმღერა, შეიკრა გუნდი და ძალიან რთულ ვითარებაში მოგვიწია ამ ჰიმნის ჩაწერა. დისტანციურად, ყველამ საკუთარ სახლებში, გადავიღეთ ვიდეო, რომელიც შემდგომ რეჟისორმა ბესო კვარაცხელიამ აკინძა და დაამონტაჟა.
_ კოლეგებმა როგორ შეაფასეს თქვენი ნამუშევარი?
_ ჩემთვის არავის დაურეკავს, რადგან პროექტის ხელმძღვანელი მე არ ვყოფილვარ. დაწერონ კომენტარები, არ არის პრობლემა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახი. ის, რომ იმუნიტეტი გვაქვს მაღალი, არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ამ ყველაფერს არ უყურებენ. ვიფიქროთ ჩვენს დედებზე, მამებზე, დებსა და ძმებზე. არ შეიძლება ამდენი აგრესია. სიმღერა დაიწერა, საბავშვო ბაღი ხომ არ აფეთქებულა.
„ქრონიკა+“ ასევე მომღერალ სოფო ბედიას დაუკავშირდა, რომლის იდეითაც განხორციელდა და ჩაიწერა აღნიშნული ჰიმნი:
_ იცით, რაზე მწყდება გული? - აბსოლუტურად გამამხნევებელი მესიჯი იყო ჩვენგან, მომღერლებისგან და უცებ რადიკალურად სხვა დამოკიდებულებას ვხედავთ. ძალიან მეცინება, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკაში ურევენ. სულ ცალ ფეხზე მკიდია ეს პოლიტიკა. მე მედარდება ჩემი ქვეყანა და ის ხალხი, ვინც განსაცდელშია. ვნერვიულობ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მინდა, მშვიდად დამთავრდეს და ჩვენი მხრიდან ასე კეთილად გავამხნევოთ საზოგადოება. რა ნახეს აქ ცუდი? ან რომელ ხარისხზე ლაპარაკობენ, როცა სახლში ვსხედვართ მშვიდად და ჩვენ თვითონ ვიღებთ ტელეფონებით. ყველაზე სენსიტიური რაც არის, ჩვენი უწმინდესის კადრებია და ამ ყველაფერს ლანძღვა რომ მოყვა, ძალიან გული დამწყდა. მე მაპატიოს უფალმა, რომ ასე უხერხულობაში ჩავაგდე პატრიარქის კადრი.
_ სოფო, მოელოდით საზოგადოების ნაწილის ასეთ უარყოფით რეაქციას?
_ ნამდვილად არ ველოდი. მთავარია, რომ უმრავლესობა ძალიან კეთილგანწყობილია ამ სიმღერის მიმართ და პოზიტიური ადამიანები ნამდვილად ხედავენ ამ მესიჯს.
_ რისი მიხედვით შეარჩიეთ მომღერლები? ბევრი იმასაც წერდა, რომ მათი უმეტესობა ხალხმა ვერ იცნო.
_ ძალიან დიდი სია ჩამოვწერე - ყველა მომღერალი თავისი ჟანრის მიხედვით, თუმცა ბევრი თბილისში არ იყო, ბევრს ეშინოდა სტუდიაში მოსვლის ამ ვირუსის გამო, ბევრმა რაღაცების გამო თავი შეიკავა, თუმცა ვინც გაბედა, მოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ყველას ძალიან დიდი მადლობა! უბრალოდ, ეს ხალხი რატომ განიხილავს ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ვერ ვხვდები. ერთი თეთრი არავისთვის გვითხოვია და ყველა უანგაროდ დაგვიდგა გვერდით.
გიორგი საკარული